აღორძინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რენესანსი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღორძინება, რენესანსი, რისორჯიმენტო – (ფრანგ. renaissance – აღორძინება), აღორძინების ეპოქა, შუა საუკუნეების გადასვლა ახალ დროებაში, მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული მოძრაობა (დაიწყო იტალიაში მე-14 ს. და გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებში მე-15−16 სს.).

რენესანსს ნიადაგი შეუმზადა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მსოფლიო ვაჭრობის ჩასახვამ, მეფის ძალაუფლების გამარჯვებამ, ეროვნული სახელმწიფოს შექმნამ, კაპიტალიზმის ჩასახვამ ფეოდალიზმის წიაღში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმოშობამ, წიგნის ბეჭდვამ, წვრილი ხელოსნობიდან მანუფაქტურაზე გადასვლამ. ეს ხანა გამოირჩეოდა აზრის თავისუფლებით, ინტერესით მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ, ეტრფოდა ანტიკური ხანის ფილოსოფიურ ნააზრევს და ხელოვნების ნიმუშებს

რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში

რენესანსის ეპოქაში შეიქმნა მაღალი ჰუმანიზმისა და სრულყოფილი მხატვრული ფორმების თეატრალური კულტურა. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ანტიკური დრამის ნიმუშებზე და დრამის თეორიაზე (არისტოტელე, ჰორაციუსი), თეატრის არქიტექტურაზე (ვიტრუვიუსი). თეატრი გამორჩეულ სიმაღლეზე ავიდა იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში. იტალიაში აღორძინდა ძველრომაელი ატელანების ხელოვნება კომედია დელ’არტეს სახით. ამ ეპოქის სულისკვეთება და მხატვრული პრინციპები ყველაზე თვალსაჩინოდ აისახა შექსპირის, მარლოს, ლოპე დე ვეგას, კალდერონის და ბევრი სხვა მეტ-ნაკლებად გამორჩეული დრამატურგი შემოქმედებაში. მათი ხედვა ხასითდებოდა ცხოვრებისეული მოვლენების ღრმა წვდომით, უდიდესი ჰუმანიზმით, მხატვრული სახეების არსის განჭვრეტით. დრამატული კონფლიქტები აგებული იყო რეალურად არსებული პრობლემატიკის ირგვლივ, ყურადღება წარმართული იყო ადამიანის სულიერი ცხოვრებისაკენ, ზოგადადამიანური ფასეულობებისაკენ. ამ პერიოდის სამსახიობო ხელოვნება გამოირჩეოდა ეპიკური მასშტაბით, მგზნებარებით შინაგანი ენერგიით, მხატვრულისა და რეალურის დამაჯერებელი შერწყმით. მუსიკა, სიმღერა, ცეკვა – ორგანულად იყო ჩაწნული დრამატულ ქმედებაში. ამ ხანებში შეიქმნა პირველი პროფესიული დასები მაყურებელთა ყველა ფენისათვის. ეს იყო მოხეტიალე მსახიობთა პატარა ჯგუფები, ამხანაგობის ტიპის თეატრალური დაწესებულებები (მაგ. შექსპირის „გლობუსი“), კომერციული თეატრები, რომლის სათავეში იდგა მეპატრონე-ანტრეპრენიორი მათ პარალელურად არსებობდა სამეფო კარის თეატრი.

რენესანსის ეპოქის თეატრისათვის ნიშნეულია პოლარულ საწყისთა შეერთებისაკენ სწრაფვა, უნივერსალური მხატვრული ფორმების ძიება. წარმოიშვა სრულიად ახალი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ. იგი საერთო-ეროვნული ხდება. წარმოიშვა გროტესკი (ფ. რაბლე), ფანტასტიკა, სატირა, დამოუკიდებელი ადამიანის კონცეფცია იქმნება წარმოდგენები კოსმოსზე როგორც ცოცხალ რეალობაზე. ბუნება იძენს მითოლოგიურ შინაარსს.

მე-17 საუკუნეში მხატვრულ სტილად ყალიბდება მანიერიზმი. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ბაროკოს სტილი. თეატრი საბოლოოდ ყალიბდება სოციოკულტურულ მოვლენად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები