აშკელონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშკელონი - (ასკალონი) – ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამხრეთ ნაწილში. აშკელონის სახელი პირველად ძველეგვიპტურ ტექსტებშია მოხსენიებული: XII დინასტიის პერიოდის სტელაზე (ძვ.წ. XIX-XX სს.) და ელ ამარნას წარწერებში, სადაც წერია, რომ იერუსალიმის მბრძანებელი ატყობინებს ფარაონს ებრაელების ანუ ჰაბირუს ხალხის კავშირს აშკელონელებთან.

აშკელონი ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი საზღვაო პორტი იყო ძველ ქანაანში. არსებობს მეცნიერული ვარაუდი, რომ აშკელონში ჰიქსოსები ცხოვრობდნენ, რომელთაც ეგვიპტე დაიპყრეს, ხოლო ჰიქსოსების შემდეგ აქ ქანაანელები დასახლდნენ. ქალაქი თავისი დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი იყო, რადგან დაახლოებით 15000 მაცხოვრებელი ჰყავდა. აშკელონს გარშემო 15 მეტრიანი სიმაღლის 2,4 კმ სიგრძის გალავანი ერტყა.

ძვ.წ. XII საუკუნეში აშკელონი ფილისტიმელებმა აიღეს. ქალაქის სახელი ბიბლიურ გადმოცემაშიც გვხვდება და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიური გმირის, სამსონის სახელს უკავშირდება. სამსონი ფილისტიმელებს ხშირად ებრძოდა და ამიტომ მსაჯულთა წიგნის იმ მონაკვეთში სადაც ამ ბიბლიურ გმირზეა საუბარი ფილისტიმელთა ქალაქებიც მოხსენიებულია. მოგვიანებით, როდესაც ისრაელის სამეფო ორად გაიყო, აშკელონის მმართველმა მხარი დაუჭირა და მონაწილეობა მიიღო იუდეის მეფის, ხიზკიას (ეზეკიას) აჯანყებაში (ასურეთის იმპერიაში აშკელონი ძვ.წ. 734 წლამდე იმყოფებოდა, შემდეგ კი დროებით ეგვიპტის ხელში ჩავარდა). ქალაქი ეგვიპტის ფარაონმა, ნეხო II-მ აიღო. ეგვიპტის დამარცხების შემდეგ ძვ.წ. VI საუკუნეში აშკელონი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (ძვ.წ. 630-562 წ.) აიღო და დაანგრია. ქალაქი ნანგრევებად 75 წლის განმავლობაში დარჩა, შემდეგ კი ფინიკიელებმა აღადგინეს. ფინიკიელები აქ სპარსეთის მეფემ, კამბისემ დაასახლა, რომელიც წინაპრების პოლიტიკას აგრძელებდა. აშკელონში შექმნეს სპარსელებმა მაშინ მთავარი პუნქტი, საიდანაც ეგვიპტეში შეჭრა უნდა დაეწყოთ.

სპარსეთის იმპერიის მბრძანებლობის პერიოდში აშკელონი ტიროსს ექვემდებარებოდა. მაკედონელების მოსვლის (აშკელონში ალექსანდრე მაკედონელიც ყოფილა) და ეგვიპტეში პტოლემაიოსების დინასტიის დამკვიდრების შემდეგ აშკელონი მნიშვნელოვან ქალაქად იქცა. ამავდროულად გაიზარდა მისი მოსახლეობა (აშკალონში ბევრი ებრაელი დასახლდა).

პტოლემაიოსების შემდეგ აშკელონს ანტიოქე III დიდი (მმართველი 222-187 წლებში), სელევკიდების იმპერიის მეფე დაეუფლა. სელევკიდების დასუსტების შემდეგ აშკელონმა მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება და მაკაბელების დაარსებული იუდეის სამეფოს პერიოდშიც ინარჩუნებდა თავისუფლებას. რომაულ პერიოდში აშკელონი მოიხსენიება, როგორც „თავისუფალი მოკავშირე ქალაქი“. ჰეროდე დიდმა, რომელიც, აშკელონს არ მართავდა, თავისი ინიციატივით იქ ბაზარი, აბანოები და ბაღები ააშენა, შეიძლება იმიტომაც, რომ ეს მისი მშობლიური ქალაქი იყო.

რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყების დროს (იუდეის ომები ახ.წ I სს) აშკელონის ებრაული მოსახლეობა ვერ გაუმკლავდა მოსახლეობის მეორე, ელინისტურ ნაწილს და დამარცხდა.

ბიზანტიური პერიოდის დასაწყისში აშკელონი ელინისტური ფილოსოფიის ცენტრი იყო და ქრისტიანობას ემტერებოდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები