რევიზორი (გოგოლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევიზორინიკოლოზ გოგოლის კომედია ხუთ მოქმედებად.

„რევიზორის“ სიუჟეტი გოგოლს პუშკინმა მიაწოდა. პიესის დასრულების შემდეგ ავტორმა შეკრიბა ახლობლები და მოაწყო მისი პირველი წაკითხვა, რომელსაც ესწრებოდა პუშკინი, ტურგენევი და სხვები. მოგვიანებით ტურგენევი იხსენებდა: „გოგოლი შესანიშნავად კითხულობდა. გამაოცა თავისი უბრალოებით და თავშეკავებით, იგი რაღაც მნიშვნელოვანზე მოგვითხრობდა, მაგრამ ამავე დროს, ამას აკეთებდა მიამიტური გულწრფელობით, თითქოს მისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, უსმენდა ვინმე, თუ არა და რას ფიქრობდნენ მასზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს გოგოლი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ ჩასწვდომოდა ამ ახალი ამბის არსს და ზუსტად გადმოეცა საკუთარი შთაბეჭდილებები“. პუშკინი აღფრთოვანებით შეხვდა გოგოლის კომედიას, ბევრი იცინა და იხალისა.

კომედიამ დიდი აურზაური და შფოთი გამოიწვია. სატახტო ქალაქის ოფიციალური წრეები შიშით შეხვდნენ „რევიზორს“, ბიუროკრატიულმა აპარატმა პერსონაჟებში თავისი თავი იცნო. კომედიის გამოქვეყნების გამო ავტორი კინაღამ გააციმბირეს. „საკმარისია სულ მცირე ჭეშმარიტება, რომ ერთი ადამიანი კი არა, მთელი წოდება ამხედრდეს შენს წინააღმდეგ“- წერდა გოგოლი.

„რევიზორი“ სოციალური სატირაა, ამასთანავე, კომედიის სიუჟეტი ანეკდოტს მოგვაგონებს. სიუჟეტი კი ასეთია: რუსეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში შემოწმების მოლოდინით შეშინებული ჩინოვნიკები ახალგაზრდა ხლესტაკოვს შეცდომით რევიზორად მიიჩნევენ. ქალაქის თავს - გოროდნიჩის სურს თავის სამფლობელოში ყველაფერი იდეალურად წარმოაჩინოს, ქალიშვილი ხლესტაკოვს მიათხოვოს და დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატაროს. რევიზორის გამოჩენით ატყდება ორომტრიალი, შეიქმნება კრიტიკული სიტუაცია, რომლის დროსაც თითოეული მოქმედი პირი საკუთარი ხასიათის ჭეშმარიტ ბუნებას გამოამჟღავნებს. ყველა ჩინოვნიკი თავისას ცდილობს, რათა თავი გადაირჩინოს. იწყება ერთმანეთის დაბეზღება, ქრთამის შეთავაზება, ღალატი, შური. მაგრამ გოგოლი თავის კომედიაში მხოლოდ ამ კონკრეტულ ქალაქში მომხდარ ამბავს კი არ წარმოაჩენს, არამედ იმ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ზოგადად ბიუროკრატიული რუსეთისთვის დამახასიათებელ ტიპურ მოვლენებს წარმოაჩენს. კერძოდ: ბიწიერებას, მექრთამეობას, ქურდობას, ძალმომრეობას, გამფლანგველობას, გაიძვერობას, უსამართლობას, ბოროტმოქმედებას, ხალხის ექსპლუატაციას, გონებრივი და სულიერი ცხოვრების სიღატაკეს და სხვ. ბუნებრივია, „რევიზორში“, პროვინციელ მოხელეებთან ერთად, თავიანთი თავი პეტერბურგის მსხვილმა ჩინოვნიკებმაც ამოიცნეს

გოგოლის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას ცხოვრების ფართო მასშტაბით წარმოსახვა, მრავალფეროვანი ხასიათების შექმნა წარმოადგენს. მის ყოველ პერსონაჟს მკვეთრად განსხვავებული, ძალზე სპეციფიკური ინდივიდუალური სახე აქვს.

კომედიის მთავარი პერსონაჟი გოროდნიჩია - სკვოზნიკ-დმუხანოვსკი. მას საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი, ვიდრე მაღალ თანამდებობას მიაღწევდა. თავისი უზნეო ყოფაქცევა მან ბიუროკრატიულ აპარატში შეიძინა, სადაც გამოცდილ მექრთამედ, გაიძვერად, ქურდ და გულქვა ადამიანად ჩამოყალიბდა. „ოცდაათი წელიწადია სამსახურში ვარ და ვერც ერთმა ვაჭარმა, ვერც ერთმა მოიჯარემ ვერ შეძლო ჩემი მოტყუება, არამზადების უსტაბაშებს ვატყუებდი, ისეთ თაღლითებსა და ჯიბგირებსაც კი ვაბამდი მახეში, რომლებიც მზად არიან მთელი ქვეყანა გაძარცვონ... სამი გუბერნატორი მომიტყუებია“ - ამბობს იგი. გოროდნიჩის ტიპის სოციალური არსი ბიუროკრატიის ფართო განზოგადებაა. სწორედ გოროდნიჩისნაირები ძარცვავდნენ და ატყუებდნენ სახელმწიფოს, ამიტომაც კერძომესაკუთრული მისწრაფებები, კარიერიზმი, მოხვეჭის სურვილი მათი ცხოვრების მთავარ არსს წარმოადგენდა. გოროდნიჩი თავისი ეპოქის შვილია. იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაჭერა და დასჯა შეუძლებელია: ირგვლივ ხომ ყველა მექრთამეა, ყველა მანკიერი ცხოვრებით ცხოვრობს.

სახელმწიფო აპარატის უფრო მრავალმხრივი დახასიათების მიზნით, გოგოლმა სხვა მოხელეების ტიპებიც გამოიყვანა - მოსამართლე ლიაპკინ-ტიაპკინი, რომელიც არანაკლები გაიძვერა და მექრთამეა. იგი მთელ დროს ნადირობაში ატარებდა, სამსახურში იშვიათად დადიოდა, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა, სიმართლის დადგენისათვის თავს არასოდეს იწუხებდა. უზნეო მოხელისთვის მართალი მხოლოდ ის იყო, ვინც მას კარგი ჯიშის მეძებარ ძაღლს საჩუქრად მიართმევდა.

ხლესტაკოვი განსხვავებული პერსონაჟია - ინტელექტუალურად მოუმწიფებელი, შინაგანად ცარიელი, უგუნური და თავგასული. მან განასახიერა ის უხამსობა და უარყოფითი თვისებები, რაც ქალაქისჩინოვნიკობას ახასიათებდა. ხლესტაკოვიც იმავე სოციალური გარემოს პროდუქტია, ისეთივეა, როგორიც გოროდნიჩი, ლიაპკინ-ტიაპკინი, ზემლიანიკა და სხვები. ხლესტაკოვის სულიერი სამყარო საოცრად ღარიბია. მისი ხასიათის ძირითადი თვისებებია პატივმოყვარეობა, თავქარიანობა და წვრილმანი ეგოიზმი. გოგოლის სიდიადე იმაშიც მდგომარეობს, რომ ხლესტაკოვის სახით მან არა მარტო სრულად წარმოგვიდგინა მაშინდელი რუსეთის ჩინოვნიკური ფენის დამახასიათებელი თვისებები, არამედ შექმნა ტიპი, რომელიც შორს გასცდა იმ დროსა და სინამდვილის საზღვრებს. ამ ხასიათში გამოვლინდა თავხედობა, ყოყოჩობა, უხამსობა და რაც მთავარია, მისწრაფება - თავი მოგვაჩვენოს იმად, რაც სინამდვილეში არ არის. ხლესტაკოვი ყველაზე კომიკურ სიტუაციაში მაშინ ვარდება, როცა სხვის მიერ გავრცელებულ სიცრუეს, მისი რევიზორობის შესახებ, თვითონაცდაიჯერებს და თავს მართლაც რევიზორივით დაიჭერს.

პიესაში არც ვაჭრები გამოიყურებიან უკეთესად. ისინი ასევე უსინდისოდ ატყუებენ ხალხს, როგორც მოხელეები. ეს გაიძვერა მოხელეები, ვაჭრები, პოლიციელები და მემამულეები ქალაქში ქმნიან მძიმე, გულშემზარავ ვითარებას.

გოგოლის ამ კომედიაში მოქმედება ძალზე დინამიკურად ვითარდება. დრამატურგიული ინტრიგა პიესის პირველსავე სცენაში, გოროდნიჩის პირველივე რეპლიკით იწყება, რომელიც თავის ხელქვეითებს რევიზორის მოსალოდნელ ჩამოსვლას აუწყებს: „მე უნდა გამცნოთ ფრიად არასასიამოვნო ამბავი. ჩვენთან ჩამოდის რევიზორი“- ამბობს იგი. ამ ამბავმა ყველა შეძრა. ეს ინფორმაცია ყუმბარასავით გასკდა. პიესის კვანძი შეიკრა. ყველა პერსონაჟის სახე და ხასიათი, გარდა ხლესტაკოვისა, მკითხველისთვის გასაგები გახდა. აღსანიშნავია, რომ გოგოლის პიესაში მამოძრავებელი ძალაა არა ერთი რომელიმე გმირი, არამედ მისი იდეა, აზრი.

კომედიაში სატრფიალო ინტრიგა არ არის. ხლესტაკოვი ერთსა და იმავე დროს ეარშიყება გოროდნიჩის ცოლსაც და ქალიშვილსაც, მაგრამ სიყვარულზე აქ ლაპარაკიც ზედმეტია. გოგოლისთვის სიყვარულის თემა უმნიშვნელოა, რადგან „ფული და ხელსაყრელი ქორწინება“გაცილებით მნიშვნელოვანია.

გოგოლმა თავისი „რევიზორით“ გვიჩვენა ხელისუფალთა არა მარტო აღმაშფოთებელი თავგასულობა და სიბილწე, არამედ ისიც, რომ ამგვარი მდგომარეობა რუსეთში აღიარებულად, დაკანონებულად და იდეალურად ითვლებოდა.

პიესის დადგმა მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც იმპერატორი დაარწმუნეს, რომ კომედიაში მხოლოდ უვარგისი პროვინციელი ჩინოვნიკების მხიარული დაცინვაა ასახული. „რევიზორის“ პრემიერა სატახტო ქალაქში - ალექსანდრინსკის თეატრში 1836 წლის 19 აპრილს შედგა. პირველმა დადგმამ დიდი აურზაური გამოიწვია. ავტორი ლანძღვისა და მუქარის ობიექტად იქცა. პირველი წარმოდგენით ავტორი უკმაყოფილი იყო და საამისო მიზეზიც ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერც მსახიობებმა, ვერც კრიტიკოსებმა ვერ გაიგეს პიესის სატირის სოციალური მნიშვნელობა, მისი სიღრმე. უმრავლესობამ იგი აღიქვა როგორც ფარსი და გაითამაშეს იგი როგორც ვოდევილი, ზოგმა მასში ჩინოვნიკების კარიკატურა დაინახა. 1836 წლის 24 მაისს „რევიზორი“ დაიდგა მოსკოვის საიმპერატორო თეატრის სცენაზე (გოროდნიჩის როლს შჩეპკინი თამაშობდა, ხოლო ხლესტაკოვის - ლენსკი). გოგოლის ეს კომედია იმთავითვე ქვეყნის ლიტერატურულ, თეატრალურ თუ საზოგადოებრივ მოვლენად იქცა.

„რევიზორი“ ქართულ სცენაზე

გოგოლის „რევიზორი“ ქართულ სცენაზე პირველად წარმოადგინეს თბილისში 1881 წლის 19 აპრილს. ამ დადგმის ინიციატორი ვასო აბაშიძე იყო. გაზეთი „კავკაზი“ მაღალ შეფასებას აძლევდა წარმოდგენას. განსაკუთრებით აღინიშნა მსახიობების შესრულება: ვ. აბაშიძის - ხლესტაკოვი, ნატო გაბუნიას - მარია ანტონოვნას როლები. მოგვიანებით ვ. აბაშიძემ „რევიზორი“ თავის საბენეფისოდ დადგა (1882 წლის 22 დეკემბერს). ხლესტაკოვის როლი თავად შეასრულა, გოროდნიჩის როლი - კოტე ყიფიანმა, ხოლო ოსიპის - კოტე მესხმა.

რუსული კლასიკური დრამატურგიის ეს ნაწარმოები დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე როგორც 80-იან წლებში, ისე შემდეგაც: 1892-93 წლებში ქუთაისის დრამატულ თეატრში (კ. მესხის ხელმძღვანელობით), 1895 წელს თბილისში (ამჟამად ვ. აბაშიძემ გოროდნიჩის როლი შეასრულა), 1899 წელს თელავში, 1916 წელს რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ „რევიზორის“ დადგმა თბილისის რუსულ თეატრში განახორციელა და ა. შ. ასეთია გოგოლის „რევიზორის“ დადგმის ქრონოლოგია რევოლუციამდელ ქართულ სცენაზე.

1951 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ალექსანდრე თაყაიშვილმა დადგა „რევიზორი“. (გოროდნიჩის როლს - შალვა ღამბაშიძე ასრულებდა, ხლესტაკოვს - ვასო გოძიაშვილი, ანა ანდრეევნას - ცეცილია თაყაიშვილი, მარი ანტონოვნას - მარინა თბილელი).

დღეს „რევიზორის“ დადგმა ახალ სიცოცხლეს იძენს (ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე - რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი). გოგოლის დრამატურგია ახლებურად გააზრების მრავალ შესაძლებლობას იძლევა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები