სპარსელები (ესქილეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპარსელები – ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია, რომელიც სალამინის საზღვაო ბრძოლას ეძღვნება (ძვ. წ. 472 წ.)

„სპარსელებში“ სალამინის ბრძოლის ამბავს ტრაგედიის მაყურებელი სპარსთა თვალთახედვიდან შეიტყობს. ეს დიდი ემოციური და იდეოლოგიური ზემოქმედების მქონე მხატვრული ხერხია, რომელსაც ესქილე ბერძენთა გამარჯვებისთვის მეტი წონისა და მნიშვნელობის მისანიჭებლად იყენებს და ამასთან, ისტორიულ მასალას ტრაგედიის ფორმას აძლევს.

ტრაგედია სპარს უხუცესთა ქოროს პაროდოსით იწყება, რომელსაც სპარსეთის ბრწყინვალე ლაშქრის ბედი აშფოთებს. მეფეთმეფე ქსერქსე საბერძნეთზე სალაშქროდ არის წასული. სუსაში მღელვარებაა. აზიის საუკეთესო ვაჟკაცები უცხო მხარეში იბრძვიან. სპარსთა ლაშქარი უძლეველად ითვლება, მაგრამ გამარჯვების ამბავი აგვიანებს. საბედისწერო შიში იპყრობს ქსერქსეს დედასა და გარდაცვლილი დარიუსის ქვრივს – დედოფალ ატოსას. ის თავის წინასწარმეტყველურ სიზმარს უყვება უხუცესთა ქოროს: ორი ღვიძლი და ესიზმრა ატოსას, ერთს სპარსული სამოსი ეცვა, მეორეს კი – დორიული კაბა. უეცრად დებს შორის შუღლმა იფეთქა, ერთმანეთს წაეკიდნენ, ქსერქსემ მათი დაშოშმინება განიზრახა და ქალები უღელში შეაბა. სპარსი დანებდა უღელს, ხოლო ელადის მკვიდრი აჯანყდა, აპეურები გაწყვიტა, უღელი დაამსხვრია და თავი გაითავისუფლა, ქსერქსე კი თავისი მწუხარე მამის ფერხთით მიწას დაენარცხა. ქორო ურჩევს ატოსას, ღმერთებსა და დარიოსის სულს ევედროს და დახმარება და მფარველობა სთხოვოს. ამასობაში მაცნეს ქსერქსეს სასტიკი მარცხის ამბავი მოაქვს. ბერძენთა ფლოტმა 310 ხომალდით სპარსელების 1000-მდე გემს სძლია, ხმელეთსა თუ ზღვაზე სპარსელების ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, მეფეთ-მეფე იძულებული გახდა სალამინიდან გაქცეულიყო. ლტოლვილი ჯარი მოწინააღმდეგემ, შიმშილმა და სიცივემ თითქმის სულ გაწყვიტა. ქმრის აკლდამასთან მიდის სასოწარკვეთლი ატოსა, იქნებ მისი აჩრდილისგან გაიგოს რამე სანუგეშო, თუმცა დარიოსი სპარსთა ლაშქრის განადგურებასა და ქსერქსესთან ერთად მხოლოდ ერთი მუჭა რაზმის დაბრუნებას წინასწარმეტყველებს. დარიოსი აფრთხილებს სპარსელებს, რომ ამიერიდან არასოდეს გაბედონ საბერძნეთზე გალაშქრება, რადგან ყოველთვის დასამარცხებლად იქნებიან განწირულნი.

ტრაგედია სავსეა სიმბოლიკით, რომელიც ბერძენთა გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. დედოფალ ატოსასა და ქოროს დიალოგი, მაცნეს მიერ მოთხრობილი ამბავი ბერძენთა მორალური და სამართლებრივი უპირატესობის დასტურია. როდესაც დედოფალი ეკითხება მაცნეს, თუ ვინ არის ბერძენთა მეთაური, მაცნე მიუგებს, რომ ისინი „კაცთაგან ვისმე არ ჰმონებენ, ქედს არ იხრიან“. ამ სიტყვებით ესქილე ბერძენთა თავისუფლებასა და მათი ბრძოლის სამართლიან ხასიათს უსვამს ხაზს. გარდა ადამიანების თავისუფალი ნებისა, ბერძენთა გამარჯვება უზენაესი მართლწესრიგისა და სამართლიანობის კოსმიური კანონებითაც არის განპირობებული. მათთვის სამყარო ჰარმონიული და გაწონასწორებული კოსმოსია, რომლის ხელყოფა პირვანდელ ქაოსში დაბრუნების საშიშროებას ქმნის. ამიტომ ის, ვინც წესრიგსა და სამართლიანობის ზენაარ პრინციპებს არღვევს, სხვის უფლებებსა და სიწმინდეებს ხელყოფს, ისჯება. დანაშაული, ფაქტობრივად, დადგენილი წონასწორობის წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს, რაც, უმეტესწილად, ადამიანის ამპარტავნებით (ჰიბრისით) არის გამოწვეული.

ესქილეს შემოქმედებაში ჩანს, თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ტრადიციული მსოფლმხედველობა ახალი დემოკრატიული ფასეულობების ფორმირების პროცესში. ვითარდება სამართლებრივი და მორალურ-ეთიკური ნორმები, იქმნება გეოპოლიტიკური ხედვა, რომელიც ღირებულებებისა და პოლიტიკური რეჟიმების სხვაობას ემყარება. ესქილეს თვალსაზრისით, დასავლეთსა და აღმოსავლეთს სახელმწიფოს მოწყობის პრინციპები და ადამიანისა და მისი თავისუფლების ხედვა განასხვავებს. „ელინების სპარსელებზე გამარჯვება, – წერს თეატრმცოდნე და ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე, – არის არა მხოლოდ ერთი ერისა თუ სახელმწიფოს მიერ მეორეს დამარცხება, არამედ თავისუფლების მონობაზე გამარჯვება, ტირანიის საფუძვლების შერყევა“

აღმოსავლური დესპოტია ადამიანის ჰიბრისის საფუძველი ხდება, შეუზღუდავ ძალაუფლებას უსაზღვრო პატივმოყვარეობა მოაქვს. ზომიერების დარღვევა გონების დაბნელებას იწვევს. ჰიბრისით შეპყრობილმა ქსერქსემ, თავისუფალი საბერძნეთის ტრიუმფალური დაპყრობის მიზნით, ჰელესპონტის ღვთაებრივი ნაკადის და ბოსფორის სრუტის ტალღების „ურჩ მონასავით“ „ჯაჭვებით“ შეკვრა განიზრახა, ტაძრები დაანგრია და ბომონები და საკურთხევლები დაამხო. ამპარტავნებით დაბრმავებული, ღმერთების ნებას არ შეეპუა და სამყაროს მოწყობის უზენაესი წესების წინააღმდეგ გაილაშქრა.

სიზმრის, დარიოსის აჩრდილისა და წინასწარმეტყველების სცენების შემოტანით ესქილე ისტორიული მოვლენის მითოლოგიზებას ახდენს, რითაც მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებს. ამავე დროს, დრამატურგი სალამინის ბრძოლისა და ბერძნულ-სპარსული ომების ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობის გააზრებასა და ძველი მსოფლიოს მოწყობის ისტორიულ-კულტურულ მოდელს გვთავაზობს, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთმიმართების დღემდე აქტუალურ კონცეფციას ქმნის. ესქილეს თვალსაზრისით, „დასავლეთი“ და „აღმოსავლეთი“ კოსმიური ბალანსის პრინციპით არის გაყოფილი, სპარსელებს აზიაში ბატონობა ებოძათ, ბერძნებს – ევროპაში. ის ამ ბალანსის შენარჩუნების მომხრეა, რაც მსოფლიოში წესრიგსა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ამავე დროს, მისთვის დასავლეთი, როგორც კულტურულ-ღირებულებითი და გეოგრაფიული სივრცე აღმოსავლეთზე მაღლა დგას. ამ უპირატესობის „კანონიზაცია“ ესქილეს „სპარსელების” ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს. „სპარსელებში“ ბერძნული ტრაგედიის ძირითადი ეთიკური პრობლემებიც იკვეთება, როგორებიცაა ტრაგიკული დანაშაულისა და სასჯელის, თავისუფლებისა და დესპოტიის საკითხები.

ბერძენთა თვალსაწიერიდან ესქილეს ტრაგედია მათი მორალური და პოლიტიკური უპირატესობის დასტურს წარმოადგენს (თანაც ამ უპირატესობის მტერი აღიარებს, რაც კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მას). ისინი სამართლიან ომს აწარმოებენ და თავისუფალნი არიან. სამართლიანობასა და თავისუფლებასთან ერთად, ბერძენთათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას სიბრძნე, ცოდნა წარმოადგენს. ამპარტავნების მთავარი მიზეზი უცოდინრობაა. ქსერქსეს ჰიბრისი სიბრძნის არქონამ გამოიწვია. ტექსტში მას რამდენჯერმე უწოდებენ „სულელს“, „უგუნურსა“ და „შეშლილს“.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ტრაგედიის სვედიანი, მწუხარე ასპექტი, რომელიც მზარდი ემოციური ზემოქმედებით ვითარდება. პოლიტიკური მდგენელის გარდა, აქ ძლიერია ჰუმანისტური ზოგადსაკაცობრიო მხარე, რომელიც სპარსთა უდიდესი დანაკარგის მიმართ თანაგრძნობით გადმოიცემა. შფოთის ატმოსფერო ავისმომასწავებელი სიზმრებითა და წინასწარმეტყველებებით მძაფრდება, მაცნეს მონათხრობი სპარსელების სრულ სამხედრო და ადამიანურ მარცხს გადმოსცემს, ხოლო დარიოსის აჩრდილის წინასწარმეტყველება მათ სამომავლო რევანშის პერსპექტივასაც უკარგავს. ტრაგედია ქოროსა და გადარჩენილი ქსერქსეს ერთობლივი ტირილით სრულდება, რომლებიც წაგებულ ბრძოლაში უსახელოდ დაღუპულ მეომრებს დასტირიან. ესქილეს სპარსელების მიმართ შურისძიების გრძნობა არ ამოძრავებს, მას მიაჩნია, რომ საკუთარი დანაშაულისათვის მათ საკმარისი სასჯელი და მწუხარება მოიმკეს და ქსერქსეს ამპარტავნების მსხვერპლად იქცნენ.

ბერძნული თეატრის ისტორიაში „სპარსელებს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ჩვენამდე მოღწეულთა შორის ერთადერთი პიესაა, რომლის სიუჟეტი მითოლოგიიდან კი არა, ისტორიიდან არის აღებული. „მავედრებლებისგან“ განსხვავებით, აქ გუნდი გადამწყვეტ როლს აღარ თამაშობს, თუმცა პერსონაჟების სახეებს (ატოსა, ქსერქსე, მაცნე, დარიოსის აჩრდილი) ჯერ კიდევ ფრაგმენტული ხასიათი აქვს. მიუხეადავად ამისა, სპარსელებში მკაფიოდ გამოჩნდა ანტიკური ბერძნული დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები და მსოფლგანცდა.

თამარ ბოკუჩავა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები