აბანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბანოთუბანი. გოგირდის აბანოების საერთო ხედი
თბილისის ჭრელი აბანო (XIX საუკუნის ფოტო)

აბანო - ადამიანთა ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც ცხელ წყალთან ერთად, ოფლის ჭარბად გამოსაყოფად ხშირად იყენებენ ცხელ ჰაერს (მაგ., თურქული აბანო (ჰამამი), რომაული აბანო (თერმა), მშრალი საუნა), ორთქლს (მაგ., ფინური (საუნა), რუსული აბანო) ან მხოლოდ წყლით სავსე სპეციალურ ხის კასრებს (იაპონური აბანო (სენტო)). ასეთ ხის კასრს ოფურო ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ წყალში ადამიანის კანი არ სუნთქავს, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის გამო ოფლი მაინც დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს კანის ფორებიდან ცხიმებისა და წიდის კარგად მოცილებას.

ჭრელი აბანოს აღმოსავლური სტილის შესასვლელი

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს აბანოების მშენებლობისა და მათი გამოყენების უნიკალური ტრადიცია გააჩნია. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა აღსანიშნავია აგრეთვე ირლანდიური (იგივე რომაულ-ირლანდიური) აბანო, რომელიც ფაქტობრივად სახეცვლილი რომაული თერმაა და ახლა ძალიან პოპულარულია ევროპაში, შვედური აბანო (ბასტუ) და ქართული აბანო. საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, გრემში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გორში და სხვ. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც, ადამიანთა გემოვნების შესაფერისად, სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა.


თბილისური აბანოები

ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური გოგირდის აბანოები რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და XIX საუკუნეში საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დამკვიდრებისთანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის უძველეს უბანში, აბანოთუბანში (აბანოების უბანში) განთავსებული ასეთი აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი მინერალური წყლები, მათი განუყრელი პერსონაჟი კი იყო მექისე, რომელსაც ბუნებრივი ცხელი წყლით ადამიანის სხეულის განბანვის გარდა შეეძლო მასაჟის გაკეთებაც. ბუნებრივ მინერალურ წყალს

სამკურნალოდაც იყენებდნენ. XIX საუკუნის დასასრულს თბილისში მოქმედებდა ერეკლე მეფის, ჩარხის, ციხის, სიონის, მეითარის, ბებუთას, მელიქაანთ, ეინალისა და გრილის აბანოები.

თბილისური აბანოები არა მხოლოდ ჰიგიენურ-სამკურნალო დაწესებულება იყო, არამედ ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დასვენების, გართობისა და ნადიმობის ადგილიც.


იხილე აგრეთვე

ქისა

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები