მოსე და არონი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მოსე და არონი“ – არნოლდ შონბერგის დაუმთავრებელი ოპერა. თავდაპირველად „მოსე ლა არონი“ ორატორიად იყო ჩაფიქრებული. 1928 წელს შონბერგმა ლიბრეტოს დააწერა: „მოსე და არონი“, ორატორია, მაგრამ მოგვიანებით, 1930 წელს, პარტიტურაზე მუშაობის დაწყებისას კომპოზიტორმა შეცვალა ჟანრი და განსაზღვრა იგი როგორც ოპერა. მიუხედავად ამისა, ორატორიის ჟანრის ცალკეული თვისებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნაწარმოებში, განსაკუთრებით, მის პირველ მოქმედებაში.

ოპერა „მოსე და არონი“ უაღრესად ნოვატორული ნაწარმოებია, რომელიც, ამასთანავე ავლენს მნიშვნელოვან კავშირებს წარსულთან, დიდ გერმანულ საოპერო ტრადიციასთან. იგი, ერთი მხრივ, ვაგნერ-შტრაუსის, ხოლო მეორე მხრივ, მოცარტის საოპერო ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. თუ ვაგნერის მუსიკალურ დრამაში ვოკალი სიმფონიურ განვითარებაში „ჩამონტაჟებული“ კომპონენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, შონბერგი, მოცარტის მსგავსად, არიოზულ მელოდიებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მისი ე. წ. მელოდიები ნაკლებად მოგვაგონებს მელოდიებს ტრადიციული გაგებით და მხოლოდ ღრმად გააზრებული საკომპოზიტორო აუცილებლობითაა განპირობებული.

ოპერის დრამატულ კოლიზიას პროტაგონისტებიმოსე და არონი განსაზღვრავენ, რომლებიც შონბერგს დუალისტურად ჰყავს გააზრებული. მოსე და არონი ერთი პიროვნების ორი სხვადასხვა ასპექტია – წინასწარმეტყველი-რევოლუციონერი და პიროვნება-პრაქტიკოსი. აღსანიშნავია, რომ არონი და ხალხი ერთ ენაზე მეტყველებენ (მღერიან), მოსეს კი შონბერგმა სალაპარაკო (Sprechstimme), მელოდეკლამაციური როლი დააკისრა. მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში გუნდი მოსესავით მეტყველებს, კერძოდ, პირველი მოქმედების ბოლოს, სადაც ისინი აღთქმულ მიწაზე დაბრუნების იდეით არიან გაერთიანებულნი.

ოპერაში „მოსე და არონი“, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი პრობლემატიკაა აქცენტირებული; მისი ის რაკურსები, რომლებიც თავად შონბერგს აღელვებდა – სიტყვის და აზრის, მოაზროვნის და ხელოვანის, გრძნობადი და გონითი სამყაროს, პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა. სწორედ ამ ოპოზიციურმა წყვილებმა განაპირობეს ამ ოპერის და, ასევე, მისი დაუმთავრებელი ორატორიის – „იაკობის კიბე“ (ასევე ბიბლიურ სიუჟეტზე) – მუსიკალური ენის და დრამატურგიის თავისებურება. კერძოდ, მოსეს დეკლამაციურ პარტიას უპირისპირდება არონის კანტილენა; სივრცეში გაფანტული, სტატიკური აკორდული ჟღერადობები, რომლებიც ანთებული ბუჩქის და ღრუბლის სვეტის, ღმერთის სახეს უკავშირდება, დაპირისპირებულია ებრაელი ხალხის ექსპრესიულ გუნდებთან და განსაკუთრებული ფერადოვნებით გამორჩეულ კერპთაყვანისმცემლობის ეგზალტირებულ ეპისოდთან II მოქმედებიდან.

ოპერა „მოსე და არონი“ სერიული ნაწარმოებია, რომლის ურთულესი მუსიკალური ქსოვილი და ურთიერთდაპირისპირებული მხატერული სახეები ერთი სერიიდან და მისი მოდიფიკაციებიდანაა აღმოცენებული.

„მოსე ლა არონის“ მეორე აქტის პარტიტურაზე მუშაობა შონბერგმა 1932 წლის 10 მარტს დაასრულა. ორივე დასრულებულ აქტში კომპოზიტორი ბიბლიას, თორას (მოსეს ხუთთავის) მეორე წიგნის ტექსტს მისდევდა, ხოლო მესამე მოქმედების ლიბრეტოში მან საგრძნობლად გადაუხვია ბიბლიას. ოპერას, დუალისტური კონცეფციის დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად, ტრაგიკული ფინალი ესაჭიროებოდა. შონბერგის ვერსიაში ოპერის ბოლოს არონი სასტიკად ისჯება, მაგრამ ეს დუალისტური პრინციპი არ ემთხვევა ბიბლიის ტექსტს. სავარაუდოა, რომ ოპერის დაუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც იყო.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები