ნოიბერი კაროლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაროლინა ნოიბერი

კაროლინა ნოიბერი – გერმანელი მსახიობი, გერმანულ თეატრში, საშემსრულებლო ხელოვნებაში კლასიცისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი.

დაიბადა რეიხენბახში, ადვოკატ ვეისენბორნის ოჯახში. ბავშვს კარგი განათლება მისცეს. კაროლინას დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა. მამა, ბუნებით მკაცრი ადამიანი, ბევრ რამეს უკრძალავდა ქალიშვილს, ძალიან ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილის სურვილს – გამხდარიყო მსახიობი. 1718 წელს, კაროლინა შეყვარებულთან – იოჰან ნოიბერთან ერთად გაიქცა მამისეული სახლიდან. ისინი დაქორწინდნენ და შპიგელბერგის მოხეტიალე დასის წევრები გახდნენ. იოჰანი საშუალო დონის მსახიობი იყო, მაგრამ კაროლინას უწყობდა ხელს პროფესიულ დაოსტატებაში და ზოგადად, ყველა საქმეში გვერდით ედგა. კაროლინა თანატოლ კოლეგებს შორის ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მოგვიანებით, ქმართან ერთად გადადის ჰოფმანის დასში. გამოდიოდა აგრეთვე სამეფო სცენაზე, სადაც ფრანგი მსახიობების გვერდით უწევდა თამაში. კაროლინა პირველი გერმანელი მსახიობი იყო, რომელიც ალექსანდრიულ ლექსს დაეუფლა და გაითავისა ფრანგული თეატრალური დეკლამაციის სტილი. უფრო მეტიც, გერმანულად გადამუშავებულ ფრანგულ ტრაგედიებში მთავარ როლებს ასრულებდა. ბუნებრივი იუმორით აღსავსე, ცოცხალ კომიკურ სახეებს ქმნიდა იმპროვიზებულ კომედიებშიც, რითაც ხიბლავდა მაყურებელს. კაროლინა პირველი გერმანელი ტრავესტი მსახიობი იყო.

გერმანული თეატრის სცენაზე ქალი მსახიობი, კაროლინა ნოიბერამდე, მხოლოდ 20 წლით ადრე გამოჩნდა. მანამდე ქალების როლებს კაცები ასრულებდნენ. კაროლინას განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა ახალგაზრდა სტუდენტ ვაჟთა როლები, რომელთა თამაშის დროს, რამდენჯერმე იცვლიდა კოსტიუმს.

მოგვიანებით, ჰოფმანის დასიდან ბრაუნშვეიგში, ვაგნერის დასში, გადადის სამუშაოდ. ფრანგული თეატრით გატაცებული ვაგნერის დასი დაახლოებული იყო სამეფო კართან. ამ თეატრში ითამაშა ვოლტერის – „ბრუტოსში“, რასინის – „ალექსანდრე დიდსა“ და „სიდში“.

კაროლინა ნოიბერი გერმანული სამსახიობო სკოლის რეფორმაზე ოცნებოდა, გერმანული საშემსრულებლო სკოლის ფრანგულ სამსახიობო სკოლასთან დაახლოება სურდა. სწორედ ამ მიზნით, საკუთარი დასი შექმნა. დასში სახელგანთქმული მსახიობები მიიწვია. მათ შორის, შეყვარებულ გმირთა ცნობილი შემსრულებელი, კოლგარდტი. ნოიბერის დასს ძალიან გაუჭირდა ახალი, თანამედროვე დრამატურგიის გარეშე. 1727 წელს ლაიფციგში შეხვდა გოტშედს, რომელმაც მიზნის განხორციელებაში შეუწყო ხელი. გოტშედი თეატრში ლიტერატურლ კონსულტანტად მიიწვიეს. ნოიბერმა და გოტშედმა თეატრის შემოქმდებითი მუშაობის პრინციპები ჩამოაყალიბეს: ჟანრების მკაფიო გაყოფა, ლექსის და პროზის მონაცვლეობის შეცვლა ალექსანდრიული ლექსით, სამსახიობო იმპროვიზაციის უარყოფა. მკაცრ ჩარჩოებში ჩასვეს სამსახიობო „ბუფონადა“ და ცდილობდნენ საერთოდ აეკრძალათ იგი. გოტშედის ფუნქციებში შედიოდა: რეპერტუარის შედგენა, დრამატურგებთან და მსახიობებთან განმანათლებლური მუშაობა. ორივენი სცენაზე გერმანული კლასიცისტური ტრაგედიის დამკვიდრებისათვის იღვწოდნენ. ნოიბერი გოტშედის თეორიას პრაქტიკულად ახორციელებდა სცენაზე – საშემსრულებლო ხელოვნების გარდაქმნისათვის იბრძოდა. მცდელობამ შედეგი გამოიღო, გერმანულ თეატრში მანამდე არსებული უფსკრული, დრამატულ პოეზიასა და სამსახიობო ხელოვნებას შორის, ნელ-ნელა ქრებოდა.

კაროლინა ნოიბერი ბრწყინვალე ორგანიზატორი და პედაგოგი იყო. მან არაერთი ნიჭიერი მსახიობი აღზარდა.

1728 წელს ნოიბერთან ტრაგიკოსი მსახიობი და დრამატურგი − კოხი იწყებს მოღვაწეობას. კოხმა თეატრის რეპერტუარი თავისი პიესებით შეავსო. 1730 წლიდან კი მათ დასს შიონემანი – არლეკინის როლის შესანიშნავი შემსრულებელი შეუერთდა. ნოიბერმა მსახიობებს დისციპლინა გამოუმუშავა (რაც იმ დროისთვის დიდი მოვლენა იყო). მსახიობები აღარ იგვიანებდნენ რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე. ებრძოდა მსახიობთა ბოჰემურ თვისებებს და ზნეობრივ სიმდაბლეს. მისი დამოკიდებულება მსახიობებისადმი პატრიარქალურ ხასიათს ატარებდა: გაუთხოვარი მსახიობები მასთან ცხოვრობდნენ. უცოლო მამაკაც მსახიობებს თავის სახლში აპურებდა, რათა მათ დუქნებში (ტრაქტირებში) არ ეარათ. ყველა თეატრში მომუშავეს, ძირითადი საქმიანობის გარდა, რაიმე უნდა გაეკეთებინა თეატრალური მეურნეობისათვის: კერავდნენ კოსტიუმებს, ხატავდნენ დეკორაციებს და სხვ. კაროლინამ დასი მეგობრულ კოლექტივად გადააქცია. რეფორმა მკაცრად მოითხოვდა როლის ტექსტის დასწავლას, რაც უფროსი თაობის მსახიობებს უძნელდებოდათ, მათ შორის თავად ნოიბერს. მსახიობებისგან მოითხოვდნენ, ფრანგულის მსგავსად, მჟღერად, გაწელილხმოვნიან, მხატრულად მკაფიო, დახვეწილ მეტყველებას, რომელიც შორს იყო XVII საუკუნეში გამეფებული გერმანული წარმოთქმისაგან, არაბუნებრივი პათოსისაგან. რეფორმა პლასტიკასა და ჟესტიკულაციასაც შეეხო. მსახიობები სცენაზე დინჯად მოძრაობდნენ, ეს სიდინჯე მხოლოდ ძლიერი ვნებების გამოხატვის დროს ირღვეოდა, ჟესტიკულაცია თვისობრივი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, კოსტიუმებიც ფრანგული კლასიცისტურის მსგავსი გახდა. გოტშედი წერდა, რომ გერმანულ სცენაზე მსახიობებს რომაელების განსახიერებისას წვეტიანი ქუდები ეხურათ. 1741 წელს გოტშედის „მომაკვდავი კატონის“ დადგმისას, მსახიობებს რომაული კოსტიუმები ეცვათ, დარბაზში სიცილი ამტყდარა. გერმანელი მაყურებელი მზად არ იყო ისტორიულიად ზუსტი კოსტიუმების აღქმისათვის.

რეფორმების მიუხედავად, ნოიბერის თეატრში გერმანელი არლეკინის − განს ვურსტის, პერსონაჟი მაინც არსებობდა. გოტშედი ამ ხალხურ პერსონაჟს გერმანული თეატრის ჩამორჩენაში ადანაშაულებდა. გოტშედის ზეწოლით, კაროლინამაც გადაწყვიტა განს ვურსტის პერსონაჟის თეატრიდან გაძევება. 1737 წ. სპექტაკლის დაწყებამდე, გაითამაშეს განს ვურსტის სასამართლოს გოტშედის შეთხზული პროლოგი. ვურსტი დაადანაშაულეს საზოგადოების გემოვნების დათრგუნვაში და მისი ფიტული დაწვეს.

1739 წ. გოტშედსა და ნოიბერს შორის კონფლიქტი მოხდა. ნოიბერმა არ დაისწავლა გოტშედის მიერ ახლად თარგმნილი ვოლტერის − „ალზირა“. მიუხედავად მძიმე მატერიალური მდგომარეობისა, ნოიბერი, დასთან ერთად, რუსეთში საგასტროლოდ გაემგზავრა. განაწყენებულმა გოტშედმა უღალატა ნოიბერს და შიონემანის დასს შეუერთდა. საპასუხოდ, კაროლინამ გოტშედის გასამასხარავებელი კარიკატურა დადგა. მათი კონფლიქტის შემდეგ, კაროლინა ნოიბერის თეატრის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. 1743 წელს ნოიბერი ტოვებს დასს, შემდეგ წელს ისევ უბრუნდება თეატრს და საუკეთესო ძალებს შემოიკრებს. კონკურენციას უწევს შიონემანის თეატრს. ნოიბერის თეატრში იდგმება, კლასიცისტი დრამატურგის − ელიას შლეგელის ტრაგედიები და კომედიები, აგრეთვე დანიელი დრამატურგის, ლუდვიგ ჰოლბერგის კომედიები.

თეატრის დახურვამდე, 1747-48 წწ. ნოიბერმა ლესინგის ადრეული ნაწარმოებები − კომედიები დადგა. 1750 წელს, მატერიალური მდგომარეობის გამო, ნოიბერის დასი საბოლოოდ დაიშალა. კაროლინა, ქმართან ერთად, ერთხანს მოხეტიალე დასში მოღვაწეობს. მალევე, თავს ანებებს მსახიობობას და საცხოვრებლად ლაიფციგში გადადის.

1760 წელს კაროლინა ნოიბერი გარდაიცვალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები