სამღერეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამღერეთი, სამღრეთი — სოფელი ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჭივჭავის თემში. მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, მდ. ხრამის ხეობაში ზღვის დონიდან 1010 მეტრზე, თეთრიწყაროდან 8 კმ.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში სამღერეთს ორგან ასახელებს. ერთი მინიშნებულია ქვემო ქართლში, მდინარე ტორნეს (ქციის შენაკადი) ხეობაში, მეორე კი – არტაან-ერუშეთში: „ამ ჰევზედ, სამღერეთს ზეით, გვიანას, არს მონასტერი მცირე.

„ხოლო სამღერეთისა და ერუშეთის-წყლის შესართავს ზეით არს არტაანი, ქალაქი მცირე, რომელიცა აღაშენა ჯავახოს, ძემან მცხეთოსისამან…“

სამღერეთი ხშირად გვხვდება ძველ ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ ძეგლებში. ამ ძველი საბუთების (XVI-XVIII სს.) მიხედვით სამღერეთი სააკაძეთა კუთვნილი სოფელი ყოფილა, – იგი სიმონ მეფეს ფრიდონ სააკაძის შვილებისათვის უბოძებია; მოგვიანებით სოფელი როსტომ მეფეს გოდერძი და შერმაზან სააკაძეთა შვილებისათვის გადაუცია, ხოლო 1634 წ. თეიმურაზ მეფეს სააკაძეთა განაყოფი მამულები იოანე სააკაძისათვის უწყალობებია. ძველ საბუთებში შემორჩენილია, აგრეთვე, ცნობა იმის შესახებ, რომ სამღერელებს დავა ჰქონიათ მიწების გამო მეზობელ ნადარბაზეველებთან.“

სახელწოდება

ძველ ქართულ წერილობით წყაროებში. აგრეთვე ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს სამეფოს აღწერაში“ ტოპონიმი სამღრეთი ერთადერთი ფორმით (სამღერეთი) არის მოხსენიებული. ამიტომაც დღეს ოფიციალურად მიღებული სამღრეთი არასწორად მიგვაჩნია და ის ისტორიულად დადასტურებული სწორი სამღერეთ- ფორმით უნდა შეიცვალოს.

როგორ გავიაზროთ სახელწოდება სამღერეთი, რას ნიშნავს იგი? სპეციალისტთა ერთი ნაწილი ამ ტოპონიმის წარმოშობას ზმნურ მღერას, სიმღერას უკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას დღემდე მართლაც შემოუნახავს ლეგენდა სამი მომღერალი ქალის, სამი დის თავგანწირვის შესახებ: ქალებს სოფელში შემოჭრილი მტერი უჩვეულოდ ტკბილი, მომხიბვლელი სიმღერებით გაუოგნებიათ და შეუჩერებიათ; ამასობაში სოფელიც გახიზნულა და ქართველთა მეფეს ლაშქრის შეყრა მოუსწრია.

სინამდვილეში როგორია ტოპონიმ სამღერეთის წარმომავლობა?

პირველ რიგში საჭიროა გავარკვიოთ სახელწოდების ძირი და საწარმოქმნო ელემენტები (გრამატიკული სართები). სამღერეთი, ჩვენი რწმენით, გაფორმებულია სა-ეთ აფიქსით, ძირად კი გამოიყოფა - მღერ- სიტყვა, რომელიც ხალხს შეცდომით სიმღერასთან გაუიგივებია. სამღერეთი (სა-მღერ-ეთ-ი) ისევეა წარმოქმნილი, როგორც სა-სირ-ეთ-ი, სა-ქორ-ეთ-ი, სა-ქაშ-ეთ-ი, სა-ცხენ-ეთ-ი, სა-რკინ-ეთ-ი და სხვ. აქ ჩამოთვლილ სახელებში სა-ეთ აფიქსი მიერთვის მხოლოდ საზოგადო არსებით სახელებს (ქორი, სირი, ცხენი, რკინა, ლია, ბუ, ვანი..) და არა მეტყველების სხვა რომელიმე წევრს (ზმნა, ზმნიზედა, ნაცვალსახელი, ზედსართავი ან რიცხვითი სახელი). ეს ფაქტი თავისთავად გამოგვარიცხვინებს სამღერეთში ზმნური მღერა სიტყვის არსებობას. მაშასადამე, უნდა დავუშვათ, რომ ტოპონიმ სამღერეთ წარმომდგარა საზოგადო არსებითი სახელისაგან მღერ-ი (მუნი, ხორა) ; ბ მღიერი, მეფხანოვანი, ქეცი, სენი, მუწუკებიანი. სა-ეთ აფიქსი მღერ სიტყვას შემდეგნაირად გაგვააზრებინებს: „მღერის სამკურნალო ადგილი“, „ადგილი, სადაც გამოედინებოდა ან გამოედინება მღერის (ქავანას, მუნის) სამკურნალო მინერალური წყარო“. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი სწორედ ამ არეალში (დმანისის ხევში) მიუთითებს ამგვარი სამკურნალო წყლის არსებობას: „არს აქა წყარო, რომელი ჰკურნებს მუწუკთა. აქავ არს წყარო, რომელი დაამსხვრევს ქვასა შირიმისასა და დააყრევინებს სმითა“.

საინტერესოა, რომ საქართველოში მრავლად გვხვდება ადგილთა სახელები, რომლებშიც აღნიშნულია მუნის სამკურნალო თვისებები: სამღერია (წყარო ს. მერევში, ჭიათურის რ.), მუნისწყარო ადგილი ს. ჩოჩეთში, კასპის რ.), მღერისწყალი (პატარა მდინარე ს. ყუმისთავთან, წყალტუბოს საქ. საბჭო), მუნიმიწა, მუნიმიწის ქედი (ადგილებია ს. პავლეურში, დუშეთის რ.), მუნიაჟანა (მინდორი, ტყე ს. მარელისი, ხარაგაულის რ.), მუნისი (||ნუნისი) სოფელი ზემო იმერეთში, მუნიმიწები (მამულები ს.ტირძნისში, გორის რ.), მუნიჰკოდები|მუნიჰკორდები (ადგილია ჯავახეთში), მუნის საყდარ-ი (სამლოცველო მდ. კავთურას ხეობაში, ს.რწინარეხში, ე.წ. ჩადრის საყდრის მახლობლად) და სხვ. მრ. საბოლოოდ, სამღერეთი ნიშნავს: „ადგილი, სადაც მღერის (მუნის, ქავანას) სამკურნალო წყაროები გამოდის“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები