ორესტეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორესტეაესქილეს „ორესტეა“ (458 წ.) ერთადერთი ტრილოგიაა, რომელიც ისტორიამ ბერძნული ლიტერატურის ანტიკური პერიოდიდან სრულად შემოინახა. ის სამი ტრაგედიისაგან შედგება: „აგამემნონი“, „ქოეფორები” და „ევმენიდები“. ტრილოგია ტეტრალოგიის ნაწილი ყოფილა, მასში შემავალ სატირულ დრამას – „პროტევსს“ ჩვენამდე არ მოუღწევია. „პროტევსში” ტროას ომის შემდგომ სპარტის მეფე მენელაოსის (აგამემნონის ძმის) სამშობლოში დაბრუნების ამბავი იყო გადმოცემული.

„ორესტეაში“ ბერძნული მითოლოგიის საგვარეულო დანაშაულით დამძიმებული კიდევ ერთი ცნობილი – ატრიდთა ოჯახის ისტორიის მნიშვნელოვანი ფინალური ეპიზოდებია მოთხრობილი. ატრიდების გენეალოგია ტანტალოსიდან იწყება. მათ ტანტალიდებსა და პელოპიდებსაც უწოდებენ, როგორც ტანტალოსისა და მისი ვაჟის – პელოპეს შთამომავლებს. ამ გვარის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძალაუფლებისათვის ბრძოლის, ღალატისა და შურისძიების მოტივები.

ესქილეს „სპარსელებსა“ და „შვიდთა ლაშქრობაში“ უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა პოეტის ინტერესი დანაშაულისა და გმირობის, პატივმოყვარეობის, თავისუფლებისა და თვითნებობის თემებისადმი. როგორც ტირანიის მოწინააღმდეგე და სამართლიანი და კანონიერი საზოგადოების შენების მომხრე, მას ადამიანების ზნეობრივი სრულყოფა და მანკიერებათაგან განთავისუფლება სურს. ტრილოგიაში იგრძნობა ორფიკული თეოსოფიის გავლენა, რომელიც ადამიანის ბუნებასა და ქცევაში ბოროტი ტიტანური საწყისის არსებობის შედეგებს ხედავს. „მოკვდავთ ანიჭებს თავხედობას/სამარცხვინო ბოროტი ძირი“, – ამბობს „აგამემნონის“ პაროდოსში ქორო. ეს ფრაზა პირდაპირ მიგვანიშნებს დიონისე-ზაგრეოსის ორფიკულ მითზე. ორფიზმის წარმოდგენა სამყაროზე, როგორც ორი საწყისის ბრძოლაზე, ადამიანზეც ვრცელდებოდა. ადამიანი და საზოგადოება სამყაროსეულ დუალიზმს იმეორებდა და შინაგანი დრამატიზმით, ორ საწყისს შორის ბრძოლით ხასიათდებოდა. თეატრის თეორიის თანახმად, თეატრის დანიშნულება შიშითა და თანაგანცდით აფექტთაგან განწმენდაა, რაც შინაგანი კონფლიქტის გადალახვას, დრამატული წინააღმდეგობის დაძლევას გულისხმობს. ტრაგედიის ფაბულა ისე უნდა შერჩეულიყო, რომ მაყურებელს სამყაროსა და საზოგადოებაში მოქმედი კანონზომიერებები დაენახა. ატრიდთა გვარის მითოლოგიური ისტორია თავისი დრამატული კოლიზიებით საუკეთესო მასალა იყო ტრილოგიის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მითის თემატიკას ადრეულ პოეზიაშიც ვხვდებით (მაგ. ჰომეროსთან, კიკლიკური პოეზიასა თუ სხვა.), სწორედ ესქილეს დრამატურგიულ ნაწარმოებში შეიძინა მან ჭეშმარიტი მასშტაბი და მნიშვნელობა. ამ მითის მიხედვით, ტრაგედიები სოფოკლემ და ევრიპიდემაც შექმნეს.

ესქილემ ტრილოგიისთვის ატრიდთა მითის დელფური ვერსია აირჩია, რომლის თანახმადაც საგვარეულო ცოდვის და დანაშაულებათა ჯაჭვისგან ორესტეს აპოლონი განწმენდს (დელფური რელიგია სისხლის აღების გვაროვნულ ადათს უპირისპირდებოდა). თუმცა, ესქილე გასცდა მითის რელიგიურ ასპექტს და ის ფილოსოფიურსა და ეთიკურ ჭრილში წარმოაჩინა. დრამატურგი ეტაპობრივად გვიჩვენებს საზოგადოების ღირებულებითი და სამართლებრივი ცნობიერების ევოლუციას, რომელიც საგვარეულო შურისძიებისა და „სისხლის აღების“ ადათის გადალახვაში აისახება. მკვლევართა აზრით, ეს პროცესი, ესქილეს ხედვით, ძველი გვაროვნული წყობილების დაშლასა და ახალი დემოკრატიული წესწყობილების ფორმირებას ახლავს თან. ამას გარდა, ისტორიულ ასპექტში „ორესტეაში“ ე.წ. მამობრივი და დედობრივი სამართლის ბრძოლას ხედავენ, რაც პირველყოფილი გვაროვნული წყობილების დაშლასა და ახალ ცივილიზაციურ საფეხურზე ასვლას უკავშირდებოდა. ძველსა და ახალ მსოფლგანცდას შორის ბრძოლა „ორესტეაში“ აპოლონისა და ერინიების დრამატულ წინააღმდეგობაში გამოიკვეთა.

შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები რამდენიმე პლანში ვითარდება – სოციო-ისტორიულში, რელიგიურ-ფილოსოფიურსა და ეთიკურში. მასში საინტერესოდ არის შერწყმული ესქილეს მსოფლგანცდის ორი ასპექტი – სკეპტიკური, რომელიც ადამიანის ბუნების ფუძისეული მანკიერების ხედვაში მდგომარეობს და ისტორიულ-პროგრესისტული, რომელიც კულტურისა და საზოგადოების სამართლებრივი ევოლუციის რწმენაში გამოიხატება. ეს გარემოება ეტეოკლეს ხასიათის დუალიზმსაც მოგვაგონებს („შვიდთა ლაშქრობა თებეზე“), რომელსაც, ერთი მხრივ, პროგრესისა და სამშობლოს კეთილი მომავლის სჯერა, თუმცა ამ მომავალში საგვარეულო ცოდვებით დამძიმებული ლაბდაკიდების ადგილს ვერ ხედავს. ამ მხრივ „ორესტეაში“ ესქილე უფრო „წინ“ მიდის, ის, რაც თებეს ტრილოგიაში ვერ მოხერხდა, აქ სურს რომ განახორციელოს და ორესტე საგვარეულო შურისძიებისა და ძალაუფლებისათვის დანაშაულებრივი ბრძოლის მანკიერი წრიდან „გამოიხსნას“. როგორც ჰუმანისტს, მას ადამიანის შინაგანი ძალისა და ეთიკური პოტენციალის სჯერა.

თამარ ბოკუჩავა

ტრილოგიაში შემავალი ტრაგედიები

  1. აგამემნონი
  2. ქოეფორები
  3. ევმენიდები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები