წალენჯიხის წარწერები 1384-96

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წალენჯიხის წარწერები 1384–96 – შავი საღებავით შესრულებული სამი ასომთავრული წარწერა ტაძრის ორ გუმბათქვეშა სვეტზე. პირველი წარწერა, 17-სტრიქონიანი, მოთავსებული ჩრდილო-დასავლეთ წახნაგზე, შესრულებული შავ-თეთრ ფონზე, ჩასმულია შავ ოთხკუთხა ჩარჩოში. წარწერის მე-8–9 სტრიქონების მარჯვენა ნაწილი, შელესილობის ჩამოშლის გამო, ნაკლულია; მისი აღდგენა ბერძნული წარწერის ტექსტის მონაცემებით ხერხდება. წარწერის ტექსტი ასეთია:

„† წარვეგზავნეთ, მაცხოვრისა შეწევნითა, კოსტანტიპოვლეს და მოვიყვანეთ მხატვარი ესე კირმანოელი ჩეენ, მ[ონაზ]ონ[თა ქრისტესთა მახარებელმან ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა; და ვევედრებით მაცხოვარსა, რაითა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესა მას განკითხვისასა; ამენ, ამენ, ამენ“.

იმავე სვეტზე, ამ წარწერის ქვემოთ, ცალკე ოთხკუთხა ჩარჩოში მოთავსებულია 9-სტრიქონიანი, თეთრ ფონზე შავი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა. მისი სამი პირველი სტრიქონი, შელესილობის ჩამოშლის გამო, ნაკლულია. მოღწეული ტექსტი ასეთია:

[…მა]შენებელთა, გალატოზთა და ხელისუფალთა და მზარეულთა ყოველთა შეუნდოს ღმერთმან: ამენ, ამენ, ამენ“.

მესამე წარწერა, 17-სტრიქონიანი, შესრულებული შავი საღებავით თეთრ ფონზე, მოთავსებულია სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა სვეტის ჩრდილო-დასავლეთ წახნაგზე. მე-12–16 სტრიქონების მარცხენა ნაწილები, შელესილობის ჩამოშლის გამო, ასევე მე-5–7 სტრიქონების დასასრული, საღებავის აცვენის გამო, ნაკლულია, მაგრამ ტექსტის აღდგენა შინაარსის მიხედვით ადვილია. წარწერის ტექსტი ასეთია:

„† პატრონისა, ერისთავთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესისა დადიანისა ვამეყის ბრძანებითა მოვ[ედი] კოსტანტი პოვლით (sic!) მხატვარი კირმანოელი ევგენიკოს და დავხატე ესე [ეკლესია შეწევენითა] ღმრთ[ისა. ვინც]ა შენ[დობა ბრ]ძანოთ, [თქვენ]ცა შეგინდოს [ღმერთმან]; ამენ, ამენ, ამენ“.

მესამე წარწერის გვერდით, იმავე სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა სვეტზე, მოთავსებულია ბერძნული ასომთავრული წარწერა, შესრულებული 15 სტრიქონად შავი საღებავით თეთრ ფონზე. სტრიქონების დასასრული, შელესილობის ჩამოშლის გამო, ნაკლულია. გადარჩენილი ტექსტი გვაუწყებს, რომ მხატვარი მანუელ ევგენიკოსი (Mανουηλ Ευγενίκος). ჩამოსულია კონსტანტინოპოლიდან, რისთვისაც ერისთავთა ერისთავს ვამეყს გაუგზავნია მონაზვნები, ქობალია მახარებელი (Κοπαλία ο Μαχαρεβέλης) და ანდრონიკე გაბისულავა (Άνδρόνικος ο Καπισουλμς).

წალენჯიხის ტაძრის ეს წარწერები თანადროულია. ქართული წარწერები პალეოგრაფიული ნიშნებით XIV ს. განეკუთვნება. მათში დასახელებული ისტორიული პირებიდან ცნობილია მხოლოდ ვამეყ დადიანი, რომელიც, მ. ბროსეს მიხედვით, მოღვაწეობდა დაახ. 1384–96. წარწერებიც ამ წლებით თარილდება. ეს წარწერები იმითაც არის მნიშენელოვანი, რომ მათში დოკუმენტურად დასტურდება XIV ს-თვის ქართული გვარსახელების დასავლურ-ქართული გაფორმება.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე. არხეოელოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ.2. ტფ. 1914;
  • ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. თბ., 1951

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები