გორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორი - ქალაქი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში. შიდა ქართლის მხარისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ძირითად სატრანსპორტო გზების გზასაყარზე, თბილისიდან 76-ე კმ-ზე (რკინიგზით).

ისტორია

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. მას პირველად VII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს ისტორიკოსი ჯუანშერი (XI ს.). გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ჯუანშერის მიხედვით ამ სამალავს „ტონთიო“ – „ოქროს მთა“ ეწოდებოდა. ქალაქის სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი მტკვრის ნაპირას (ადგილი ღამბარეული. ნაპოვნი კერამიკა დამახასიათებელია ძვ. წ. III., ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურისათვის). 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობის ჩამოზვავების შედეგად გამოჩნდა ანტიკური ხანის კულტურული ფენა: ალიზის კედელი (ანალოგიურია ბაგინეთისა, წიწამურისა), თხელკეციანი ქვევრები, თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებით თარიღდება.

ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა. გორმა უფლისციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავით აღმაშენებელმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა. მას განაგებდა მეფის მოხელე – ქალაქის მოურავი. როგორც ფეოდალურ ქალაქს, გორს საკუთარი ციხის გარდა, ზღუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი. ზღუდეს თავის მხრივ თხრილი ჰქონდა შემოვლებული (სიღრმე 4 მ., სიგანე 5 მ,).

XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე.

XIII საუკუნეში თათარ-მონღოლთა ბატონობის შედეგად დასუსტებულ საქართველოს კავკასიის მთების გაღმა მობინადრე ოსები შემოესივნენ და იერიში მიიტანეს ქართლზე. ხელთ იგდეს გორიც. დაარბიეს, გადაწვეს ქალაქი, ხოლო ციხე დაანგრიეს. მონღოლთა დახმარებით ისინი კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. ოსთა განდევნა მოხერხდა მხოლოდ XIV საუკუნის 20–იან წლებში, გიორგი V ბრწყინვალის დროს.

XV საუკუნეში (1477 წ.) საქართველოს დიდი ჯარით შემოესია აყ-ყოიუნლუს შაჰი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი. მაგრამ, 1479 წელს კონსტანტინე II-მ, სხვა ციხეებთან ერთად, გორიც დაიბრუნა და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა.

1509 წლის აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 წ. დაიბრუნა.

1556 წ გორი, რომელიც ლუარსაბ I-ის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა, ხელთ იგდო შაჰ-თამაზმა, მაგრამ ამავე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქს ოსმალები დაეპატრონნენ და გორის ციხეში თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. 1599 წ სიმონ I მოულოდნელად დაესხა თავს ქალაქს და გაათავისუფლა იგი.

1614 წელს შაჰი აბას I შემოესია საქართველოს, დაბანაკდა გორში და აქედან განაგებდა ქართლს. გორისა და მისი ციხის მნიშვნელობა კარგად შეაფასა როსტომ მეფემაც, რომელმაც XVII ს. 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და იქვე აიშენა სასახლეც.

XVII ს. მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. ვახტანგ VI დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც. გორი მიუჩინა რეზიდენციად ვახტანგ VI-მ თავის ძმას სიმონს, როდესაც თავად ირანში გაემგზავრა.

1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე.

1735 წლიდან გორს სპარსელები დაეპატრონნენ ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება.ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე.

გორის ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნიდან. გაჩნდა ახალი უბნები: ციხის უბანი, რუს უბანი, „პოსელენიე“, სულუხი, გარე უბანი. ხელოსნობასა და ვაჭრობასთან ერთად, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობასაც მისდევდა. გორი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ, სხვადასხვა დროს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტულუკაშვილი, გიორგი გორელი, სტეფანე ფეშანგიშვილი, ავთანდილ, დიმიტრი, გიორგი თუმანიშვილები.

XIX საუკუნეში გორში დაარსდა სასულიერო და სამაზრო სასწავლებლები; სამასწავლებლო ანუ საოსტატო სემინარია, ქალთა პროგიმნაზია, ვაჟთა პროგიმნაზია და სხვ. 1911 წელს გორელ ქალთა ინიციატივით დაარსდა პროფსკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ ჭრა-კერვასა და ხელსაქმეს. 1919 წელს პროფსკოლამ ფილიალები გახსნა ხაშურსა და ახალქალაქში (წითელქალაქი).

XIX საუკუნის დასასრულისათვის გორი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. 70-იანი წლებისათვის აქ მოქმედებდა ხალხოსანთა მრავალრიცხოვანი წრე.

1905-07 წლებში ქალაქი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. გორში მრავალი ადგილია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პირველი რევოლუციის ისტორიულ მოვლენებთან.

(ა) 1905 წლის 27 თებერვალს ყოფილ სამეფო ქუჩაზე მოეწყო მშრომელთა დემონსტრაცია. დემონტსრაციის ორგანიზატორები დააპატიმრეს. ამავე ქუჩაზე

(ბ) 2-3 მარტს მოხდა მოსწავლეების, სკოლისგარეშე ახალგაზრდობისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის გამოსვლები. პოლიციამ მრავალი მონაწილე დააპატიმრა. ამ მღელვარებას მოჰყვა გორის ნოქრების გაფიცვაც. ნოქრებს ვაჭრებმაც დაუჭირეს მხარი და შეწყვიტეს მუშაობა.

(გ) ამავე წლის 14 მარტს მემამულის მ. ამირაღოვის მიერ გორის საერთო სარგებლობის მიწების მითვისებით აღელვებულმა ხალხმა დაარბია მემამულის კარ-მიდამო. ამირაღოვს სასამართლოც უჭერდა მხარს. გორის სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელობით ქალაქში მოეწყო დემონსტრაცია. დემონსტრანტებს, რომლებიც არტილერიის მოედნისაკენ (ახლანდელი 26 კომისრების ქ. 1) მიემართებოდნენ, გზადაგზა ახალი ჯგუფები ემატებოდა. მოედანზე, გორის ციხის ძირში და ე.წ. ამილახვრიანთ ხიდთან მათ მეფის ჯარის ნაწილები დახვდათ. ჯარისკაცებმა დემონსტრანტებს ზურგიდან აუტეხეს სროლა. მოკლეს 3 კაცი (მათ შორის რევოლუციონერები ა. მუჩაიძე და დ. მურადოვი), დაჭრეს 11; დაჭრილთაგან რამდენიმე საავადმყოფოში გარდაიცვალა. რეპრესიებმა ვერ შეაჩერა რევოლუციური გამოსვლები. დახვრეტილთა დასაფლავება (16 მარტი) კვლავ გადაიქცა დიდ სახალხო დემონსტრაციად. შეტაკების ადგილას ამჟამად დგას სასტუმრო „ინტურისტი“, რომლის სამხრეთ კედელზე მიმაგრებულია თეთრი მარმარილოს მემორიალური დაფა წარწერით.

(დ) იმავე დღეს ყოფილ საქალაქო სასწავლებლის მიმდებარე ქუჩასა და საარტილერიო მოედანზე (ახლანდელი ლომოურის ქ. 5, ახალგაზრდული ცენტრის შენობის ტერიტორია) გორის საქალაქო და სასულიერო სასწავლებლების მოსწავლეებმა წითელი დროშებით, რევოლუციური სიმღერებით და მეფის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოაწყვეს დემონსტრაცია. მათ მხარი აუბეს ქალთა გიმნაზიის მოსწავლეებმა და ქალაქის მცხოვრებლებმა. საარტილერიო მოედანთან მთავრობის ჯარების ნაწილებმა დემონსტრანტებს სროლა აუტეხეს. მოკლეს ერთი ბავშვი, დაჭრეს 11 დემონსტრანტი (მათგან ორი გარდაიცვალა) სამხედრო პატრულმა სროლა აუტეხა მშრომელებს, რომლებიც ცდილობდნენ ჯარისკაცებისათვის თოფების წართმევას. მოკლეს ერთი მოქალაქე, ცხრა დაიჭრა.

(ე) მეორე დღეს ქალაქგარეთ (ადგილი დადგენილი არ არის) გაიმართა მიტინგი, რომელსაც 2000-მდე კაცი ესწრებოდა. დემონსტრანტებმა მოითხოვეს: 1. გორში ჩასულიყო კრიმ-გირეი (მეფის მოხელე, იმდროისათვის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე), 2. მის მოსვლამდე მთავრობას ნება მიეცა მოსახლეობისათვის კრებებზე თავმოყრისა, სადაც უნდა შეემუშავებინათ მოთხოვნები და აერჩიათ დეპუტაცია, 3. 14 მარტს დახოცილი მოქალაქეების დაკრძალვას არ დასწრებოდნენ მთავრობის მოხელეები, პოლიცია. ამ ამბებთან დაკავშირებით მთავრობამ გორში გაგზავნა კაზაკების ორი და ქვეითი ჯარის ერთი ასეული.

(ვ) 17 მარტს, ნაშუადღევს, ქალაქის სამხრეთ უბანში, ეკლესიის ზარების ხმაზე დაახლოებით 2000 კაცი შეიკრიბა. გამოსული ორატორები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ლაპარაკობდნენ. თავშეყრის ადგილზე ჩაფრების თანხლებით გამოცხადდა მაზრის უფროსი, მათ კაზაკთა რაზმებიც მოჰყვნენ. ხალხი აღელდა, გაისმა მთავრობის საწინააღმდეგო შეძახილები.

(ზ) 1905 წლის 27 მარტს, გორის ციხის მახლობლად, რევოლუციურად განწყობილი ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა თავს დაესხა ჯარისკაცთა რაზმს, რომელიც საპატიმროში მიდიოდა მცველთა რაზმის დასახმარებლად, თავდასხმის დროს ჯარისკაცებმა სროლა აუტეხეს მოსახლეობას. მოკლეს 2 და დაჭრეს 7 კაცი.

(თ) 1-5 აპრილს ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის კრებები, რომლებიც სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

(ი) 28 აგვისტოს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა (ადგილი დაზუსტებული არ არის) მოკლეს თავადი ლევან ციციშვილი. პოლიციამ ეჭვმიტანილი პირები დააპატიმრა.

(კ) ამავე წელს მოხდა კიდევ ერთი პოლიტიკური მკვლელობა – ქალაქის ცენტრში მოკლეს ბოქაული თავადი ავალიშვილი, პოლიციის უფროსი ოფიცრები ლიტვინენკო და ჩერკასოვი.

(ლ) 1905 წლის 23 ოქტომბერს, კვირა დღეს ყოფილ სამეფო ქუჩაზე (ახლანდელი ლენინის ქ.) ქალაქის მოსახლეობამ გამართა მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რომელიც მიმართული იყო სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. მონაწილეობდა 1500-მდე კაცი შეკრებაზე წარმოთქვეს სიტყვები, მთავრობამ სცადა იარაღით დაეშალა მანიფესტაცია, მაგრამ ვერ შესძლო. პოლიციამ დააპატიმრა ეჭვმიტანილი 2 მოქალაქე.

(მ) მეორე დღეს გაიფიცნენ საქალაქო სასწავლებლის, საოსტატო სემინარიისა და ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები. საქალაქო სასწავლებლის გაფიცულმა მოსწავლეებმა მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები: უფროსკლასელთა დეპუტატებისათვის მიეცათ პედსაბჭოს კრებებზე დასწრების უფლება, შემოეღოთ მოსწავლეთა ამხანაგური სასამართლო, 25%-ით გაეზარდათ მთავრობის ხარჯზე მყოფ ღარიბ მოსწავლეთა რიცხვი, შემოეღოთ მშობლიურ ენაზე სწავლება. გიმნაზიის ხელმძღვანელობამ სასწავლებლიდან დაითხოვა 2 გაფიცული მოსწავლე. გაფიცვა სამ დღეს გაგრძელღა რევოლუციური გამოსვლები გრძელდებოდა 1906 წელსაც. (ნ) 20 ივნისს ქალაქში გაიფიცნენ ნოქრები. გაფიცვა ორ დღეს გაგრძელდა. იგი გადაიზარდა საერთო სახალხო გაფიცვაში.

(ო) 11 აგვისტოს, 12 საათზე, ყოფილი ტაძრის ქუჩაზე (ქალაქის ცენტრში, ამჟამად აქ საცხოვრებელი სახლებია) რევოლუციონერები გ. ხმიადაშვილი და დ. ხაბელაშვილი თავს დაესხნენ ეტლით მიმავალ გორის მაზრის უფროსს კაპიტან ლეონტიევს და სამჯერ ესროლეს მას. ტყვია აცდა მიზანს, შემდეგ რევოლუციონერებმა ეტლს ესროლეს ყუმბარა, რომლის ნამსხვრევებმაც მსუბუქად დაჭრა თანმხლები პოლიციელი. შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ კაზაკები და ჯარის ნაწილები. მათ ალყა შემოარტყეს ახლომახლო სახლებს, მაღაზიებს, დაიწყეს ჩხრეკა, მაგრამ თავდამსხმელები ვერ დაიჭირეს.

(პ) 27 აგვისტოს, მოქალაქე ნატალია სტამბოლევას სახლის ჩხრეკის დროს (ყოფილი მჭედლების ქუჩა გორის ციხის ძირში), პოლიციამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობის პროკლამაციები, რომელიც რუსულ, ქართულ, აზერბაიჯანულ და ოსურ ენებზე იყო დაბეჭდილი, ფასიანი ქაღალდების წიგნი, ფულის შესაკრები დავთარი და სხვ. ბინაში დააკავეს ნოვოროსიისკის გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლე, ტამბოვის გუბერნიის ქ. ლიპეცკის მკვიდრი, 19 წლის პ. ვ. სერგეევი, რომელიც წინა დღეს ჯარისკაცებში პროკლამაციების გავრცელების დროს იყო შემჩნეული.

ქალაქი ძლიერ დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

ქალაქის გადეგმარება

ქალაქის პირველი გენგეგმა დამტკიცდა 1950 წ. (არქიტექტორები ბ. ლორთქიფანიძე, ლ. სუმბაძე), მეორე კი 1971 წ. (არქიტექტორი ლ. სუმბაძე, თანაავტორი გ. გიგოლაშვილი).

გაფართოვდა ქუჩები, შეიქმნა მოედნები, აიგო საზოგადოებრივი შენობები: თეატრი (1935 წ, არქიტექტორები შ. თავაძე, მ. ჩხიკვაძე), ხიდი მდ. ლიახვზე (1938 წ., არქიტექტორი ს. სატუნცი), სასტუმრო „ინტურისტი“ (1956 წ., არქიტექტორები ქ. ფორაქიშვილი-სოკოლოვა, ა. ქურდიანი), ი. ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი (1955 წ., არქიტექტორი ა. ქურდიანი), სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (1956 წ., არქიტორი მ. შავიშვილი, თანაავტორი ზ. ცქიტიშვილი), სამხატვრო სასწავლებელი (1972 წ. არქიტექტორი ვლ. ცინცაძე) და სხვ.

1947 წ დაიწყო ბამბეულის კომბინატის მუშა-მოსამსახურეთა დასახლების მშენებლობა (არქიტ. ლ. სუმბაძე);

ქალაქში დაიდგა რამდენიმე მონუმენტური ქანდაკება.

ქალაქ გორის სივრცობრივ-კომპოზიციურ ცენტრს მუდამ წარმოადგენდა მტკვრისა და ლიახვის შესაყართან არსებულ ვრცელ დაბლობზე ტრაპეციულად ამოზიდული მაღალი გორაკი და მასზე გაშენებული გორის ციხე.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები