ოქრომჭედლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საოქრომჭედლო

ოქრომჭედლობა - ოქრომჭედლობას საფუძველი ეყრება მელითონეობის უძველეს პერიოდში, რითაც ასე გამოირჩეოდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები - მოსინიკები, მოსხები, ტიბარენები, ხალიბები და თუბალები. ამ უკანასკნელს ბიბლიაში რვალის მჭედლის პრიორიტეტი აქვს მიკუთვნებული. ურარტუს მეფე არგიშთს, დიაოხში ლაშქრობისას (ძვ. წ. VIII ს.), ნადავლად აუღია 41 მინა ოქრო (დაახლ. 20 კგ.), 37 მინა ვერცხლი და ათი ათასი მინა სპილენძი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადრეკლასობრივ საქართველოს ტერიტორიაზე ამ მეტალების მოპოვებისა და დამუშავების მაღალი კულტურა არსებულა. ამას დავუმატებდით არგონავტების დაინტერესებას ოქროს საწმისით და მიწის დასამუშავებელ სახნისს, სპილენძის ჩლიქებიანი ხარებით - როგორც უმკვეთრეს საბუთს ძველი კოლხეთის წარმატებული მელითონეობისა. ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი ხელოვნება, შესანიშნავად გამომზეურდა საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში, რომლებმაც ცხადი გახადეს სამკაულის განვითარების სახელოვანი გზა და აგრეთვე დაადასტურეს საზოგადოების მაღალი ფენის არსებობა, რომელთა ესთეტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებითაც დაუმზადებიათ ისინი.

სამკაული ადამიანის ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია და ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი, თუმცა ვერავინ განსაზღვრის იმ დროს, როცა უბრალო საგანი პირველად აიღო მან და თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მუდმივ სამშვენისად გაიხადა.

საოქრომჭედლო იარაღები და ოქრომჭედლობის ტიპური ნიმუშები საქართველოში

ოქრომჭედლობის ისტორია ფაქტობრივად, ესაა სამკაულის განვითარების ისტორია და ბრინჯაოს ხანაში უკვე გამობრწყინდა ამ დარგის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები: გულსაკიდები, საყურეები, ყელსაბამები, დიადემები, ბეჭდები. სამკაულმა იმთავითვე განსხვავებული სახე მიიღო, ერთი იყო წმინდა ესთეტიკური, მეორე - ძალაუფლების (სამეფო გვირგვინი, სკიპტრა, ტიარა) და მესამე - რელიგიური დანიშნულების (ამულეტი, ავგაროზი, ჯვარი) აღმნიშვნელი.

საქართველოში ოქრომჭედლობას აღმავალი ხასიათი მიეცა ძვ.წ. II ათასწლეულში, რომლის უბრწყინვალესი ნიმუშია საყოველთაოდ ცნობილი თრიალეთური კულტურის ვერცხლისა და ოქროს ნივთები. რომლებშიაც ამოვლენილია განვითარებული ოქრომჭედლობის ყველა ხერხი: გავარსი, გრანულაცია, მორჩილვა, გრეხილი, დაფანჯვრა, ღრუსივრციანი ნივთების დამზადება (ერთ-ერთი რთული ეტაპი ნებისმიერი დროის ოქრომჭედლობისა), თვლებით ინკრუსტაცია. ამ რიგის უბრწყინვალესი ნიმუშია თრიალეთში აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი გავარსიანი, ოქროს ყელსაბამი - სარდიონისა და აქატის დაზოლილი ქვებით. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ზომის ღრუსივრციანი ოქროს მძივები, უბადლო ტექნიკითაა დამუშავებული და დახვეწილი ხელოვნებითაა გაწყობილი. ეს ნივთი, მისი დროის სხვა მასალასთან ერთად, საფუძველს უყრის ქართული ოქრომჭედლობის აღმავლობას, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ.წ. II ათასწლელში და გამოიხატა თრიალეთის ორი - ვერცხლისა და ოქროს თასების დამზადებაში. დღემდე ამ ნივთების შესახებ, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის უნიკუმებს წარმოადგენს, უამრავი მეცნიერული თუ საცნობარი ხასიათის მასალებია გამოქვეყნებული, მაგრამ მათ მიმართ გამოჩენილი ინტერესი არათუ იკლებს, უფრო მეტად იზრდება და ეს თასები იმსხურებს ასეთ ყურადღებას არა მხოლოდ მათი მაღალმხატვრული ესთეტიკური ღირებულებების გამო, არამედ რელიგიურ-სიუჟეტური მოტივებითაც, განსაკუთრებით ეს ეხება ვერცხლის თასს, რომელზედაც გამოსახულია ნიღბებიანი სატომო ღვთაებანი. ეს ეპოქა ინახავს ქართველური მოდგმის ტომთა საიუველირო ხელოვნების უმაღლეს დონეს. ფაქტობრივად, უძველესი ცნობები კავკასიის, როგორც მელითონეობის დიდი კულტურის მქონე მხარის შესახებ, ამ მასალებითაც დასტურდება, თუმცა ეს ტრადიცია თუ II ათასწლეულის ბოლოს ოდნავ სუსტდება, I ათასწლეულში უკვე მთელი სიძლიერით იფურჩქნება, მაშინ როცა საფუძველი ეყრება ქართული სახელმწიფოს წარმოშობას.

ოქრომჭედლობის უხვი მასალები მიკვლეულ იქნა ფარცხანაყანევში, ყაზბეგში, ჭუბურხინჯში, ცხინვალში, მაგრამ თავისი კლასიკური სახით მან გამოანათა ვანისა და საირხის არქეოლოგიურ მასალებში, საიდანაც ათეული წლების განმავლობაში განუწყვეტელ ნაკადად მოედინება საოქრომჭედლო ნაკეთობათა შედევრები.

ასეთ ნაკეთობათა რიგს მიეკუთვნება ძვ.წ. Vს. დიდემა ოქროსავე სასაფეთქლეებით, რომელიც წარჩინებული ადამიანის შემამკობელი უნდა ყოფილიყო. დიადემათა ასეთი ტიპი თავისი სხივანა სასაფეთქლეებით, ყველაზე დახვეწილი ფორმით საქართველოშია წარმოდგენილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი ადგილობრივი ოქრომჭედლობის სკოლის კუთვნილებაა. ამავე ეპოქის მშვენებას წარმოადგენს ვერძისთავიანი სამაჯურები, სხივანა საყურეები და ოქროსავე ყელსაბამი ფრინველების გამოსახულებით. ყველა ეს ნივთი უმაღლესი ოსტატობის ნიმუშია, განსაკუთრებული ოსტატობითაა შესრულებული ყელსაბამის ფრინველთა პატარა ფიგურები, რომლებთაც პაწაწინა თვალების მაგივრად ჩასმული აქვთ ცისფერი პასტის ინკრუსტირებული ნაწილები. რაც შეეხება ვერძისთავიან სამაჯურებს, ისინი აქემენიდური ხანის ნიმუშებთან იჩენენ მსგავსებას, რაც სხვა ამ რიგის მასალასთან ერთად მოწმობს, რომ საქართველოს საიუველირო ხელოვნება იცნობდა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ოქრომჭედლობის მიღწევებს და მათ იყენებდა თავისი ნაციონალური და თვითმყოფადი სტილისჩამოყალიბებისათვის.

საგულისხმოა, რომ როგორც ვანში, ასევე საირხეში ოქროს ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია საოქრომჭედლო იარაღები და ოქროს დასამუშავებლად გამზადებული ფირფიტები, რაც უშუალოდ მიუთითებს ადგილობრივი ხელოსნური პროცესის შესახებ.

მსოფლიო ოქრომჭედლობის შედევრადაა მიჩნეული ასევე ვანში აღმოჩენილი ყელსაბამად ასხმული 31 ოქროს კუ, რომელთაგან ერთი დიდია, დანარჩენი 30 კი პატარა. თითოეული კუ წვრილი გავარსის ორნამენტითაა შემკული, თვალებად ინკრუსტრირებული პასტები აქვს ჩასმული. ისინი ზოგადად თავისი ფორმით საუკეთესოდ გამოხატავენ ამ უწყინარ ცხოველთა მშვიდ ხასიათს.

საოქრომჭედლო

საგულისხმოა, რომ ვანის აღმოჩენებს ეთანადება და ეთანხმება ზემო იმერეთში - საჩხერეში, მოდინახეზე და განსაკუთრებით საირხეში აღმოჩენილი ოქროს ბრწყინვალე ნიმუშები, ეს მასალები თავისი მხატვრული გადაწყვეტითა და ტექნიკური ნიშნით ადგილობრივი ოქრომჭედლობის ნაწარმად წარმოგვიდგება და ზოგიერთ სკეპტიკოსს, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს ოქრომრავალი კოლხეთის ხელოსანთა ინდივიდუალურობა ირწმუნოს, საწინააღმდეგოს მტკიცებისათვის არგუმენტს აღარ უტოვებს. იბერიასა და კოლხეთის გამყოფ ზოლზე მყოფი საირხისათვის, რომელთაც საკმაოდ ასცდა ბერძნული კოლონიების გავლენა, საიუველირო ხელოვნებაში გამომუშავებული აქვს თავისი თვითმყოფადი სტილი, რომელიც გვერდს უმშვენებს ვანის მასალებს და ორივენი ერთად ქართული ოქრომჭედლობის ავტონომიურობას წარმოაჩენს.

ქართული ოქრომჭედლობის მიღწევას წარმოადგენს ე.წ. ფარაკიანი საბეჭდავები, რომლებიც სათავეს, მართალია, საბერძნეთში იღებს მაგრამ მისი ქართული მინაბაძები ერთობ ოსტატურად არის შესრულებული, ასეთი ბეჭდები გამოიყნებოდა წარჩინებულობის ნიშნად, რომელიც ფართოდ გავრცელდა ძვ.წ. V-IV ს-ში. ის იხმარებოდა ასევე საბეჭდავად, მათ ფარაკებზე ამოტვიფრული იყო რელიგიური შეხედულებით ნასაზრდოები ფიგურები. ოქრომჭედლობის ოსტატობა სრულიადაა განსახიერებული ახალგორის რაიონის სოფ. საძეგურში აღმოჩენილ წყვილ სასაფეთქლე საკიდებში, რომელიც ძვ. წ. IV ს-ით თარიღდება. ესაა ძველი ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, რომელიც სიუჟეტური თვალსაზრისით აქემენიდური ხელოვნების შტრიხებს ატარებს, მაგრამ ხელობის თვალსაზრისით პირწმინდად ქართული ნახელავია.

ქართულ ოქრომჭედლობაში ელინისტურმა კულტურამ მოიტანა ნაკეთობათა ფერადი ქვებით შემკობის წესი. ოქრომჭედლობაში ახალი ეტაპი დადგა გვიანანტიკურ ხანაში. ეს იყო პოლიქრომული სამკაულის გავრცელება, რომელთა საუცხოო ნიმუშები აღმოჩნდა მცხეთაში. მცხეთაში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები თავისი მხატვრულ-ესთეტიკური ღირსებით თავისუფლად იმკვიდრებენ ადგილს მსოფლიო საიუველირო ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშთა შორის.

ქართულმა ოქრომჭედლობამ დიდი წარმატება მოიპოვა ჭედურობასა და მინანქარის დამუშავებაში. ჭედურობის უდიდესი ხელოვნება განსაკუთრებით გამოიკვეთა განვთარებული ფეოდალიზმის ეპოქის ისეთ აღიარებულ ხელოვანთა შემოქმედებაში, როგორებიც იყვნენ ბექა და ბეშქენ ოპიზარები.

ოქრომჭედლობა მთელი სისრულით გამომჟღავნდა საბრძოლო იარაღებში, რომლებიც თავდაცვითი და თავდასასხმელი ფუნქციის გარდა, ადამიანის სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებდა. ამ დარგში კავკასიური იარაღი უაღრესად დიდი დახვეწილობითა და იმ დონის ორიგინალობით გამოირჩევა, რომ მისი აღრევა მსოფლიოს ნებისმიერ იარაღებში ფაქტობრივად შეუძლებელია. ოქრომჭედლობის დახვეწილი ოსტატობა გამოვლინდა ხმალ-ხანჯლებისა და თოფ-დამბაჩების მორთულობაში, რომელშიაც გამოყენებულია ოქრომჭედლობის ყველა ხერხი. როგორც ცნობილია კავკასიის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა გამუდმებულად იმყოფებოდა საბრძოლო მდგომარეობაში, ამიტომ იარაღის მიმართ დამოკიდებულებამ აქ იმდენად მძაფრი ხასიათი შეიძინა, რომ იგი ფაქტობრივად მუდმივ სატარებელ საგნად იქცა. იგი ადამიანის მენტალურობის მაჩვენებელადაც იქცა და მისი ესთეტურად მაღალი დონე ამ ვითარებამაც განაპირობა. კავკასიის ხალხთა ისტორია იარაღისადმი ფანატიკური სიყვარულის მრავალ მაგალითს იცნობს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან პრაქტიკულმა საჭიროებამ, დროთა განმავლობაში მის არსებობაში ჩადო გენეტიკური კოდი იარაღის დაუშრეტელი სიყვარულისა.

სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა იარაღ-საჭურვლის უმნიშვნელოვანესი ცენტრების გაჩენა კავკასიაში, რომელთაგან თბილისი ყველაზე სახელოვანი იყო. თბილისური იარაღ-საჭურვლის სამჭედლო სახელოსნოები აქ რამდნიმე ქუჩას მოიცავდა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კულტურის სხვადასხვა ელემენტი და იკვრებოდა ერთი დიდი მდინარება თბილისური ხელობისა. საინტერესოა, რომ იარაღის წარმოებაში მუდამ შეინიშნება ხელოსნური მეტოქეობის ელემენტები როგორც მტკიცე ფოლადის გამოდნობის, ასევე გერეგნული შემკულობის თვალსაზრისით, რისი შედეგიც იყო სახელგანთქმული ოსტატების დაწინაურება. თბილისის გარდა ოქრომჭედლობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა: ქუთაისი, ახალციხე, სენაკი, ზუგდიდი, თელავი, სიღნაღი და სხვ.



ლიტერატურა

  • ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
  • ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1971.
  • შ. ამირანაშვილი, ბექა ოპიზარი, 1956.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები