საზღვაო ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ გიუდენი

საზღვაო ბრძოლა - საზღვაო ძალების სხვადასხვა გვარეობის შენაერთების, ნაწილებისა და ხომალდების ორგანიზებული შეიარაღებული მოქმედება. საზღვაო ბრძოლა წარმოადგენს მიზნის, დარტყმების, ცეცხლისა და მანევრის ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებულ ერთობლივ მოქმედებას. მისი მიზანია მოწინააღმდეგის განადგურება. იგი წარმოებს ოპერაციის ან ბატალიების ფარგლებში, აგრეთვე ფლოტის ძალების სისტემატური საბრძოლო მოქმედებების დროს.

ისტორიულად საზღვაო ბრძოლა ვითარდებოდა ხომალდების, ფლოტის ძალების, მათი ტაქტიკის, ოპერატიული ხელოვნების ცვლილებებისა და სრულყოფის შესაბამისად. ნიჩბოსანი ფლოტის პერიოდში საზღვაო ბრძოლა ამოიწურებოდა მეომარი მხარეების გემების მიჯრით მიახლოებით ტარანისებური დარტყმების მისაყენებლად ან გემების ხელში ჩასაგდებად ხელჩართული ბრძოლით (აბორდაჟის).

XVII-XVIII საუკუნეებში, იალქნიანი ფლოტის განვითარებისა და მისი გლუვლულიანი ქვემეხებით შეიარაღების შემდეგ საზღვაო ბრძოლა ხომალდებს შორის მცირე მანძილზე საარტილერიო ორთაბრძოლის ხასიათს ატარებდა; კვლავინდებურად დიდი ადგილი ეთმობოდა აბორდაჟს.

XIX საუკუნეში, ორთქლის ფლოტისა და კუთხვილი არტილერიის გაჩენის შემდეგ, საზღვაო ბრძოლებში უფრო აქტიურად დაიწყეს მანევრის გამოყენება და ცეცხლის წარმოება შორი დისტანციიდან.

XX საუკუნის დამდეგს ახალი კლასის ხომალდების (სახაზო ხომალდების, სახაზო კრეისერების), წყალქვეშა ნავების, საზღვაო ავიაციის წარმოშობამ გაზარდა საზღვაო ბრძოლების სივრცობრივი გაქანება. ფლოტის სხვადასხვა ძალების, განსაკუთრებით, საგემბანო ავიაციის, მათი შეიარაღების საშუალებების, თვალთვალისა და მართვის ტექნიკური საშუალებების შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია ფლოტის ძალების როლის გადანაწილება საზღვაო ბრძოლებში.

II მსოფლიო ომის დროს ყველაზე განვითარებული ფლოტების ძირითადი დამრტყმელი ძალა ხდება საზღვაო ავიაცია და წყალქვეშა ნავები. შემდგომში საზღვაო ბრძოლების მთავარი იარაღი გახდა რაკეტები, განსაკუთრებით ფრთოსანი რაკეტები, ამაღლდა მუხტების სიზუსტე და სიმძლავრე, თვისებრივად გაუმჯობესდა რადიოელექტრონული საშუალებები. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად გააფართოვა თანამედროვე საზღვაო ბრძოლების სივრცობრივი საზღვრები, მის საწარმოებლად მოსაზიდი ძალებისა და საბრძოლო საშუალებების ნაირგვარობა.

საზღვაო დესანტის გადმოსხმის მოსაგერიებლად ბრძოლას აწარმოებენ სახმელეთო ჯარები, ავიაციის ნაწილები, შენაერთები და ფლოტის ძალები საზღვაო სანაპიროს (კუნძულების) თავდაცვის დროს. მათი მიზანია არ დაუშვან მოწინააღმდეგის დესანტის გადმოსხმა, ხოლო გადმოსხმის შემთხვევაში გაანადგურონ იგი. გადმოსხმული დესანტის განადგურება ხდება ერთდროულად გადმოსხდომის მთელ ფრონტზე ან ნაწილნაწილ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები