მძივი
მძივი - სამკაულის ტიპი. ერთ ძაფზე აცმული და ყელზე ჩამოსაკიდებელი. ამზადებდნენ ვერცხლის, ოქროს, ჭიქის, ბროლის, თიხის, პასტის, ქვის მასალისაგან. ძვირფასი ლითონისაგან მძივების დამზადებისას ოქრომჭედლები იყენებდნენ თითქმის ყველა ხერხს: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვა. მძივებს ამზადებდნენ ისეთი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან, როგორიცაა: ამეთვისტო, სერდოლიკი, აქატი, ონიქსი, ოპალი, აკეთებდნენ მარჯნის, მარგალიტის და მინის მძივებსაც.
საქართველოში ძალზე პოპულარული იყო გიშრის მძივების დამზადება, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - ოკრიბაში, ამ ხელობას სულ ცოტა ძვ. წ. VII ს-დან მისდევენ. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი უცხო ქვეყნებში გაჰქონდათ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. მძივი ძალზე გავრცელებული სამკაულია. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი მძივები ძვ. წ. XIX-XVIII საუკუნეებით თარიღდება. გიშრისა და სერდოლიკის მძივებს ავი თვალისგან დაცვის თვისება მიეწერებოდათ.
ლიტერატურა
ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.