არმაზციხე (ბიგინეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზციხე, არმასციზე, არმაზის ციხე - არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქართლის ქედის ბოლოში, ტერასებიანი კლდოვანი მთის კეხსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამ ადგილს მოსახლეობა ბაგინეთს უწოდებს.

სარჩევი

ისტორია

არმაზციხის აშენებას ძველი ქართული საისტორიო წყაროები ქართლოსს მიაწერენ. იმავე წყაროების მიხედვით მისი თავდაპირველი სახელი ქართლია. სახელწოდება „არმაზციხე“ (ბერძნ.-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა.შ., ხოლო ქართული საისტორიო წყაროების შიდაციხე, დედაციხე, ციხის-ციხე) უკავშირდება წარმართულ ღვთაება არმაზს, რომელიც გადმოცემის თანახმად მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო – III საუკუნის დასაწყისი) სამეფოს უზენაეს ღვთაებად გამოაცხადა და მთის მწვერვალზე მისი კერპი აღმართა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში არმაზციხე შიდაციხის მოვალეობას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც თბილისი დედაქალაქი გახდა, არმაზციხემ პოლიტუკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. 735-38 წლებში იგი არაბებმა დაარბიეს.

არმაზციხზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო XIX საუკუნის 90-იან წლებში ი. ჭავჭავაძისა და დ. ბაქრაძის თაოსნობით, ე. თაყაიშვილის ხელმძღვანელობითა და ი. ოქრომჭედლიშვილის სახსრებით. გაითხარა ერთ-ერთი ნაგებობის ნანგრევები. გათხრები (ხელმძღვ. დ. ქუთათელაძე) 900-იანი წლების დასაწყისშიც გაგრძელდა.

1937 წელს არმაზციხე ენიმკი-ს ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) დაზვერა; ხოლო 1943-48 წლებში იაე ინსტიტუტის მაე-ის (ხელმძღვ. ს. ჯანაშია) ბაგინეთის რაზმმა (ხელმძღვ. ა. აფაქიძე) გათხარა. 1975 წელს გათხრები კვლავ განახლდა. გათხრილი ნაგებობების ნაწილი დაკონსერვდა, ხოლო აღმოჩენილი ნივთები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

აღწერილობა

არმაზციხეზე მიკვლეულია სამი ერთიმეორის მომდევნო კულტურული ფენა: ქვედა ფენა, ე.წ. არმაზციხე I (ძვ. წ IV-III საუკუნეები), შუა ფენა, არმაზციხე II (ძვ. წ. III-I აუკუნეები), ზედა ფენა, არმაზციხე III (I საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასასრულამდე).

გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი პერიოდი. პირველ პერიოდში (ძვ. წ. IV-III საუკუნეები) უმთავრესი საშენი მასალა ქვათლილი და ალიზ-აგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკველზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთმანეთთან ე.წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა. მეორე პერიოდის (ძვ. წ III ს-დან) მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი.

არმაზციხე ორი ნაწილისაგან შედგება: კარსნის ხევსა და არმაზის მთას შორის, მტკვრის ტერასულ ბაქნებზე გაშლილი ნაქალაქარისა (ფართობი 30 ჰა) და მთის წვერზე მდგარი შიდა ციხისაგან.

დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე-გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდე-კარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბაზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები [არმაზის კერპის სადგარი (?) სამსსვერპლო].

ზღუდე-გალავანი

შიდაციხესა და ნაქალაქარს შემოვლებული აქვს ბურჯებიანი ზღუდე-გალავანი (გამოვლენილია 3 კმ-ზე), რომელიც შეიცავს სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებს. გალავანში ჩართულია ოთხკუთხა კოშკები. უძველესი ფენა (მთავარი კოშკი) ნაგებია მშრალად, უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებით. მომდევნო პერიოდის (ძვ. წ IV-III საუკუნეების მიჯნა) კედელი (ზემოდან I ფენა), რომელიც მთავარი კოშკიდან იწყება და ქედის რელიეფს ქვედა ტერასებამდე მიჰყვება, ნაგებია საგანგებოდ გათლილ-გამოკოდილი ქვათლილებითა და გამომწვარი ან გამომშრალი ალიზით. უდუღაბოდ, ხის ან ქვის უწყვეტით გადაბმული ქვათლილები ციცაბო კლდეში ამოკვეთილ საგანგებო ბუდეებშია ჩასმული და საფეხურების შთაბეჭდილებას ქმნის. საძირკვლის ქვათლილთა რიგების რაოდენობა ქედის დაქანების შესაბამისად იცვლება. საგანგებოდ არის გამაგრებული ციხე–ქალაქის სამხრეთი მხარე. აქ ზღუდე ორმაგია (ზოგან მისი სიმაღლე 6 მეტრს აღწევს, სიგანე – 2,8-3 მ). ქვათლილებზე ამოყვანილია თიხის ხსნარზე ნაწყობი, გარედან თიხისავე ხსნარით შელესილი და შემდეგ შერუჯული ალიზის კედელი რომელიც ყოველ 10 მეტრზე გამაგრებულია კედლის ორივე მხარეს 3-3,5 მეტრით გამოწეული მძლავრი ბურჯებით (10X11მ) და წყობაში დატანებულ ქვათლილთა გამჭოლი თარაზული წყობით კედელი და ბურჯები ერთმანეთთან დაკავშირებულია მუხის დიდი (0,2X0,12 მ) ოთხკუთხა კოჭებით.

შემდგომი პერიოდის (I საუკუნე) კედელი (სისქე 2,8-4 მ, შემორჩენილი სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 4-5 მეტრი; III ფენა), რომელიც გარს აკრავს შიდაციხეს, უკავშირდება წინა კედელს და მიჰყვება მეორე წყალგამყოფს ეს კედელია კარგად გათლილი ქვათლილების საფუძველზე ამოყვანილი ალიზით არის ნაგები. ქვათლილები გადაბმულია მერცხლის კუდის ფორმის ხის უწყვეტებით. კედლის წინ ყრია ღორღის სქელი ფენა, რომელიც იცავდა კედელს დანგრევისა და დაზიანებისაგან.

II-III საუკუნეების (II ფენა) კედელი, რომლის ნაწილები აღმოჩნდა ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში და პირველ წყალგამყოფზე; აგებულია წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლად. აქ უხვადაა გამოყენებული კირის დუღაბზე ნაწყობი ქვედა ფენების საშენი მასალა. უკანასკნელი ზედა ფენის (V-VI საუკუნეები) ნატეხი ქვის კედელიც წინა პერიოდის კედლების გასამაგრებლადაა აგებული.

ზღუდე ქედის თხემზე ოდნავ გარეთაა ამოყვანილი. ამის გამო კლდოვანი ქედი ზღუდე-გალავნის თავისებურ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რაც მომხვდურთ ზღუდის საძირკვლის გამოთხრას უძნელებდა, ხოლო დამხვდურებს გალავნის დაცვას უადვილებდა.

არმაზციხის ჩრდილოეთ კიდეზე, თითქმის მტკვრის პირას, გაჭრილია კლდე-კარი. იგი საჭიროების დროს წარმოადგენდა შიდაციხეში მოხერხებულ შესასვლელს, როგორც „არმაზით კერპი“ ქალაქის მტკვრისპირა უბნებიდან, ისე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქიდან.

სვეტებიანი დარბაზი

შიდაციხის ცენტრ ადგილას იდგა სვეტებიანი დარბაზი. იგი არმაზციხე I-ის ხანისაა. წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის დარბაზის (20,8X8,8 მ) კედლების ქვედა ნაწილი (შემორჩენილი სიმაღლე 1,75 მ, სისქე 1745-177 მ) ქვათლილებით უდუღაბოდ არის ნაგები, ზედა ნაწილი კი ალიზით. გამონაკლისს წარმოადგენს დასავლეთის კედელი; რომელიც მთლიანად (3,3 მ. სიმაღლეზე) ქვათლილებითაა ამოყვანილი. ინტერიერი შელესილი და შეღებილი ყოფილა (მიკვლეულია ბათქაშის ნაშთი შესასვლელთან). დარბაზს ვარდისფერი ტუფოგენური ქვიშაქვის ფხვნილით მოტკეპნილი იატაკი ჰქონდა. დარბაზის გრძივ ღერძზე აღმოჩნდა ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ექვსი სვეტისძირი, მათ შორიახლოს კი – ამდენივე სვეტისთავი და ხის სვეტების დანახშირებული ნაწილები. მარტივპროფილიანი სვეტისძირები და სვეტისთავები გამოკვეთილია ტუფოგენური ქვიშაქვისაგან. ბაზისი შედგება პლინთის, ლილვისა და ყელისაგან. ყელში ხის სვეტის ჩასადგმელი ფოსოა (დიამეტრი 0,4 მ) ამოკვეთილი. სვეტისთავს აქვს აბაკი და ფოსო. ინტერიერის კედლებში, მეორე და მეოთხე რიგის ქვათლილების ზემო ნაწილში, ამოჭრილია ოთხკუთხა ფოსოები, სავარაუდოა, რომ ისინი თაროების კონსოლებისათვის იყო განკუთვნილი.

სვეტებიან დარბაზში აღმოჩნდა პართული ხელობის ძვლის მოჩუქურთმებული ფირფიტა, ოქროს თხელი ფურცლების (ხის სვეტების სამკაული?) ფრაგმენტები, ბრინჯაოს ბრტყელთავიანი ლურსმნები, ხვიებით შემკული ბალთა, ლურჯი, მწვანე და მოწითალო ეგვიპტური პასტის მძივის ნატეხები, რთულსახოვანი ჩუქურთმის გამოსაყვანი ბრინჯაოს ფარგალი.

დარბაზის დასავლეთ ფასადის დიდი ნაწილი იმთავითვე მიწით ყოფილა დაფარული. დანარჩენი – აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადები კარგად არის დამუშავებული. მათ ფართო ცოკოლი შემოუყვება. შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედელში, ორ ანტისებრ შვერილს შორის. შენობაში ჩავდივართ ოთხსაფეხურიანი განიერი კიბით.

არმაზციხის სვეტებიანი დარბაზი ძლიერ ჰგავს თალ-ჰალაფის სასახლეს, რომლის მსგავსი ნაგებობა აღმოჩენილია კარმირ-ბლურზეც (სომხეთი).

სვეტებიანი დარბაზის აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ანტთან გამოვლინდა მოგრძო მოყვანილობის წყობა, რასაც ცეცხლის ხანგრძლივი მოქმედების კვალი ეტყობა (სამსხვერპლო ან მუდმივი ცეცხლის ადგილი?).

დარბაზის ჩრდილოეთით მსგავსი სამშენებლო ხერხებითა და მასალით ნაგებ შენობათა ნანგრევები აღმოჩნდა. ამ ნანგრევებზე აგებულია ადრინდელი ფეოდალური ხანის სადგომი, რომლის კედლები ნატეხი ქვისაა, კონსტრ. ადგილებში გამოყენებულია თლილი ქვა, ხოლო უფრო ადრინდელ დასავლეთის კედლის მარცხწნა ნაწილში – მსხვილი ქვათლილები. მარჯვნივ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ჩადგმული ქვების მონაცვლეობით შექმნილია ჯვაროვანი წყობა. კედლის ცენტრალურ ნაწილი, სადაც მოზრდილი ნიშია, აგებულია მცირე ზომის, კუთხით დაყენებული კვადრებით. ამგვარად შექმნილია ბადისებრი, დეკორატიული წყობა.

მარანი

შიდაციხეში გათხრილი მარნისაგან შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრივებული ქვევრები. ქვევრის ძირზე შერჩენილია ნალექი (საფერავის ჯიშის ყურძნის ღვინისქვის მჟავა).

აბანო

სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით გამოვლინდა არმაზციხე III-ის ხანის ძლიერ დაზიანებული აბანო (დაკონსერვებულია). აბანო პატარაა (7X4,7 მ). გათბობის იატაკქვეშა სისტემა ორ რიგად განლაგებული მრგვალი და ოთხკუთხა აგურებით ამოყვანილი სვეტებისაგან შედგება. მათ თავზე დაგებულია მოზრდილი კერამიკული ფილები. აღმოჩენილია კარგად შელესილი აბაზანა და წყალსაცავი აუზის ნანგრევები. აბანო ფლატეზეა გადამდგარი.

წყალსადენი

არმაზციხეში გამოვლინდა ორი წყალსადენი: ღია, გათლილი ქვის ღარებისაგან შედგენილი (სამეურნეო წყლისათვის) და დახურული (სასმელი წყლისათვის). წყალი გამოყვანილია ბაგინეთის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრზე მდებარე სოფელ კარსნის მიდამოებიდან.

სამარხები

სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ დამხრობილი მთლიანკვეთილი ქვის სამარხი – სარკოფაგი. თარიღდება I საუკუნით. სარკოფაგი შედგება ერთმანეთთან რკინის გამორებით გადაბმული საგანგებოდ გათლილ-გამოკოდილი ორფერდა სახურავისა და ყუთისაგან (I,85X0,6X X0,65 მ). სარკოფაგის ყოველ გვერდზე ამოჭრილია ორი-სამი ფოსო, რომლებშიც გამირები ტყვიით ყოფილა ჩადუღებული. სარკოფაგში აღმოჩნდა ოქროს სამაჯურები, ბეჭდები, ყელსაბამები, ბალთები, ხვიები, მონეტები (რომაული აურეუსები); ვერცხლის ნივთები: სარეცლის ხის ფეხების გარსაკრავები (4 ცალი), რომლებზედაც სპლოზე მჯდომი ფანტასტიკური ფრინველია გამოსახული, ვაზისებრი ორნამენტით შემკული ფიალა, თასი, რომელზეც სასახიობო თუ ნადირობის სცენებია, პინაკი დაფნის გვირგვინოსანი მამაკაცის რელიეფური მედალიონით, სურები, ჯამები, სარკეები, ლამბაქი, დიდ-პატარა ციცხვები, კოვზი, ლურსმნები, რომაული დენარები და სხვ. ამ ნივთებიდან ზოგიერთზე არმაზული წარწერებია. იყო ქსოვილთა ნაშთებიც და სხვ.

აკლდამა

შიდაციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ციცაბო შვერილი კლდის თავზე, სარკოფაგსა და აბანოს ნანგრევებს შორის გაითხარა მავზოლეუმის ტიპის აკლდამა. თარიღდება I-II საუკუნეებით.

აკლდამისაგან შემორჩენილია საფუძველი და კედლის მცირე ნაწილი. იგი შედგებოდა მოგრძო წინა ნაწილისა (5,41 კვ მ) და მიცვალებულის დასაკრძალავი კვადრატული სენაკისაგან (7,4 კვ მ), რომელსაც 0,4მ სისქის კარგად დატკეპნილი იატაკი აქვს (აგურის ფხვნილგარეული კირი, ქვიშაქვა და კირის ხსნარი). აკლდამის საფუძველი ნაგებია ერთმანეთთან მორგებული კარგად დამუშავებული სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. კუთხეებში საგანგებოდ გათლილი კუთხური ქვებია ჩასმული. ქვათლილების კიდეებზე ამოკვეთილი ფოსოები ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთთან ლითონის ორ-ორი სამაგრით იყო გადაბმული. სამაგრები ფოსოებში ტყვიით იყო ჩადუღებული. ქვათლილები ნაგებობის პერანგს წარმოადგენ. არე კლდესა და პერანგს შორის ამოვსებული იყო ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. აკლდამის შესასვლელთან აღმოჩნდა ქვის ლავგარდნისა და ფრიზის ფრაგმენტები. ლავგარდანი პროფილირებულია ბატიყელით და თაროებით. ქვედა თაროზე ნარინჯისფერ ფონზე შავი საღებავით კბილანებია დახატული.

მრავალწახნაგოვანი შენობა

ციხე-გალავნის უმაღლეს აღგილზე; საიდანაც კარგად ჩანს მდინარეების მტკვრისა და არაგვის ხეობები, აღმოაჩინეს დიდი ქვათლილებით ნაგები მრავალწახნაგოვანი შენობის ფრაგმენტი. სავარუდოა, რომ იგი იმ ნაგებობის ნაშთია, რომელზედაც ფარნავაზმა „ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა“.

შენობების გადახურვა

ბაგინეთზე გათხრილი სამივე ფენის ნაგებობებს უმეტესად წითლად შეღებილი კრამიტის სახურავი ჰქონდა. კრამიტი ორი ტიპისაა: ბრტყელი და ღარისებრი. სახურავს ბრტყელი კრამიტი ფარავდა, ხოლო მათი შეერთების ადგილს ღარიანი. ბრტყელი კრამიტი სხვადასხვა ზომისაა და ფართო ტრაპეციისმაგვარია, გრძივი გვერდები აკეცილი აქვს; დამზადებულია ბრტყელ დაზგაზე; უყალიბოდ. ღარისებრ კრამიტს ზურგზე კიდეებიდან თანაბრად დაშორებული ქიმი აქვს, ზედა მწკრივის ღარიანი კრამიტების შესაკავებლად. კრამიტებზე (უმეტესად ღარისებრზე) თვალსაჩინო ადგილას (წვეტიანი იარაღით ან თითით) დატანილია სათვალავი ან ხელოსნის თუ სახელოსნოს მარტივი, ჩაჭდეული ნიშანი.

არმაზციხე მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის სუსის, პერსეპოლისის, პასარგადის, თუშფის ციტადელისა, თოპრაქყალასა და წოვინარის სათავდაცვო ნაგებობებისა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები