გუდრუხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდრუხის ღვთისმშობლის შობის ეკლესი – (X ს.), მდებარეობს ყოფილი სოფელ გუდრუხის (დუშეთის მუნიციპალიტეტი, ჟინვალის თემი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია) თავზე, ადგილის დედად წოდებულ ტერიტორიაზე. 1981 და 1986 წელს გათხრები ჩაატარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

გუდრუხის სამონასტრო კომპლექსი

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 4,2 მ), სამხრეთიდან (მთელ სიგრძეზე) გვიანდელი (XII-XIII სს.) მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული კლდის ქვების სწორხაზოვანი რიგებით. კონსტრუქციული ელემენტები შირიმის ნათალი ქვისაა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია ეკლესიის და მინაშენის კამაროვანი გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, ჩამოშლილია საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდან აქვს. ღიობი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან შირიმით ნაწყობი ნახევარწრიული თაღი ხურავს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია – საფეხურებად დამუშავებული ძირით. აფსიდის ორივე გვერდში თითო მცირე ნიშია. მათგან სამხრეთისა სწორკუთხოვანია, ხოლო ჩრდოეთისას ორფერდა გადახურვა აქვს. ჩრდილოეთ ნიშის ზემოთ, სარკმლიდან აფსიდის ჩრდილოეთ კუთხემდე, „თევზისფხური“ წყობის ერთი რიგია გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია კედელზე მიშენებული სწორკუთხა ფორმის ტრაპეზის ნაშთი. აფსიდის სამხრეთ კუთხეს შირიმის კაპიტელი აგვირგვინებს, რომლის პროფილს ქმნის თარო, ცერად წაკვეთილი სიბრტყე და ლილვი. საკურთხევლის იატაკის დონე დარბაზის მიმართ რამდენადმე შემაღლებულია. საკურთხევლის წინ ჯვრის საყრდენი პოსტამენტის ნაშთია. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრია, რომელზეც შირიმით ნაწყობი საბჯენი თაღი ყოფილა გადაყვანილი. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმლიდან შემორჩენილია მხოლოდ წირთხლების ქვემოთა ნაწილი და ძირი. ეკლესიის იატაკი კირის ხსნარით ყოფილა მოლესილი.

მინაშენი გეგმით სწორკუთხაა (6,8 მ X 3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. იგი უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომელშიც ერთი ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. შემორჩენილია წირთხლების ნაწილები. სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს მაღალი და საკმაოდ განიერი საფეხური გასდევს. მინაშენი მცოცავი კამარით იყო გადახურული, რომლის ჩრდილოეთის ქუსლი ეყრდნობოდა ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ ორ ფართო თაღს. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის თაღი. იგი მშვილდისებრი ფორმისაა და მთლიანად შირიმითაა ნაწყობი. დასავლეთი თაღის წვერის წყობის მონგრეულ ნაწილში ვერტიკალურად ჩართულია ცალყურა ხელადა. ეკლესიისა და მინაშენის კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებულია. ეკლესია გადახურული იყო ფიქლით. მცირეფართობიან ეზოს გარს ევლებოდა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი (ამჟამად დანგრეულია), რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო კარია გაჭრილი.

ეზოში გამოვლინდა 28 სამარხი, რომელთაგან 5 გალავნის ქვეშაა მოქცეული და არ გათხრილა. სამარხები განლაგებულია ერთ სართულად, მეჩხრად. სამ შემთხვევაში სამარხები ერთმანეთზეა გამართული. ქვის სამარხებში ერთიდან ხუთამდე სხვადასხვა ასაკის ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა. სამარხები მიმართულია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ზოგ სამარხში ჩონჩხები არეულია. გახსნილი 23 სამარხიდან ინვენტარი (მინის სამაჯური, მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, სამაჯურები, საყურე, რგოლი, ჯვარი, რკინის სამაჯური, გიშრის მძივი) მხოლოდ 7-ში აღმოჩნდა.

ეკლესიის აღმოსავლეთით შემაღლებულ ადგილას სწორკუთხა ნაგებობაა. მისგან ჩრდიო-აღმოსავლეთით, ერთიმეორის გაგრძელებაზე, ორი ოთხკუთხა სათავსია. მათი შემორჩენილი კედლები (სიმაღლე 1,1-1,7 მ) ნაგებია სხვადასხვა ზომის კლდის ქვების ორპირა წყობით. ერთი სათავსის შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, ხოლო მეორისა – დასავლეთიდან. პირველ სათავსში (6,6 მ X 4,3 მ) გამოვლინდა სწორკუთხა კერა, თონე და ქვევრი, მეორეში (6,1 მ X 3,5 მ) ქვაფენილიანი იატაკი. აღმოჩნდა მოუჭიქავი და მოჭიქული (ზოგი მრავალფრად) სასუფრე, სამზარეულო და სამეურნეო თიხის ჭურჭლის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ი. წიკლაური
ბ. ჯორბენაძე



ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები