კრაზანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრაზანა

კრაზანა - (Hypericum perforatum L.);
ოჯახი: კრაზანისებრნი (Hyperidaceae)
მეგრულადმჟუაში ოსური.

20-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი ან მარტივი. ფოთლები მჯდომარეა, ოვალური, კიდეებზე გადაკეცილი. ფოთოლი მოფენილია ჯირკვლებით. ყვავილედი საგველაა ან ფარისებური საგველა. გვირგვინი ყვითელია. გვირგვინის ფურცლები არათანაბარგვერდებიანია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში, ნათესებში, ველებზე, ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

იზრდება ტყის პირებსა და მდელოებზე, ბუჩქნარებსა და მშრალ ადგილებში, ზოგჯერ ნაჩხატებსა და ნათესებში, ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყლამდე.

ხალხური ანდაზის თანახმად, „როგორც ფქვილის გარეშე არ ცხვება პური, ისე კრაზანას გარეშე ვერ განიკურნება დაავადებები“. მედიცინაში გამოიყენება ყვავილობის პერიოდში შეგროვილი ბალახი. შეიცავს მთრიმლავ და ფისოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ჰიპერინსა და ჰიპერიცინს, ვიტამინებს (C, B, კაროტინს, ქოლინს), ნიკოტინის მჟავას, გლიკოზიდებსა და სხვა ნივთიერებებს.

ყველაზე ადრეული მონაცემები მცენარის სამკურნალო მნიშვნელობაზე აღინიშნება ძველი საუკუნეების მეცნიერთა – ჰიპოკრატეს, პლინიუსისა და დიოსკორიდის თხზულებებში.

ხასიათდება შემკვრელი, მიკრობების საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი, ნაღველმდენი და მასტიმულირებელი მოქმედებით. არსებობს აგრეთვე მონაცემები მისი მატონიზირებელი მოქმედებისა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

მეცნიერულ მედიცინაში ბალახის ნაყენი და პრეპარატები ადგილობრივ იხმარება როგორც შემკვრელი, მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო გამოსავლები საშუალება ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის, ღრძილების ანთების, გინგივიტის, სტომატიტებისა და პირის ღრუს სხვა დაავადებებისას. შინაგანად გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანტისეპტიკური საშუალება კუჭ-ნაწლავის დაავადებების (მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ენტეროკოლიტი, ფაღარათი, წყლულოვანი კოლიტი, ბუასილი), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის (ნაღვლის ბუშტის დისკინეზია, ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი) სამკურნალოდ.

გამოიყენება ასთენიურ მდგომარეობაში, ნევროზებისა და ნევრასტენიის, კრუნჩხვების, თავის ტკივილების, უძილობის, მიოკარდიტისა და ენდოკარდიტის, გლომერუნეფრიტის, პიელონეფრიტის, ცისტიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ანთების, ართიტის, რადიკულიტის დროს. მისით მკურნალობენ ქალურ მრავალ დაავადებას (დანამატების ანთება, ამენორეი, უხვი მენსტრუაცია, თეთრი შლა), აგრეთვე ბავშვებში ალერგიულ დიათეზს. დადებითად მოქმედებს ფილტვების ტუბერკულოზზე. ახალი მონაცემებით დადგენილია მისი ანტისიმსივნური მოქმედება.

კრაზანასაგან დამზადებული პრეპარატი „ნოვოიმანინი“ გარეგანად იხმარება აბსცესების, ფლეგმონის, ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, იშიაზის, ნიკრისის ქარის, ფილტვების ტუბერკულოზის, სისხლდენების, ბუასილის, ღვიძლისა და გინეკოლოგიური დაავადებების, ნევრასტენიის, ანთებითი პროცესების, ფურუნკულებისა და სხვ. დროს.

დიდი სიფრთხილეა საჭირო კრაზანას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების თვალსაზრისით, პირველ რიგში იმუნოსუპრესანტებთან მიმართებაში. წარმოადგენს რა მძლავრ კატალიზატორს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოდევნას, რითიც აქვეითებს თერაპიულ ეფექტს (РолловЪ, 1908; ბიძინაშვილი, 2016)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები