ბექა ოპიზარი
ბექა ოპიზარი (XII ს. II ნახ. – XIII ს. დასაწყისი), ქართველი ოქრომქანდაკებელი. თავისი დროისათვის და შემდეგაც სახელგანთქმული ხელოვანი. წარმომავლობით ან შემოქმედებითი მოღვაწეობით ოპიზასთან (კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ორმა ნაწარმოებმა – ანჩის ხატის ჩარჩოსა და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობამ. ბექა ოპიზარის შეუსრულებია აგრეთვე ანჩის სახარების ყდის მოჭედილობაც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1895 წ., როდესაც ეს სახარება ექვთიმე ღვთისკაცმა (ე. თაყაიშვილმა) პირველად ნახა დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მას მხოლოდ ხის ყდა ჰქონდა. ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში სოფრომ მწიგობარი აცხადებს: „მე... მოვაჭედინე ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროჲსმქანდაკებელსა ბექასა“.
წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 X 17), „ვედრების“ კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე – „ჯვარცმისა“. წყაროსთავის (კლარჯეთი) სახარების ყდის მოჭედილობისა და ხელნაწერის დამკვეთია ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის ასეთი წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი ოპიზარი“. ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195 წ., ყდის მოჭედვის თარიღი იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. კიდევ ერთი მინაწერი გვაუწყებს, რომ „....ამას ოთხთავსა ზედა არს ორასი დრამისა ვერცხლი და ოცი ოქროდ, თვლები და მარგალიტი და ოქრომჭედლისა ხელფასი კგ“ (23 დრამა). გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა შესრულებული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავსა და ფეხებთან მოჭედულობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია.
განთქმული ანჩის მაცხოვრის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა ანჩის ეპისკოპოსს, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელ რკინაელს, დაუკვეთია „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივგვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაჲთა.... მე იოანე ანჩელმა რკინაელმან ჴელ-ვყავ საშინელისა ამის ხატისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.
ბექა ოპიზარის ვირტუოზულად შესრულებული ჩუქურთმები, მაღალმხატვრულად დამუშავებული ფიგურები მოწმობს ოსტატის მაღალ ხელოვნებაზე. ბექა ოპიზარის ქმნილებები ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების მწვერვალია და იმ დროის დამახასიათებელია, როდესაც დეკორაციულმა ტენდენციებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ო. საყვარელიძე
ლიტერატურა
- ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956;
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- ხუსკივაძე ლ., ბექა ოპიზარი, თბ., 1976;
- Кондаков Н.П., Бакрадзе Д., опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПБ., 1890 [ქართ. წარწერების განმარტება დ.ბაქრაძისა);
- Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.
ბექა მრავალმნიშვნელოვანი |