ქოეფორები (ესქილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქოეფორები – ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია. ტრილოგია „ორესტეას“ მეორე ტრაგედია. „ქოეფორებში“ მოთხრობილია, თუ როგორ მოკლეს აგამემნონისა და კლიტემნესტრას ვაჟმა ორესტე და მისმა მეგობარმა პილადემ, სამართლიანი შურისგების მიზნით, კლიტემნესტრასა და ეგისთე. პიესის ექსპოზიციური ნაწილი აგამემნონის საფლავზე ვითარდება. ფოკიდიდან დაბრუნებული დავაჟკაცებული ორესტე, რომელსაც თან ერთგული მეგობარი პილადე ახლავს, აგამემნონისა და ინაქეს საფლავებს მიაშურებს პატივის მისაგებად. აქ ის თავის და ელექტრას ხვდება, რომელსაც თან დამტირებელ ქალთა ქორო ახლავს. იმ ღამით დედოფალმა კლიტემნესტრამ საშინელი სიზმარი ნახა, „– მეზმანაო – ვშობე დრაკონი,/ ... ბალღის სახვევში ვახვევდიო, ახალშობილ გველს.... სისხლის ლეკერტი ამოჰქონდა ძუძუს კერტიდან, – ჰყვება ის. ორაკულებმა სიზმარი მოკლულის სულის შფოთვას დაუკავშირეს („– არ ისვენებსო მოკლულის სული,/დასტრიალებსო მკვლელის ბინას წყევლით და კრულვით“). დაზაფრულმა კლიტემნესტრამ მხევლები წამოჰყარა გამთენიისას და აგამემნონის სასაფლაოზე „გამორეკა“ შესაწირავით, იმ იმედით, რომ მოკლული ქმრის სულის მომადლიერებას მოახერხებდა.

ისევე, როგორც კასანდრას ზმანება „აგამემნონში“, კლიტემნესტრას სიზმარიც ტრაგიკული გარდაუვალობის განწყობას ქმნის. ეს ორი პიესა თითქოს სამყაროს ფუძისეული წონასწორობის მათემატიკური პრინციპით ერთიანდება − საზღაური საზღაურის წილ – ასეთია დიკეს კანონი. პირველ პიესაში აგამემნონი და კასანდრა იღუპებიან, მეორეში – კლიტემნესტრა და ეგისთე ამ პროპორციულ პრინციპს „აგამემნონში“ ნათელმხილველი კასანდრაც განჭვრეტს:

„ქალისთვის, ჩემი სიკვდილისთვის ზღავს თვითონ ქალი,
ბედკრულ კაცისთვის დაეცემა მხოლოდრე კაცი“.
ეუბნება ის არგოსელ მოხუცთა ქოროს.

„ქოეფორების“ მხევალი ქალების სიმღერა ტირანი მონარქების მიმართ არგოსში არსებულ ერთსულოვან სიძულვილს გადმოსცემს („ძალა გვიბრძანებს, ბრუნდს და მართალს ქალბატონისას/ მწარე ზიზღით განვადიდებდეთ“), მოძალადეების ხელში ხალხი შიშსა და გაჭირვებაში ცხოვრობს. აგამემნონისა და კლიტემნესტრას ქალიშვილი ელექტრა მსახურ ქალთა ხვედრს იზიარებს. დედის მიერ ათვალწუნებული, მას სიძულვილითვე პასუხობს. მამის საფლავთან მისულს სიტყვა ვერ მოუძებნია, რომ მოკლულს მკვლელის მიერ გამოგზავნილი შესაწირი მიართვას. ვითარების საზარელი ორაზროვნება კიდევ უფრო ამძაფრებს ქალიშვილის და მსახურთა პროტესტს. მათი ლოცვა შურისძიებისთვის ვედრებას ემსგავსება, ელექტრა მამას მისი შვილების მძიმე ხვედრს ამცნობს:

„ჩვენ ვართ ლტოლვილნი, მათხოვარნი ჩვენივ დედისა,
მან ეგისთოსზე, შენს ჯალათზე გაგვცვალა მამავ,
მონის ხვედრია ჩვენი ხვედრი, ხოლო ორესტე
უქონელია და უწილო“.

ელექტრა ღმერთებს, მიწას, ზეცას, სამართლიანობის ქალღმერთ დიკესა თუ მამამისის სულს სამართლის აღსრულებისა და შურისძიებისათვის მოუხმობს. კლიტემნესტრას წარგზავნილები დედოფლის დაღუპვას შესთხოვენ ღმერთებს და ისე აქცევენ სამსხვერპლო ზედაშეს. საფლავთან მსხვერპლშეწირვა უფრო დიდი „მსხვერპლშეწირვის“ რიტუალური დასაწყისი ხდება.

საფლავზე ელექტრა თმის მოკვეცილ კულულსა და ნაფეხურებს შენიშნავს და ორესტეს კვალს ამოიცნობს. დიდი ხნის უნახავ და-ძმას შეხვედრის სიხარული და შურისძიების გადაწყვეტილება აერთიანებთ. ელექტრა, ორესტე, პილადე და მსახური ქალები კლიტემნესტრასა და ეგისთეს წინააღმდეგ პირს შეკრავენ. „დიკეს ლახვარი გულს გაუპობს,/ ვინც გაქელა დიკეს დიდება“, დაასკვნის ქორო. ორესტე და პილადე კლიტემნესტრას ორესტეს დაღუპვის ცრუ ცნობას მიუტანენ და დასტურის ნიშნად ბრინჯაოს ურნით თითქოსდა მისი დამწვარი ცხედრის ფერფლს გადასცემენ. ჯერ ეგისთე ეწირება შურისძიებას, სასახლიდან მისი განწირული ყვირილი ისმის. მალე კლიტემნესტრაც გაიზიარებს მის ხვედრს. თუმცა ორესტეს უძნელდება დედის მოკვლა, მაგრამ პილადე აპოლონის დავალებასა და მუქარას გაახსენებს მას და მოვალეობის აღსრულებისაკენ უბიძგებს. დედის ვედრება და შეგონება ვეღარ აბრკოლებს ორესტეს, სიტყვებით:

„ფუჭი არ იყო შიში შენი სიზმარეული.
შენ მოჰკალ – სცოდე, გკლავ და ვცოდავ სამაგიეროდ...“1

იგი მოვალეობად მიჩნეული მართლმსაჯულების საზარელ ვალს აღასრულებს.

პიესის ექსოდოსში „აგამემნონის“ ფინალური სცენის ფორმალური განმეორება ხდება, ორესტე ხალხთან გამოდის, მის უკან სიღრმეში მოჩანს ეგისთესა და კლიტემნესტრას გვამები. ორესტეს, კლიტემნესტრასგან განსხვავებით, მოქალაქეების წინააღმდეგობის დაძლევა არ სჭირდება, პირიქით, ხალხი მადლობას უხდის მას როგორც მხსნელს და არგოსისათვის თავისუფლების მომტანს:

„წყვილეულ დრაკონს სასიკეთოდ მოჰკვეთე თავი,
სრულიად არგოსს მიანიჭე თავისუფლება“
, ეუბნებიან ისინი უფლისწულს. მიუხედავად ამისა, ორესტეს სტანჯავს ჩადენილი ქმედების სიმძიმე: – „დავყურებ აგერ, ჩემს უბედურ ხვედრზე მგლოვარი,/ და ვწყევლი ზიზღით ჩემს სისხლიან, მწარე გმირობას“.

მან იცის, რომ ჩადენილისთვის პასუხი მოეთხოვება, რომ მისი ტანჯვის გზა ჯერ არ დასრულებულა და შეცოდებათა გამოსყიდვისა და მათგან განწმენდის მძიმე გზა აქვს გასავლელი.

ორესტეს წინაშე მდგომი დილემა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია დრამატურგიის ისტორიაში. ორ ათეულ საუკუნეში, სრულიად სხვა ეპოქაში, შექსპირის პიესაში დანიის უფლისწული ჰამლეტიც მსგავსი ამოცანის წინაშე დადგება. ჰამლეტისაგან შურისძიებას მამის აჩრდილი მოითხოვს, ორესტესაგან – აპოლონი. პიესაში ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ორესტეს აპოლონის ბრძანებამ და მუქარამ უბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ. ამის შესახებ თავადაც ლაპარაკობს:

„თავად ლოქსიამ შთამაგონა, მისანმა ღმერთმა,
გაბედულება – თუ ამ საქმეს აღვასრულებდი...
არა და მძიმეს, აღუწონელს დამდებდა სასჯელს...“

თუმცა, მიუხედავად ღმერთის მონაწილეობისა, ორესტე მაინც არ არის მხოლოდ უფლის ზენაარი ნების ბრმა აღმსრულებელი. მისი თავისუფალი ნების გამოვლინება იმაში მდგომარეობს, რომ ის ცნობიერად კისრულობს ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას, რომელიც, მისი რწმენით, ადამიანურ და ზეციურ სამყაროში წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. განსხვავებით კლიტემნესტრასაგან, ის სამართლიანობას ანგარების გამო კი არ იმიზეზებს, არამედ საკუთარი მრწამსის თანახმად მოქმედებს. ალექსეი ლოსევის აზრით, „ორესტე და აპოლონი ერთმანეთის სადარი არსებები აღმოჩნდებიან, რამდენადაც არ უნდა აღემატებოდეს ძალით პირველი უკანასკნელს“.

ორესტეს ზეადამიანური ძალის საქციელმა მის ადამიანურ ბუნებას უმძიმესი დარტყმა მიაყენა, საშინელმა მღელვარებამ მოიცვა მისი არსება, გონება აერია, სული აემღვრა:

„რით დასრულდება ყოველივე, თავად არ ვუწყი,
გზას ასცდა თითქოს ეტლი ჩემი, ვერ დავიურვე
შლეგი ცხენები, ვეღარ ვიჭერ აზრთა სადავეს,
შეფართხალებულ გულში შიშმა იკივლა უკვე,
აცეკვდა გული იდუმალი დაირის ხმაზე“.

შურისძიების ქალღმერთ ერინიებით დევნილი Gგონებაშეშლილი ორესტე გარბის. არგოსელები კი მოვლენების შემდგომ განვითარებას ელიან:

„... ეს მესამე გაავდრება აღარ ვიცით
რას მოგვიტანს, ხსნას თუ დაღუპვას“.

თამარ ბოკუჩავა



იხილე აგრეთვე

ორესტეა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები