ნაბუქოდონოსორ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაბუქოდონოსორ II

ნაბუქოდონოსორ II - (ნაბუ-კუდური-უცური, მმართველობის წლები: ძვ.წ. 605 წლის 7 სექტემბერი – 562 წლის 7 ოქტომბერი) – ახალბაბილონური სამეფოს მეფე, ქალდეის დინასტიიდან. ნაბოფალასარის ვაჟი.

ნაბუქოდონოსორი ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა ომებში მამამისთან, ნაბოფალასართან ერთად. ის სარდლობდა ბაბილონის ჯარს ქარხემიშთან გამართულ ბრძოლაში (ძვ.წ. 605 წლის მაისის ბოლო) და პირადად უძღვებოდა ლაშქრობებს ფინიკიაში, სირიაში და პალესტინაში. ძვ.წ. 605 წლის აგვისტოში ნაბოფალასარი გარდაიცვალა და ტახტს ბაბილონში იმავე წლის სექტემბერში ჩასული ნაბუქოდონოსორი დაეუფლა უკვე გამეფებულმა უფლისწულმა იმავე წელს განაგრძო ლაშქრობა პალესტინაში, ფინიკიაში და სირიაში, რის შემდეგაც ძვ.წ. 604 წელს ბაბილონში უზარმაზარი ნადავლით დაბრუნდა.

ძვ.წ. 604 წლის ივნისში ბაბილონელებმა კვლავ ილაშქრეს პალესტინასა და ფინიკიაში. მათ წინააღმდეგ ამოქმედდა ფილისტიმელთა ქალაქი აშკელონი, რომელიც ეგვიპტის დახმარების იმედზე იყო. აშკელონის მეფე ადონმა ეგვიპტის ფარაონს, ნეხო II-ს მიმართა დახმარებისთვის ნაბუქოდნოსორის წინააღმდეგ, თუმცა ფარაონმა ვერ მოახერხა დახმარების აღმოჩენა ფილისტიმელისთვის. ძვ.წ. 604 წლის დეკემბერში ბაბილონელებმა შტურმით აიღეს აშკელონი, დაანგრიეს და გაძარცვეს. ძვ.წ. 603 წლის მაისში ნაბუქოდონოსორ II იუდეის დასაპყრობად დაიძრა, მაგრამ იუდეის მეფე იოაკიმმა ბაბილონელ დამპყრობელს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და მის ვასალად იქცა.

ძვ.წ. 601 წელს ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტეში ლაშქრობა დაიწყო. სისხლიმღვრელი ბრძოლების შედეგად ეგვიპტელებმა შეაჩერეს მტერი და ნაბუქოდონოსორი იძულებული გახდა უკან დაეხია. ბაბილონელთა დანაკარგები იმდენად დიდი გამოდგა (განსაკუთრებით ცხენოსნებში და ეტლებში), რომ ნაბუქოდონოსორი იძულებული გახდა 20 თვის განმავლობაში ეწარმოებინა არმიის შევსება და შეიარაღება. თუმცა ეგვიპტის ფარაონმა ნეხო II-მ სამუდამოდ ხელი აიღო აზიელ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში.

ნაბუქოდონოსორ II-ს წარუმატებლობამ ეგვიპტეში გამოიწვია მღელვარება პალესტინაში, ფინიკიასა და სირიაში. იუდეის სამეფომ ბაბილონს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. ძვ.წ. 599 წელს ბაბილონის ჯარებმა კვლავ დაიწყეს ახალი ლაშქრობა განდგომილი ვასალებისა და აჯანყებული პროვინციების წინააღმდეგ. მთელი წლის განმავლობაში ბაბილონის ჯარები აოხრებდნენ იუდეის ტერიტორიას. ძვ.წ. 598 წლის ბოლოს თავად ნაბუქოდონოსორი დაიძრა მთავარი ძალებით იუდეის წინააღმდეგ და ძვ.წ. 597 წლის იანვარში მიაღწია იერუსალიმს. იოაკიმმა ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. როდესაც ის ბაბილონის მეფესთან გამოცხადდა, ნაბუქოდონოსორმა მისი შეპყრობა და მოკვლა ბრძანა. იუდეის ტახტზე ბაბილონელებმა იოაკიმის ძე, იესონია დასვეს, ხოლო 3023 ცნობილი და გავლენიანი იუდეველი ტყვედ წაიყვანა.

იეხონიამ ანტიბაბილონური მოქმედება დაიწყო, რასაც ნაბუქოდონოსორის ჯარის ლაშქრობა მოჰყვა. ძვ.წ. 597 წლის მარტში იეხონიამ იერუსალიმი უბრძოლველად დაუთმო მტერს. ნაბუქოდონოსორმა იუდეის მეფე მისივე ოჯახით ბაბილონში გადაასახლა 10000 იუდეველთან ერთად.

ბაბილონელებმა გაძარცვეს უფლის ტაძარი იერუსალიმში და წაიღეს მთელი განძეული. იუდეის მეფედ ნაბუქოდონოსორმა იეხონიას ბიძა, სედეკია დანიშნა და მიიღო მისგან ერთგულების ფიცი. ამას გარდა იუდეას დაეკისრა დიდი ხარკის გადახდა.

ძვ.წ. 594 წელს ეგვიპტეში მოკვდა ფარაონი ნეხო II და მისი ძე, პსამეტის II გამეფდა, რომელმაც ბაბილონთან საომრად დაიწყო მზადება. ძე.წ. 591 წელს ის ეგვიპტის ფლოტის ხომალდებით, ქურუმებთან ერთად, ფინიკიის ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიურ ქალაქ ღებალში ჩავიდა რელიგიური ცერემონიების ჩასატარებლად. ეს ღია პროვოკაცია იყო ბაბილონის წინააღმდეგ (ფინიკია ბაბილონს ეკუთვნოდა).

ძვ.წ. 589 წელს ეგვიპტის მოწოდების შედეგად ბაბილონის წინააღმდეგ აჯანყდნენ იუდეველები. ნაბუქოდონოსორ II იუდეის მეზობელი სამეფოების დამხმარე რაზმებით და ბაბილონის ჯარით თავს დაესხა იუდეას. ძვ.წ. 588 წელს დაიწყო იერუსალიმის ალყა. იმავე წელს ფარაონი პსამეტიხ II მოკვდა, თუმცა არმიითა და ფლოტით იუდეის დასახმარებლად ახალი ფარაონი, აპრი დაიძრა. ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმს ალყა მოხსნა და ეგვიპტელებისკენ გაემართა. სახმელეთო ბრძოლაში ბაბილონელებმა გაიმარჯვეს, ხოლო საზღვაო ბრძოლა ეგვიპტის ფლოტის გამარჯვებით დასრულდა (ნაბუქოდონოსორის ფლოტი ტიროსის და კვიპროსის სამხედრო ხომალდებისგან შედგებოდა). შემდეგ ფარაონმა ჯარები გადასხა სიდონის ასაღებად. ეგვიპტელებს დანებდნენ სხვა ფინიკიური ქალაქები, რამაც სერიოზულად შეარყია ბაბილონის მდგომარეობა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. მათ აუჯანყდათ დამასკოც, სამათში და არპადშიც იყო აჯანყების მცდელობები. სირიის ჩრდილოეთით ილაშქრეს ლიდიელებმა, ეგვიპტელთა მოკავშირეებმა. მიუხედავად ამისა ნაბუქოდონოსორი გამოვიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან. მან ჩაახშო აჯანყებები და დაამყარა წესრიგი მთელ სამეფოში, რის შემდეგაც განაგრძო იერუსალიმის ალყა.

ძვ.წ. 586 წელს ფარაონ აპრის ჯარები კვლავ გამოჩნდნენ პალესტინაში და საფრთხე შეუქმნეს იერუსალიმის მოალყე ბაბილონის არმიას, თუმცა ეგვიპტელებმა მალე დატოვეს ეს ტერიტორია და ბაბილონელებმა იმავე წელს აიღეს იერუსალიმი. მეფე სედეკია იერისონთან შეიპყრეს, როცა გაქცევას ცდილობდა. ის დააბრმავეს და ბაბილონში გადაასახლეს. იერუსალიმი ნაბუქოდონოსორმა მთლიანად გაანადგურებინა, სოლომონის ტაძარი დაანგრევინა, ხოლო ქალაქის კედლები საერთოდ მიწასთან გაასწორებინა. იერუსალიმის მოსახლეობა ბაბილონელებმა ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში. იუდეის შემდეგ ნაბუქოდონოსორ II-მ დაიპყრო ედომის სამეფო (იდუმეა) და ფინიკიური ქალაქი სიდონი. ტიროსი წინააღმდეგობას ჯიუტად აგრძელებდა. ამ ქალაქის ძვ.წ. 587 წელს დაწყებული ალყა კვლავ გრძელდებოდა.

ძვ.წ. 582 წელს ნაბუქოდონოსორმა დაასრულა ომი ეგვიპტესთან. ბაბილონელებმა გაანადგურეს ამონიტელები და მოაბელები, ეგვიპტის დასაყრდენები იორდანიაში. ამის შემდეგ ნაბუქოდონოსორის ჯარები ეგვიპტის საზღვრებთან ახლოს დაბანაკდნენ. იმავე წელს ბაბილონსა და ეგვიპტეს შორის ზავი დაიდო, რომელიც განამტკიცა ნაბუქოდონოსორის და ეგვიპტელი პრინცესის, ნეიტაკერტის ქორწინებამ. ძვ.წ. 575 წელს 13 წლიანი ალყის შემდეგ დანებდა ტიროსი, თუმცა ამ ქალაქმა ავტონომია შეინარჩუნა.

ნაბუქოდონოსორ II ვარაუდობდა, რომ ბაბილონს საფრთხეს შეუქმნიდა გაძლიერებული მიდიის სამეფო, ამიტომ ქალაქ ბაბილონის გარშემო უზარმაზარი გალავანი და კოშკები ააგო. ბაბილონელებმა ასეთივე ძლიერი სიმაგრეები ააშენეს მიდიის საზღვრის მახლობლადაც. ეს სიმაგრეები შედგებოდა კოშკებიანი გალავნვბისგან და წყლით ავსებული თხრილებისაგან.

ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდი ბაბილონისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ქვეყანამ გაიფართოვა საზღვრები, გამდიდრდა და იმ დროის მსოფლიოს უძლიერეს იმპერიად იქცა. ნაბუქოდონოსორ II-ს მიეწერება მსოფლიო საოცრების, ბაბილონის დაკიდული ბაღების და იშთარის კარიბჭის აშენება. მანვე განაახლა ბაბილონის ზიკურატიც.

ნაბუქოდონოსორ II-ს სიცოცხლის ბოლოს ლიკანტროპიით დაავადდა, რაც ადამიანში ცხოველური თვისებების გამოვლენას იწყებს. მეფე ძვ.წ. 562 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა 43 წლიანი მმართველობის შემდეგ.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები