მოქცევაი ქართლისაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მოქცევაჲ ქართლისაჲ"

მოქცევაჲ ქართლისაჲ – (IX ს.), ანონიმური ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი. ეძღვნება ქართველთა განმანათლებლის ნინოს ცხოვრებისა და მოციქულებრივი ღვაწლის (IV ს. პირველი ნახევარი) აღწერას, ფიქრობენ, რომ ნაწარმოების ავტორი მოღვაწეობდა ტაო-კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში, კარგად იცოდა საღვთო წერილი, საისტორიო და აპოკრიფული ლიტერატურა, აგრეთვე სპარსული, სირიული, ბერძნული და სომხური ენები.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ შედგება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პირთა მიერ შეთხზული, ზეპირი და წერილობითი გზით მოღწეული ისტორიული, ლეგენდური და ლიტერატურული ეპიზოდებისგან. ავტორმა შეძლო თემატურად ნათესაური, მაგრამ გენეტურად ნაირგვარი მასალის გადამუშავება, მასში არსებული შინაგანი წინააღმდეგობის მხატვრული ფანტაზიის სფეროში გადატანა და იქ დაძლევა. ფაქტიურად XX საუკუნე ამ ეპიზოდთა ლიტერატურული გამთლიანების თარიღია, (ცალკეული მონაკვეთები კი გაცილებით ადრე ჩანს შეთხზული. მაგალითად, საკმაოდაა დასაბუთებული აზრი, რომ თხზულების პირველი ნაწილი VII საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს შედგენილი და მის ავტორს უფრო ძველი წყაროებითაც უნდა ესარგებლა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ეს უძველესი, ჩვენამდე შატბერდული (X ს.) და ჭელიშური (XIV ს.) ხელნაწერებით მოღწეული რედაქცია XI საუკუნეში თავისებურად გადაამუშავა და შეავსო ლეონტი მროველმა. ეს მეორე რედაქცია შევიდა „ქართლის ცხოვრებაში“. XII საუკუნეში არსენ ბერმა მროველისეული რედაქცია სხვადასხვა წყაროს საფუძველზე გადაამეტაფრასა და შექმნა ახალი, მესამე რედაქცია. არსენ ბერის თხზულება პერიფრაზულად გადაამუშავა და ზოგი ახალი ცნობით შეავსო უცნობმა მწერალმა. ეს მეოთხე რედაქცია შემორჩენილია XIII ს. ხელნაწერით.

ამგვარად, ქართველთა განმანათლებლის ღვაწლს გვითვალისწინებს თხზულება, რომელიც ოთხი რედაქციით არის წარმოდგენილი. პირველს ეწოდება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ხოლო სამ შემდგომს — „ნინოს ცხოვრება“. გარდა ამისა, ნინოს თავგადასავალი საკმაოდ ვრცლად არის მოთხრობილი ნიკოლოზ გულაბერისძის ნაწარმოებში „საკითხავი სვეტისა ცხოველისაჲ“.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ..“ შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, თავისებური შესავალი, ლიტერატურული თვალსაზრისით მოხდენილად ჩაფიქრებული საექსპოზიციო ნაწილი - საკუთრივ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (ვიწრო მნიშვნელობით) — შედარებით მცირეა და აღწერს ქართლის თანდათანობით გაქრისტიანების უმთავრეს მომენტებს; მეორე ნაწილი საგანგებო, ვრცელი თავგადასავალია ქართველთა მისიონერისა, თვით ნინოსგანვე მოთხრობილი.

თხზულება გვაუწყებს: ნინო კაბადოკიაში დაიბადა. მამამისი ზაბილონი იყო „მთავართა შესაბამისი“, გამოჩენილი მხედართმთავარი „ჰრომს მეფეთა წინაშე“, ხოლო დედა სუსანა — დაი იერუსალიმის პატრიარქისა. 12 წლისა ნინო მშობლებმა იერუსალიმს ჩაიყვანეს და ქრისტიანულ მოძღვრებაში წვრთნიდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, ნინო გამოემართა მცხეთისკენ, რათა ქრისტეს რჯულზე მოექცია ისინი, რომელთაც ჯვარცმისას „წილით ჰხვდა კვართი (პერანგი) იგი უფლისა იესუჲსი:“ მცხეთას მოსულმა მოციქულმა ღვთის თანადგომით „დალეწნა კერპნი არმაზისანი“, განკურნა მრავალი უიმედოდ სნეული, მათ შორის — დედოფალი ნანა. თხოთის მთაზე სანადიროდ გასულ მეფე მირიანს მზე დაუბნელდა და მხოლოდ ნინოს შემწე ღმერთისადმი ვედრების მეოხებით გამოუბრწყინდა ნათელი. მაშინ კი ირწმუნა მირიანმა ქრისტე. ქართლი მოიქცა. შემდეგ „დაუტევა წმიდამან ნინო მცხეთა ქალაქი და წარვიდა მთეულთა ხარებად“. მთიელ ტომთა მოქცევას მოჰყვა კახეთის განათლებაც და აქაური დედოფლის სუჯის მეშვეობით ნინომ ბოდბეში მონათლა სომხური პროვინციების — სივნიეთისა და გუასპურაგანის მთავრები. ნინო გარდაიცვალა ბოდბეს და იქვე დაკრძალეს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ პუბლიცისტური სულისკვეთებით არის და წერილი და ეროვნული თვითმყოფობის ტენდენციებით აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, VI ს. ნახევრიდან სომეხთა განმანათლებლის გრიგოლ პართელის აქტებში შეაქვთ ისეთი დეტალები, რომელთა მიხედვითაც ის მთელი ამიერკავკასიის, მათ შორის ქართველთა, განმათლებლადაა მიჩნეული. ეროვნულ-კულტურული თვითმყოფობისკენ სწრაფვა ქართველებს უკარნახებდა მეზობელთა ტენდენციას დაპირისპირებოდნენ და სომეხთა იარაღი მათივე წინააღმდეგ მიემართათ: „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ნინო ნათლავს რიფსიმიანთა საზოგადოებას (რომელთა ძვლებზეც დაიდო სომხური ეკლესიის საფუძველი) და სივნიეთსა და გუასპურაგანს.

თხზულებაში გამოკვეთილია აგრეთვე ტენდენცია პასუხი გასცენ ბერძენთა მედიდურობას; უარყოფილია ანდრია პირველწოდებულის მოციქულობის გვიანდელი (IX ს.) ვერსია და ხაზგასმულია ჭეშმარიტება, რომ ქართული ეკლესია იერუსალიმური წარმოშობისაა და იქედან მოვლენილ ნინოს ერთგვარი წილიც კი აქვს ბიზანტიელთა გაქრისტინებაში. ხაზგასმულია, რომ საქართველოც ფლობს ქრისტეს სახელთან დაკავშირებულ სიწმიდეებს (კვართი, „სამსჭვალნი“) და, ამასთან, საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ არ ემორჩილება მკაცრ ისტორიულ მეთოდს, მისი ავტორი უაღრესად დრამატული აღქმის ხელოვანია. თხრობის მისეული მანერა ცხადი უშუალობითა და ლირიკული ტონალობით ავსებს ნაწარმოებს. მწერალი იშვიათ პლასტიკურ ფორმას უძებნის ადამიანს, საგანს, მოვლენას. აი, შინაგანი ხილვა, რომლის ფონზეც გვეცხადება მესია: „ცაჲ ქუხდა და ქვეყანაჲ იძვროდა, მთანი ჰკრთებოდეს, ბორცვნი იმღერდეს, ზღვაჲ დგა, წყალნი აღმართ დიოდეს“. მწერალი ხშირად გვამყოფებს ესთეტიკური დაძაბულობის ზღვართან, თხრობის მთელ სიგრძეზე იგრძნობა ნერვული ტონალობა. თუმცა იმავე მწერლის ნახელავია შინაგანი სისადავითა და მინორული სინაზით იღბეჭდილი ეს პასაჟიც: „იგინი მოიკლნეს მუნ, ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ თარგმნილია რუსულად და ინგლისურად.


ტექსტები

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, 1, 1964;
  • ქართლის ცხოვრება, I;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III, 1971, გვ. 7-51, 52-83

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები