ღლონტი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ღლონტი

ალექსანდრე ღლონტი – (დ. 5 აპრილი 1912, სოფ. დვაბზუ, ოზურგეთის რ-ნი,– გ. 10 აპრილი 1999, თბილისი), ენათმეცნიერი. ფოლკლორისტი. ფილოლოგიურ, მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობისა და ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1996).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1932), 1933–36 აკადემიკოს ნ. მარის, აკადემიკოს ი. მეშჩანინოვისა და პროფ. კ. დონდუას ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში.

ღლონტმა 1935-იდან დაიწყო სამეცნიერო კვლევითი და პედაგოგიურ მოღვაწეობა უმაღლეს სასწავლებლებში. 1938–89 განაგებდა ქართული ენის კათედრებს თბილისის, გორისა და ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1935–89 ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ და ფოლკლორულ ექსპედიციებს ქართლში, გურიაში, კახეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, იმერეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. ღლონტი ავტორია 880-ზე მეტი შრომისა და სტატიისა, რომლებშიც შესწავლილია ქართული ენის ლექსიკის, სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ონომასტიკის, ფოლკლორისტიკის ძირეული საკითხები. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „ქართული შაირები“ (1941); „ქართული ხალხური ნოველა“ 3 ტომად (1956, 1963; 1966), „ქართული ლექსიკოლოგია“ (1964). უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოები: „ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები“ (1971: II გამოც. 1988), „ქართული წინადადება“ (1966; 1978; 1996).

აღსანიშნავია ღლონტის დამსახურება ლექსიკონების შედგენაში. მან აღმოაჩინა და გამოსცა ნ. ჩუბინაშვილის დაკარგულად მიჩნეული ხელნაწერი შრომისა „ქართული ლექსიკონი რუსული თარგმანითურთ“ და „რუსულ-ქართული ლექსიკონი“. დააარსა სპეციალური სერია „ტოპონიმიკური ძიებანი“ (1971–98), რომლის II წიგნში შესულია მნიშვნელოვანი ტოპონიმიური და ჰიდრონიმიული მასალა. 1995 ღლონტს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას პრემია, ხოლო 1996 ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხებზე გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის – საქართველოს სახელმწიფო პრემია.

ალექსანდრე ღლონტი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

თ. კვაჭაძე


=თხზულებები

(გარდა სტატიაში აღნიშნულისა):

  • გურული ფოლკლორი, ნაწ. I, თბ, 1937;
  • ნარკვევები, წგ. I–2, თბ., 1955;
  • ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, ტ. 1-2, თბ., 1974–75 (II გამოც. 1984);
  • ხალხური პროზის ენისა და სტილის საკითხები, თბ., 1975;
  • ფილოლოგის ჩანაწერები, თბ,, 1980;
  • ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები, თბ., 1983;
  • ქართველური საკუთარი სახელები. ანთროპონიმთა ლექსიკონი, თბ., 1986;
  • ქართული ხალხური ნოველის საკითხები, თბ., 1989;
  • მრავალკარი, თბ., 1991.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები