მღვიმევის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაცხოვრის სახელობის ტაძრის სამხრეთი ფასადი

მღვიმევის მონასტერი – (ინგლ. Mgvimevi Monastery), XIII საუკუნის II ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ძეგლი, მღვიმევის დედათა მონასტერი. მდებარეობს იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის ხეობაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მაცხოვრის სახელობის მთავარი ტაძარი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, სამრეკლო, მონაზონთა სენაკები. მონასტერში მოხვედრა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურ გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა გამაგრებულია საყრდენი თაღებით.

სვეტის ბაზა

კომპლექსი, თავისი მდებარეობის გამო, ორ ნაწილად იყოფა: საკუთრივ მღვიმეში ცენტრალური ტაძარი და პატარა სამლოცველოა. მონასტრის სხვა ნაგებობები მღვიმიდან აღმოსავლეთით, კლდის ვიწრო ბაქანზეა გაშენებული, რომლისკენაც, ადგილის სივიწროვის გამო, ნახევრადქვაში გამოკაფული ვიწრო ბილიკი მიდის. სხვადასხვა დანიშნულების სათავსები მღვიმის ქვემოთაცაა გაკეთებული კლდეში. მღვიმევის თავდაპირველი ნაგებობები მაცხოვრის სახელობის ორნავიანი ეკლესია და მინიატურული „სამწირველოა“. ისინი XIII საუკუნის ბოლო ათეული წლებით თარიღდება და რაჭის ერისთავების კახაბერიძეთა გვარს უკავშირდება. არქიტექტურული ტიპის და მორთულობის გარდა, მღვიმევის ტაძრის სპეციფიკა მისი თავისებური მდებარეობაა. მთლიანად ქვაში აგებული ეკლესია მაღალი, შვეული კლდის ბუნებრივი ქვაბულის განაპირას ისეა დასმული, რომ ჩრდილოეთი ნავის აფსიდი თავით კლდეს ებჯინება, ხოლო სამხრეთი ფასადი მღვიმის პირას აქვს მოქცეული. ერთდროს, ტაძარს ამ მხარეს ხის გადახურული აივანი ჰქონდა გაკეთებული, რომელიც კომპლექსის რესტავრაციის შემდეგ რკინაბეტონით შეცვალეს.

მაცხოვრის სახელობის ეკლესია

მთავარი ტაძარი გეგმით ორნავიანი ნაგებობაა, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ რთულპროფილიან, მოჩუქურთმებულ ბაზისზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ორქანობა სახურავით გადახურულ ტაძარს აღმოსავლეთით ქოლგისებრი სახურავიანი ორი შვერილი აფსიდი აქვს. ინტერიერი საკმაოდ თავისებურია. ორნავიანობის მიუხედავად ნაგებობა შიგნით თითქოს მასიური ბურჯის გარშემო თავმოყრილი ერთიანი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. უჩვეულოდ დაბალ ინტერიერში ერთ ბურჯზე დაყრდნობილი ნავების გამყოფი თაღები ფართოდაა გადაშლილი, ხოლო ჩრდილოეთის ნავი (იმ დროის სხვა ორნავიან ეკლესიებთან შედარებით) განიერია და სიმაღლით თითქმის უტოლდება ცენტრალურ ნავს. ნაგებობის მდებარეობით გამოწვეული შიგა სივრცის განათება ბუნდოვან, თითქოს „იდუმალ“ იერს აძლევს ტაძრის კედლებს შემორჩენილ სხვადასხვა დროის მხატვრობას. აქ, მოხატულობის ძველ ფენაში მთელი პორტრეტული გალერეა იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ კედელზე მხოლოდ ნაწილობრივ განირჩევა ქტიტორთაკახაბერიძე რატის, მისი შვილი ნიანიას და მეუღლის რუსუდანის ფიგურები. უნდა აღინიშნოს, რომ კახაბერიძეთა საგვარეულო X საუკუნიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე ინარჩუნებდა რაჭის ერისთავის წოდებას, ვიდრე მეფე დავით ნარინმა ღალატისთვის გვარის მეთაური, ერისთავი კახაბერ კახაბერისძე სასტიკად არ დასაჯა, ხოლო მისი შვილები საქართველოდან კონსტანტინოპოლში არ გადაასახლა.

მოხატულობა

შენობის არქიტექტურული ანალიზის, წერილობითი ცნობებისა და ისტორიული პორტრეტების საფუძველზე მღვიმევის ეკლესია XIII ს-ის 80-იანი წლებით თარიღდება. ამავე პერიოდისაა მხატვრობის პირველი ფენაც. XV საუკუნის ან XVI სს-ის პირველ ნახევარში მხატვრობა განაახლეს და ზოგიერთი ადგილი ხელახლა მოხატეს.

მორთულობა
წმ. ეკატერინეს სახელობის დარბაზული ეკლესია

მაცხოვრის ტაძრის ფასადების მდიდრული ჩუქურთმები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. უნდა აღნიშნოს, რომ ფასადთა დეკორაციული დამუშავების მხრივ მღვიმევი ერთ-ერთი უცნაური ძეგლია. ხუროთმოძღვრისთვის რთული იყო ნაგებობის უჩვეულო საფასადო სიბრტყეებისთვის კომპოზიციის შედგენა. ჩრდილოეთი ყრუ კედლის გარდა, ფასადები თავიდან ბოლომდე დეკორაციული ლილვებითაა დამუშავებული, რომელიც შევსებულია სახეცვლილი ძველი მოტივებით: ჯვრებით, კუთხით დაყენებული რომბებით, სარკმლის ქვეშ ჩაშვებული ჩუქურთმიანი არშიებით და სხვ. ტექნიკური თვალსაზრისით ეკლესია ტრადიციულად მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. შიგნითაც და გარეთაც კედლები კარგად გათლილი ქვებითაა მოპირკეთებული. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მთლიანად მოხატული ხის კანკელი, რომლის კარი ჭედური ფირფიტებითაა შემკული.

ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. ეკატერინეს სახელობის მცირე ზომის დარბაზული სამლოცველო, „სამწირველო“, რომელიც ტაძრიდან დასავლეთით რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. მინიატურული ფორმის ნაგებობა კლდის ქვეშაა შეყუჟული, მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის ფასადზე შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა.

მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინ-ვალე ნიმუში – XV საუკუნის ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნე-ბის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში. ამჟამად აქ წმინდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები