მიჯაჭვული პრომეთე (ესქილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიჯაჭვული პრომეთე – ძველი ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია. „მიჯაჭვული პრომეთეს“ დადგმის თარიღი უცნობია, სხვადასხვა ვარაუდით, ის 460-სა და 440 წლებს შორის უნდა წარმოედგინათ. არსებობს „განთავისუფლებული პრომეთესა“ და „ცეცხლის მომნიჭებელი“ პრომეთეს ნაწყვეტებიც, თუმცა, არ არის ცნობილი, იყო თუ არა ეს სამი პიესა ერთიანი ტრილოგიის ნაწილი.

პრომეთეს მითის ადრეულ ვერსიას ჰესიოდეს „თეოგონიასა“ და „სამუშაოებსა და დღეებში“ ვხვდებით. თუმცა, ესქილეს ტრაგედიაში პრომეთეს ფიგურის მნიშვნელობა და მასშტაბი, ჰესიოდესთან შედარებით, განუზომლად დიდია. ერთი მხრივ, ის ტირანიასთან ბრძოლის იდეას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი, ადამიანთა მოდგმის დამცველი, საკაცობრიო კულტურის შემქმნელი, წარმმართველი და პროგრესის მამოძრავებელია. „მიჯაჭვულ პრომეთეში“ პრომეთეს ბედი მჭიდროდ უკავშირდება კაცობრიობის ბედს. ესქილეს ტრაგედიაში ის ტიტან იაპეტისა და თემიდა-გაიას ვაჟია. ტიტანომაქიის დროს პრომეთემ სცადა დაერწმუნებინა ტიტანები, რომ ოლიმპიელთა წინააღმდეგ ხერხით ემოქმედათ და არა უხეში ძალით, მაგრამ მათ არ ისმინეს პრომეთეს რჩევა და „მლიქვნელობა“ და „ჩხიბვა“ დასწამეს მას. მაშინ პრომეთე ზევსს მიემხრო და ტიტანების დამარცხებაში დაეხმარა. თუმცა, ზევსსა და პრომეთეს შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ზევსი მამის ტახტზე ავიდა, მან თავის მოკავშირე ღმერთებს უფლებამოსილებანი გაუნაწილა და დაუკანონა, ადამიანებს კი არაფერი განუწესა, რადგან მათი განადგურება სურდა. ზევსის მიერ შექმნილი ახალი სამყაროს მართლწესრიგი პრომეთესთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თავიდან ის ოლიმპიელებს უფრო პროგრესული სამყაროსა და ქვეყნიერების შექმნის იმედით შეუერთდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ზევსს ადამიანების მოსვრა უნდოდა, სურდა, „... რომ სულ ახალი აღეზარდა მოდგმა გამგონე“. პრომეთეს ეს სიტყვები ტრაგედიის იდეის ამოსავალს წარმოადგენს. ნათელი ხდება, რომ ადამიანთა მოდგმას აქვს პრომეთესათვის უმთავრესი თვისება – თავისუფალი ნება. ზევსისთვის კი, როგორც ტირანისთვის, თავისუფალი ნების გამოვლენა მიუღებელია. ამიტომაც სურს მას კაცთა მოსპობა და სწორედ ამიტომ იტვირთა პრომეთემ ადამიანთა დაცვა და გაძლიერება. /„მე ხელვიწიფე, თანაველმე მოკვდავთა მოდგმას და ავაშორე მათ ჰადესში ფერფლად განპნევა“/. პრომეთემ ღმერთებს ღვთაებრივი ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს უბოძა, მათ ცნობიერი ცხოვრება დააწყებინა, ძალა და ღირსება მისცა. თუმცა მანამდე მან მოკვდავთ ბედის განჭვრეტის წინათგრძნობა დაუხშო და ბრმა იმედი ჩაუნერგა. სავარაუდოდ, ესქილესთვის პროგრესს ადამიანების ორი ძირითადი თვისება განაპირობებს – თავისუფალი ნება და იმედი. ეს თვისებები, ცოდნასთან და მიზანშეწონილ საქმიანობასთან ერთად, ქმნის ცივილიზაციის არსებობის საფუძველს.

პრომეთე დაწვრილებით აღწერს თავის საამაყო ღვაწლს ოკეანიდების ქოროსთან საუბარში. მისი მონათხრობიდან ირკვევა, რომ მან მხოლოდ ცეცხლი კი არ უბოძა კაცთა მოდგმას, არამედ კულტურის სიკეთეებიც აჩუქა მათ: აზიარა მათემატიკასა და დამწერლობას /აღმოვუჩინე მე მათ რიცხვი – სიბრძნეთა/ შორის გამორჩეული და პირველმა მივეცი წიგნი - / ხსოვნად ყოველთა, დედად ყოველ ხელოვნებათა/, ასწავლა მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, საკვების მომზადება, მშენებლობა, ნაოსნობა და გემთმშენებლობა, მედიცინა თუ მისნობა, წიაღისეულის მოპოვება და დამუშავება, ფრინველთა და ცხოველთა ზნე თუ ციურ სხეულთა მოძრაობის კანონები და მანტიკის საიდუმლოებანი.

ესქილეს ზევსსა და პრომეთეს შორის კონფლიქტი მსოფლმხედველობრივ ჭრილში გადაჰყავს. პრომეთეს თვითნებობით განრისხებულმა ზევსმა ტიტანი დასაჯა და სკვითიის (თუ კავკასიის) მთებში მისი კლდეზე მიჯაჭვა ბრძანა სამუდამო სატანჯველისათვის. ზევსსა და პრომეთეს შორის, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური შეუთანხმებლობაა. პრომეთე თავისუფალ ნებას განასახიერებს, ხოლო ზევსი ტირანიას, რომელიც სხვის თავისუფლებას ვერ ეგუება.

ტრილოგიის პროლოგში ჩვენ ზევსის მიერ პრომეთეს სასტიკი დასჯის მოწმენი ვხდებით. ძალა, უფლება და ზევსის ვაჟი - მჭედლობის ღმერთი ჰეფესტო პრომეთეს კლდეს აჯაჭვავენ. ჰეფესტოს უმძიმს ამ ვალდებულების აღსრულება, თუმცა მამის ურჩობას ვერ ბედავს – ძალის კარნახით ის ჯერ მკლავებს მიუჯაჭვავს კლდეზე ტიტანს, შემდეგ კი გულის ფიცარს განუგმირავს რკინის სოლით.

ტრაგედიის ქოროს ტიტან ოკეანეს ასულები – ოკეანიდები შეადგენენ, რომლებიც ბიძაშვილის სანუგეშებლად მოდიან. პიესის ატმოსფერო ზევსის ტირანიის განცდით არის განმსჭვალული, რომელმაც ხელისუფლება ძალადობრივად ჩაიგდო ხელში. პრომეთე მას ეჭვით ავადმყოფს უწოდებს, რადგან „ყველა ტირანი ავადმყოფია/ ახლობელთ მიმართ ეჭვითა და მიუნდობლობით“, ზევსის მიმართ ის შეურიგებელ პოზიციაზე დგას და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. პრომეთე კატეგორიულად უარყოფს ტიტან ოკეანეს კონფორმისტულ რჩევას, რომ შეეგუოს და დამორჩილდეს ახალ რეალობასა და ზნე-ჩვევებს, „რაკიღა ღმერთებს აწ ახალი მართავს ტირანი“. პრომეთე მზადაა, ამაყად ზიდოს თავისი ხვედრი ისევე, როგორც მისმა ძმამ ატლანტმა, რომლის მძლავრ მხრებზე მთელი ცის თაღი ასვენია.

ტრაგედია მონუმენტურად სტატიკურია, მის ცენტრში პრომეთეს მონოლითური ფიგურა დგას, რომლის ხვედრს მთელი ქვეყანა გლოვობს, მას დასტირიან კოლხეთის მკვიდრი ამორძალები, სკვითიის მომთაბარენი თუ არიის მამაცი მოდგმა. „კავკასიის მთათა ახლორე“ ჯარის გოდება და შუბთა ზრიალი გაისმის. ზევსთან მებრძოლი ტიტანის ფიგურა მთელი კაცობრიობის, პროგრესისა და ადამიანთა ცივილიზაციის მებრძოლი სულის სიმბოლო ხდება, ხოლო მის მიერ კაცთათვის ბოძებული ცოდნა საკაცობრიო კულტურის საფუძვლებს აერთიანებს. აზროვნება, მეხსიერება,ხელოსნობა, ხელოვნება თუ სიბრძნე – ყოველივე მისი ღვთაებრივი ძღვენის ნაწილია.

ზევსის ტირანიის სურათს ძროხადქცეული იოს შემოსვლა აძლიერებს. იოს ჰერას მიერ შეჩენილი კრაზანა სდევნის. ყველა ეს უბედურება არგოსის მეფე ინაქეს ასულს ზევსის ტრფობამ დააწია. პრომეთემ, როგორც წინასწარმეტყველმა იცის, რომ მომავალში მას სწორედ იოს შთამომავალი გაათავისუფლებს.

თუმცა, ხსნის შორეული პერსპექტივა არ ამცირებს ტრაგიკული მოვლენების დრამატიზმს. ამაყი და ძლიერი პრომეთე მზადაა ნებისმიერი ტანჯვა დაითმინოს და ქედი არ მოუხაროს ზევსსა და მის სულმოკლე მსახურთ. სწორედ ერთ-ერთი მათგანი – ჰერმესი ეწვევა მას ტრაგედიის დასასრულს. ის ემუქრება ტიტანს, რომ ზევსი აურაცხელ სატანჯველს მოუვლენს, თუ იგი მისი ბედისწერის საიდუმლოს არ გაამხელს, მაგრამ პრომეთე შეუდრეკელია. ტრაგედიის დასასრულს ზევსის მრისხანების მოწმენი ვხდებით - უეცრად ჭექაქუხილის, ელვის, გრიგალისა და მტვრის ქარბუქი ამოვარდება და პირქუში კლდე, მასზე მიჯაჭვულ პრომეთესთან ერთად, ქვესკნელში გაუჩინარდება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, „მიჯაჭვული პრომეთე“ ტრილოგიის ნაწილი უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ტრილოგიის - „ორესტეას“ მიხედვით ვიმსჯელებთ, ზევსსა და პრომეთეს შორის პრაგმატული კომპრომისი უნდა მოძებნილიყო, ისევე, როგორც ეს „ორესტეაში“ ევმენიდებსა და ათენის მფარველ ახალ ღმერთებს შორის ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი შემდგომში და რის საფუძველზე მოხდება ზევსისა და პრომეთეს დაზავება. შერიგების ფორმალური მიზეზი ცნობილია: მითის თანახმად, პრომეთემ ზევსს მოირების საიდუმლო უნდა გაუმხილოს და უთხრას, თუ ვინ გაუჩენს „მისსავე დამმარცხებელ და დამმონებელ შვილს“. თუმცა, როგორც „ორესტეაში“ ვნახეთ, ძველი და ახალი ღმეთების დაზავება და ერინიების ტრანსფორმაცია ახალი მართლწესრიგის დამყარებისა და წონასწორობის აღდგენის საფუძველი გახდა. შესაბამისად, პრომეთეს შესახებ ტრილოგიაშიც ზევსსა და პრომეთეს შორის სასურველი მსოფლმხედველობრივი კომპრომისი უნდა მოძებნილიყო, რომელიც ბერძენთა სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარებისა და პროგრესის გამარჯვების გამომხატველი უნდა ყოფილიყო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები