კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917 წლიდან 1930 წლამდე – გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ფართობი 805,2 კვ კმ, მოსახლეობა 43 771 ათასი (2014 წ.) რაიონული ცენტრია ქალაქი კასპი.
სარჩევი |
გეოგრაფიული მდებარეობა
მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით – თრიალეთის ქედი, რომელიც მთავარი ოროგრაფიული ერთეულია (უმაღლესი მწვერვალი – ობოლკლდე 2 083მ ზღვის დონიდან). მისი ჩრდილო კალთა რაიონის ფარგლებშია. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული ზედაცარცული (კარბონატული შუა კალთაზე) და მესამეული ასაკის ქანებით (თიხები, ქვიშაქვები, მერგელები ალაგ-ალაგ ვულკანოგენური წყობით). გაბატონებულია მკვეთრად დანაწევრებული საშუალო სიმაღლის მთა-ხეობათა რელიეფი. მთების კალთებზე კარგადაა გამოხატული საფეხურებად განლაგებული მოვაკებული ზედაპირები, ხოლო დაბლა სერებიან-ბორცვებიანი მთისწინეთია. ვაკის ჩრდილოეთით სუბგანედურად აზიდულია კვერნაქის სერი მწვ. წლევი, (1097 მ. ზ, დ.), რომელსაც კვეთს ლეხურისა და ქსნის ხეობები. ხშირია ხევ–ხრამები. თხემზე შემორჩენილია მოვაკებული ზედაპირები და ტერასები. კვერნაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ტირიფონისა და მუხრანის ვაკეები. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.
კლიმატი
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ვაკე ნაწილში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. ზამთარი ზომიერად ცივი და ხანგრძლივია, ზაფხული – თბილი. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 11,40C (კასპში), იანვრის 0,50C, აგვისტოსი 230C. ზაფხული გვალვიანი იცის. გაბატონებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები. რაიონის დაბლობ ზონაში ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-500 მმ არ აღემატება, მთის ფერდობებზე 1000 მმ აღწევს.
ნიადაგი
რაიონში გავრცელებულია მდელოს ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები: გვხვდება ყომრალი და ალუვიური ნიადაგებიც. უმთავრესი წიაღისეულია მერგელები, თეძმის ტუფი, ბენტონიტური თიხები (ხოვლეს მიდამოებში), სააგურე და საკრამიტე თიხები (მდ. ქსნის ქვემოთში და მეტეხთან), გოგირდწყალბადიანი წყაროები (ხოვლესთან). ხშირი ტყეებია რაიონის სამხრეთ ნაწილში, ტყეს უკავია მთების კალთებიც (ტყე-ბუჩქნარის საერთო ფართი 29,4 ათასი ჰა).
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია – მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეჭარხლეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული.