გუნდი (მუსიკა)
გუნდი - მომღერალთა, მგალობელთა, მომღერალ-მლოცველთა კრებული, ჯგუფი; გუნდი ხმათა რაოდენობის მიხედვით შეიძლება იყოს ერთხმიანი, მრავალხმიანი (ვაჟთა, ქალთა, ბავშვთა, ბიჭებისა და გოგონებისა) და შერეული (ქალ-ვაჟთა, იშვიათად ბავშვთა მონაწილეობით);
არსებობს: ხალხური, თვითმოქმედი, მოყვარულთა, ეთნოგრაფიული, პროფესიული, აკადემიური გუნდები. მონაწილეთა მინიმუმია 12, მაქსიმუმი-120 კაცი, ქალ-ვაჟთა გუნდს შეადგენს ოთხი ხმა: სოპრანო, ალტი (ქალთა ხმები), ტენორი, ბანი (ვაჟთა ხმები). შეიძლება გუნდის უფრო გამრავალხმიანებაც ყოველი ხმის დაყოფით ან ხმების დამატებით.
სახალხო დღესასწაულებზე რამდენიმე გუნდს აერთიანებენ და მომღერალთა რიცხვი ხანდახან რამდენიმე ათასსაც აღწევს. ქართული ხალხური სიმღერებისათვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი გუნდები: ვაჟთა 2-3, იშვიათად 4-ხმიანი და ქალთა 2 და იშვიათად 3-ხმიანი. ფუნქციის მიხედვით სხვადასხვა სიმღერებში შემდეგი ხმები მონაწილეობს: მთქმელი-დამწყები, მოძახილი, კრინი, გამყივანი, კრიმანჭული, შემხმობარი („ნადურებში“), მაღალი ბანი. სასულიერო საგალობელს ასრულებს 3-ხმიანი გუნდი მთქმელი, მოძახილი, ბანი. წერილობითი ცნობებით არსებობდა 5 და 6 ხმიანი გალობაც (მთქმელი, მოძახილი ანუ მაღალი ბანი, ბანი, დვრინი, ზილი, კრინი).
საგუნდო ნაწარმოები სრულდება დამოუკიდებლივ (აკაპელა), ფორტეპიანოს (უმთავრესად) ან საკრავთა ანსამბლისა და ორკესტრის თანხლებით. გუნდი შეიძლება იყოს დიდი ფორმის ნაწარმოებების ნაწილი (ოპერა, ოპერეტა, ორატორია, კანტატა, მესა). როგორც გამონაკლისი, გვხვდება სიმფონიაში (პირველად ბეთჰოვენის IX სიმფონიაში), ბალეტში. (მ. ჟორდანია)
გუნდი მრავალმნიშვნელოვანი |