ხობის წარწერა 1384-96

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხობის წარწერა 1384-96ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი ცხრა სტრიქონად დიდი ზომის (105X66X12 სმ) მარმარილოს ფილაზე. ფილა ჩასმულია ხობის მონასტრის (ხობის რ-ნი) მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენის – დადიანთა ეგვტერის შესასვლელის თავზე და წარმოადგენს ამ შესასვლელის არქიტრავს. წარწერის დასაწყისი სტრიქონები დიდი ზომის (სიმაღლე 8-10 სმ) ასოებითაა ამოკვეთილი, განსაკუთრებით სიტყვა „ვამეყ“ მეორე სტრიქონის შუაში (სიმაღლე: 10 სმ), ხოლო შემდეგ ასოების სიმაღლე თანდათან კლებულობს (2-2,5 სმ); შესრულებულია კიდურწერტილოვანი, ადგილ-ადგილ ხვეული დამწერლობით; მოღწეულია დაუზიანებელი, თითქმის თავდაპირველი სახით. წარწერის ტექსტი ასეთია:

„† სახელითა ღმრთისაჲთა. ერისთავთ ერისთავმან და მანდატურთუხუცესმან, დადიანმან ვამეყ, მამისა მათისა, პატრონისა, ერისთავთა ერისთავისა, დადიანისა გიორგის შემდგომად მიუჴდა ჯიქეთს, ურწმუნოებისა და ორგულობისათუის, რაითამცა მოემსახურა, და სძლო. და შეურაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი; გაგარი და უღალნი ყოველივე ძალითა მოირჯუნა; მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუვალნი მოარბივნა; რაოდენი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხუანი აოტნა. და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმარილოსანი. და მამა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ გააერთა; საუკუნოდ-მცა არს ჴსენება მათი“.

წარწერა მოგვითხრობს ოდიშის ცნობილი მთავრის ვამეყ I დადიანის (1384–96) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში – ჯიქეთში ლაშქრობის შესახებ. მას ჯიქეთი დაულაშქრავს „ურწმუნოებისა და ორგულობისათუის“, ე. ი. იქაურები ადრევე ოდიშის სამთავროს მორჩილნი ყოფილან და ვამეყის დროს ორგულობა გამოუჩენიათ, განდგომილან. ვამეყამდე ლაშქრობა მის მამას, გიორგი დადიანსაც მოუწყვია – „მამისა მათისა შემდგომად მიუჴდა ჯიქეთსო“. – აღნიშნულია წარწერის დასაწყისში. ვამეყს ჯიქეთიდან მრავალი ნადავლი წამოუღია, მათ შორის „სვეტნი და ფიქალნი მარმარილოსანი“, რომლებითაც მას ხობის ტაძრის გარშემოსასვლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, იმ დროს ღია გალერეა, ამოუშენებია და აქ საგვარეულო სამარხავი, ეგვტერი მოუწყვია თავისი დედ-მამისა და დისთვის – მარეხისათვის. მარმარილოს სვეტები და ფიქლები ადრებიზანტიური ხელოვნების ძეგლებია, თარიღდება VI ს. შუა ხანებით და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ადლერის მახლობლად, ისტორიული ჯიქეთის რომელიღაც ბერძნულ-ბიზანტიური ტაძრის ამბიონის ნაწილია (ლ. ხრუშკოვა).

წარწერიდან აშკარად ჩანს, რომ ვამეყ დადიანის დროს და უფრო ადრეც, აფხაზეთი ოდიშის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო – ვამეყი აფხაზეთის გადაღმა ჯიქეთში ისე ლაშქრობს, რომ აფხაზეთს, როგორც მის მიერ გავლილ და დალაშქრულ მხარეს, არც ახსენებს – იგი მას ისედაც თავის მუდმივ სამფლობელოდ ეგულება. ვამეყ დადიანი XIV ს. საქართველოს ერთ-ერთი თავნება და დამოუკიდებელი (იმერეთის მეფისაგან) მთავარი იყო; ცნობილია მის მიერ მოჭრილი ფული მისივე სახელის ზედწერილით; ასევე ცნობილია მისი კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობაც. მაგ. მან კონსტანტინოპოლიდან წალენჯიხის ეკლესიის მოსახატავად საგანგებოდ ჩამოაყვანინა მხატვარი (წალენჯიხის წარწერები 1384-96). ასე შეიქმნა პალეოლოგიური მხატვრობის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში საქართველოში. ეამეყის დროსაა მოხატული ხობის ტაძრის ეგვტერი.

ხობის წარწერა ყურადღებას იპყრობს ლექსიკისა და ერთგან გრამატიკულ ფორმის თვალსაზრისით. კერძოდ, ლექსიკიდან აღსანიშნავია: გაგარი, უღაღი, მორჭუნა და სხვ. გაუმართავია ტექსტის მეორე წინადადება – „ერისთავთა ერისთაემან… მიუჴდა ჯიქეთს“. ეს შეიძლება „მეგრელიზმის“ ისეთივე გამოვლინებად მივიჩნიოთ, როგორიც დასტურდება ჭლოუს წარწერაში.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. 2. ტფ.1914;
  • ბერაძე თ. „გაგარი“ და „უღაღი“. – „მაცნე“. (ის-ტ, სერია), 1973, №1
  • ბერიძე ვ. ხობის ტაძრის ისტორიისათვის. – იქვე, 1973, №2.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები