თრიალეთის ქედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თრიალეთის ქედი

თრიალეთის ქედი – ქედი საქართველოში, მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, თეთრი წყაროს, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ თბილისის ფარგლებში. უმაღლესი მწვერვალია შავიკლდე (ყარაყაია – 2850 მ). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე 180 კმ. სიგანე 20–32 კმ.

აგებულია ძირითადად პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები.

თრიალეთის ქედის მთავარი განშტოებებია: დასავლეთ ნაწილში – გვირგვინა, საბადური, ჭობარეთი; აღმოსავლეთ ნაწილში – საწკეპელა, დიდგორი, თელეთი. თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვ.) სიმაღლე 2300–2800 მ აღწევს.

თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო (2454 მ). რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკ. წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვ. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200–1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი – ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200–1300 მ-იდან 2000–2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. (შ. ცხოვრებაშვილი)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები