მიუსე ალფრედ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ დე მიუსე

ალფრედ დე მიუსე − (ფრანგ. Alfred de Musset, 1810–1857), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

მას ფრანგული რომანტიკული თეატრის და რომანტიკული დრამის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი რომანი „საუკუნის შვილის აღსარება“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საფრანგეთის ლიტერატურულ ცხოვრებაში. რომანის მთავარი გმირი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც რესტავრაციის ეპოქაში მაშინ შეაბიჯა, როდესაც უკვე გადავლილი იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების ამბები, როცა„ღვთისა და ადამიანის ურთიერთობა ფაქტობრივად აღდგენილი კი იყო, მაგრამ მათი რწმენა სამუდამოდ გაქრა“. მიუსე თავის თაობას „სასოწარკვეთილებით გატაცებისკენ“ მოუწოდებდა: „დიდების, რელიგიის, სიყვარულის, ამქვეყნად ყველაფრის დაცინვა დიდი ნუგეშია მათთვის, ვინც არ იცის, რა აკეთოს“.

ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუსეს დრამატურგიაშიცაა გამოხატული. მაგრამ ეს არ არის ის სატირა, სოციალურ მანკიერებებს რომ ამათრახებს. ეს გესლიანი და დახვეწილი ირონიაა, რომელიც ამაღლებული, რომანტიკული აღტყინების წინააღმდეგ არის მიმართული. მიუსე კულტად გამოცხადებული სასოწარკვეთილების დაცინვისკენაც მოუწოდებს და ირონიულად შენიშნავს: „...ისე სასიამოვნოა, თავს უბედურად რომ გრძნობ, თუმცა სინამდვილეში შენში მხოლოდ სიცარიელე და მოწყენილობაა“.

სარჩევი

„ღამე ვენეციაში“

30-იან წლებში დაწერილი მიუსეს პიესები, სახელდობრ: „ღამე ვენეციაში“, „მარიანას ახირებანი“, „ფანტაზიო“ ახალი ტიპის რომანტიკული კომედიის ნიმუშებს წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, „ღამე ვენეციაში“ (1830). პიესაში თავდავიწყებული სიყვარულიც არის, ეჭვიანობაც და მკვლელობაც. მოქეიფესა და მოთამაშე რაზეტას თავდავიწყებით უყვარს მშვენიერი ლაურეტა, რომელიც ასეთივე გრძნობით პასუხობს მას. ქალიშვილის მეურვეს კი განზრახული აქვს გერმანელ პრინცს მიათხოვოს იგი. მგზნებარე რაზეტა შეუპოვრად მოქმედებს. ის თავის შეყვარებულს წერილსა და ხანჯალს უგზავნის - მან პრინცი უნდა მოკლას და რაზეტასთან ერთად გაიქცეს ვენეციიდან. თუ ასე არ მოიქცევი, მე თავს მოვიკლავო - წერს რაზეტა ლაურეტას. მაგრამ მოულოდნელად პიესის გმირები ჩვეულებრივი ადამიანებივით იქცევიან, ვნებათა კარნახით კი არა, არამედ საღი აზრით. ლაურეტა დაფიქრდება, გადაწყვეტს, დასცილდეს თავის შეყვარებულს და პრინცის ცოლი გახდეს. რაზეტაც გადაიფიქრებს პრინცის მოკვლასაც და თავის მოკვლასაც. თავქარიან ახალგაზრდებთან და მათ მეგობარ ქალიშვილებთან ერთად ის გონდოლით მიცურავს სავახშმოდ და ბოლოს სურვილს გამოთქვამს - შეყვარებულების ყველა სიგიჟე ასევე კეთილად მთავრდებოდეს.

„ფანტაზიო“

სევდიანი ირონიით არის გამსჭვალული კომედია „ფანტაზიო“ (1834). ეს არის ლირიკული პიესა, რომლის შინაარსსაც ავტორის მსჯელობა, სასაცილო და სევდიან, თუმცა კი ყოველთვის გროტესკულ სახეებში განსხეულებული აზრებისა და გრძნობების თამაში წარმოადგენს. კომედიის გმირი, რომელსაც ერთობ მეტყველი სახელი ჰქვია - ფანტაზიო, მელანქოლიური ქარაფშუტა და ენამახვილი ფილოსოფოსი, საღად მოაზროვნე მეგობრებში თავს ეულად გრძნობს. თუმცა, მისი აზრით, ეულია ყველა: ყოველი ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილ, სხვებისთვის მიუწვდომელ სამყაროს წარმოადგენს. „რა მარტოობაში ცხოვრობენ ეს ადამიანთა სხეულები!“ - შესძახებს მხიარული, საზეიმოდ განწყობილი ხალხის შემყურე ფანტაზიო. ხანდახან ის შეშლილს ჰგავს, მაგრამ მისი შეშლილობა უმაღლესი სიბრძნეა, რომელსაც სძულს ყოველდღიური საღი აზრი. ფანტაზიოს რეალური სახე მაშინ გამოჩნდება, როცა ის მეფის მასხარის ტანსაცმელს გადაიცვამს და რაინდულ საქციელს ჩაიდენს - ბავარიის პრინცესას, ელსბეტს, მისი ხელის მთხოვნელი, ახირებული მანტიელი პრინცისგან გადაარჩენს. ფანტაზიოს მასხარად გარდასახვა საბოლოოდ ააშკარავებს მის არსს, ერთგვარად აახლოებს მას შექსპირის ბრძენ მასხარებთან და გოცის კომედიების თეატრალურ პერსონაჟებთან.

დრამატული ანდაზი

მიუსეს შემოქმედება ფრანგულ თეატრში დაკავშირებულია გარდამავალ პერიოდთან, რომანტიზმიდან - რეალიზმამდე. იგი მიმართავს რომანტიკულ სიტუაციებს, გმირებს, ამავე დროს, ზედმიწევნით მართალ, ფსიქოლოგიურ სახეებს ქმნის. როგორც რომანტიკოსს, მას ახასიათებს სევდა. მისი მეთოდი სპეციფიკურია. მიუსე ტრაგიკულის და კომიკურის იმგვარ აღრევას იძლევა, რომ ფინალი ძნელი ამოსაცნობი ხდება. მიუსე სკეპტიკოსია. ის წუხს, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანი მაღალი იდეალებისკენ უნდა ისწრაფოდეს, მაგრამ მისი ყოველი ასეთი მცდელობა ამაოა. ადამიანი ვერ მიაღწევს მაღალ იდეალებს. მისი გმირები იმედდაკარგული სკეპტიკოსები არიან. ადამიანი უბედურია - ასკვნის ავტორი. მის დრამატურგიაში ტანჯვის საბედისწერო გარდუვალობის მოტივი ჟღერს, ადამიანი ამაოდ ცდილობს ტანჯვისაგან განთავისუფლებას.

მისი დრამატურგია შეიძლება 2 ნაწილად დაიყოს:

პირველი ქმნის კლასიკურ, მაღალმხატვრულ პიესებს.

მეორე ქმნის სალონურ-არისტოკრატიულ თეატრალურ პიესებს და თავად მიუსე მას დრამატული ანდაზის ჟანრს უწოდებს. ეს დაბალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებებია.

არცთუ იშვიათად მიუსეს კომედიები ტრაგიკული ფინალით მთავრდება. ასეთებია „მარიანას ახირებები“ (1838), „სიყვარულს არ ეხუმრებიან“ (1838). ამ ავტორის კომედიებში მოქმედება სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ხდება, მოქმედების დრო კი დაზუსტებული არ არის.

პიესა „მარიანას ახირებები“ უფრო ტრაგედიაა. ჩელიო და ოტავიო ერთი რომანტიკული გმირის ორ მხარეს წარმოაჩენენ. ჩელიო ლენსკის მოგვაგონებს, ის ნაზი შეყვარებულია. ოტავიო კი თავისი ფსიქოტიპით, ევგენი ონეგინია, სკეპტიკოსი, ცხოვრებით დაღლილი, მსმელი, მოთამაშე, ქალების კერპი. ოტავიოსთვის ყველაფერი წარმავალია. მისი ნიღაბი იმდენად არ არის გაცვეთილი, რამდენადაც მისი გული.

პიესაში „სიყვარულს არ ეხუმრებიან“ მნიშვნელოვანია არა მოვლენები, არამედ გმირების ფსიქოლოგიური განცდები და სულიერი სამყარო, რომელიც ემოციებისა და აზრების წინააღმდეგობრიობითაა წარმოდგენილი. პიესის გმირის, ახალგაზრდა აზნაურის, პერდიკანის საბედო კამილაა. ისე, რომ თავად ვერ აცნობიერებენ, ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მათი ბედნიერების ხელისშემშლელი კამილას მონასტრული აღზრდა აღმოჩნდება. მას ჩაგონებული აქვს აზრი მამაკაცების მაცდურობაზე, რის გამოც გათხოვების ეშინია და უარს ეუბნება პერდიკანს. უარყოფილი და შეურაცხყოფილი ჭაბუკი გადაწყვეტს შური იძიოს კამილაზე. იგი თავის ძიძიშვილს, გულუბრყვილო გლეხ ქალიშვილს, როზეტას დაუწყებს არშიყს და ცოლად შერთვასაც ჰპირდება. ბოლოს და ბოლოს კამილა და პერდიკანი სიყვარულში გამოუტყდებიან ერთმანეთს. ამ სცენის შემსწრე როზეტა ტყუილს ვერ გადაიტანს და კვდება, მომხდარით შეძრული კამილა და პერდიკანი კი სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.

ამ პიესას, რომელიც არსებითად, ფსიქოლოგიურ დრამად იქცა, მიუსემ ორიგინალური, ჭეშმარიტად ნოვატორული ფორმა მისცა. ავტორს სცენაზე ადგილობრივი გლეხების გუნდი გამოჰყავს და დამხმარე ფუნქციას ანიჭებს მას. გუნდმა ყველაფერი იცის, ისიც კი, რაც სასახლის კედლებში ხდება. გუნდი თავისუფლად ესაუბრება სხვა პერსონაჟებს, აფასებს და ახასიათებს მათ საქციელს. ეპიკური საწყისის შეტანის ამ ხერხმა, ახალი გამომსახველობითი საშუალებებით გაამდიდრა პიესის დრამატურგია.

პიესაში „სიყვარულს არ ეხუმრებიან“ მთავარი ისაა, რომ ყოველი ადამიანი რაღაც როლს თამაშობს და ამ როლს ის თამაშობს არა სხვების, არამედ საკუთარი თავის წინაშე. მიუსე ქადაგებს, რომ ამა თუ იმ ადამიანისთვის უცხო როლი აყალბებს მის ბუნებას, უცხო ნიღაბი მხოლოდ უბედურების მომტანია ადამიანისათვის, ამიტომ, სხვას არავინ უნდა თამაშობდეს.

„ლორენზაჩო“

მიუსეს სოციალური პესიმიზმი ყველაზე მძაფრად გამოხატულია მის დრამაში „ლორენზაჩო“ (1834). ეს დრამა ისტორიის მსვლელობის რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობის ტრაგიკულ განწირულობაზე ავტორის მსჯელობის ნაყოფია.

სიუჟეტი ეფუძნება შუა საუკუნეების ფლორენციის ისტორიულ მოვლენებს. ლორენცო მედიჩის (ლორენზაჩოს) სძულს დესპოტიზმი. იგი ბრუტოსის გმირობაზე ოცნებობს და გადაწყვეტს, მოკლას ტირანი ალექსანდრო მედიჩი და ამით თავისუფლება მოუტანოს სამშობლოს. ამ ტერორისტულ აქტს რესპუბლიკელებმა უნდა დაუჭირონ მხარი. ლორენზაჩო კლავს ჰერცოგს, თუმცა ამის შემდეგ არაფერი იცვლება. რესპუბლიკელები გამოსვლას ვერ ბედავენ. ხალხის უკმაყოფილების რამდენიმე მცდელობა ჯარისკაცებმა ჩაახშეს. ლორენცოს, რომლის მოკვლისათვისაც ჯილდოა დანიშნული, ზურგში ვერაგული დარტყმით კლავენ, ფლორენციის გვირგვინს კი ახალ ჰერცოგს უბოძებენ.

ტრაგედია სოციალური რევოლუციის შეუძლებლობაზე მეტყველებს, გმობს იმ ადამიანებს, რომლებიც თუმცა კი თანაუგრძნობენ თავისუფლების იდეას, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ჩაბმას ვერ ბედავენ, ამასთან, არც ხალხის გაძღოლა ძალუძთ. თანამედროვეთადმი პირდაპირ მიმართვად ჟღერს ლორენცოს სიტყვები: „თუ რესპუბლიკელები ისე მოიქცევიან, როგორც ეგების, ისინი ადვილად დაამყარებენ ყველაზე უმშვენიერეს რესპუბლიკას, რომელიც კი ოდესმე ყვაოდა დედამიწაზე. ოღონდ ხალხი დადგებოდეს მათ მხარეს“. მაგრამ ხალხი მოტყუებულია, პასიურია, განწირულია...

დრამა „ლორენზაჩო“ ლაღად, კლასიციზმის კანონების სრული უგულებელყოფით არის დაწერილი. პიესა იყოფა 39 მოკლე სცენა−ეპიზოდად, რომელთა მონაცვლეობა ხელს უწყობს მოქმედების განვითარების ტემპს, მოვლენათა განვითარების მასშტაბს, მთავარი პერსონაჟების ქცევების, ხასიათების სხვადასხვა წახნაგებთა წარმოჩენას. დრამაში შექსპირისთვის დამახასიათებელი ხერხებია გამოყენებული, რომლებიც ეპოქის ფართოდ და თვალსაჩინოდ ასახვაში გამოიხატება.

კლასიცისტური დრამის სწორხაზოვან სქემატიზმს მოკლებულია გმირების ხასიათებიც. ლორენზაჩოს ტრაგიკული დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ თუმცა იგი სამყაროში ძალადობისა და გახრწნილობის წინააღმდეგია, თავად ხდება მისი ნაწილი. მთავარი გმირის სახე ახლოსაა მიუსეს მიერ შექმნილი პირქუში, გაწბილებული და ტრაგიკული, სასოწარკვეთილი „საუკუნის შვილის“ პორტრეტთან. ლორენზაჩო თავისებური ჰამლეტია. პიესაში გაშუქებულია პიროვნების როლი ცხოვრებაში. ლორენზაჩო განიხიბლა ცხოვრებით, დარწმუნდა ბოროტების სიძლიერეში. შექსპირის ჰამლეტი თავს მოიგიჟიანებს, იგი მამის მკვლელობისათვის კი არ იძიებს შურს, მას ადამიანობის აღდგენის სურვილი ამოძრავებს. ლორენზაჩოსთვის მთავარია სამშობლო, ადამიანობა. ტირანია ბადებს სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ალექსანდროს ტირანიამ ლორენზაჩოში ბრუტოსის სული დაბადა. მას მიაჩნია, რომ ფიქრი ადუნებს მოქმედების უნარს. მიუსე ამბობს, რომ ადამიანის სინდისი იმით კი არ განიზომება, რომ ის სუფთაა. ადამიანი მხოლოდ ის კი არ არის, რაც გულში უდევს, იგი აქტიურად უნდა ერეოდეს ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სიკეთე პასიურია, უძლურია. ადამიანი სიმარტოვისთვის არის განწირული. ადამიანები ისტორიის ბედს ვერ განაგებენ, ცხოვრება თავისით მიედინება.

„ლორენზაჩოს“ შემდეგ მიუსეს დიდი სოციალური თემებისთვის აღარ მიუმართავს. 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან ის წერს მახვილგონივრულ და მოხდენილ კომედიებს მაღალი საზოგადოების ცხოვრებიდან, ასეთებია: „შანდალი“ (1835), „კაპრიზი“ (1837). ამ ტიპის კომედიებში მოქმედება თითქმის არ არის და მთელი აქცენტი სიტყვაზე, საუბრებსა და დიალოგებზეა გადატანილი, რომლებშიც შენარჩუნებულია ლაღი სალაპარაკო ენის ცხოველი სითბო.

40-იანი წლების შუა პერიოდიდან მიუსე წმინდა სალონურ-არისტოკრატიული ხასიათის კომედია-ანდაზების თავისებურ ჟანრს ავითარებს. ის ამბავი, რომ მიუსემ კომედია-ანდაზებს მიმართა, დრამატურგის შემოქმედებითი ტონუსის ერთგვარ დაქვეითებაზე მეტყველებს. მაგრამ ალბათ თავად რომანტიკოსი მწერლისთვის ეს მისთვის საძულველი, ბურჟუაზიული უფერულობის სამყაროსგან ერთგვარი გარიდების საშუალება იყო. თუმცა მიუსეს დრამატურგიამ იმ დროის ფრანგული თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ვერ დაიკავა, სამაგიეროდ, მეოცე საუკუნის ფრანგული თეატრის იდეურ-ესთეტიკურ სახეზე მან დიდი გავლენა მოახდინა.


პიესაში ცხადდება ვინის რომანტიზმის თავისებურება, მას არ ახასიათებს რომანტიკული ზეაწეულობა, პერსონაჟთა ხასიათები ცოცხალი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაა დამუშავებული. დრამის კვანძის გახსნა ტრაგიკულია - ჩატერტონი და კიტი კვდებიან. ეს მათი ხასიათების ლოგიკით, სამყაროსთან მათი დამოკიდებულებით არის შემზადებული და არ წარმოადგენს მელოდრამატულ ეფექტს. თავად ავტორი ხაზს უსვამდა გმირების შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესს: „ეს არის იმ ადამიანის ისტორია, რომელმაც წერილი დილით დაწერა და საღამომდე ელოდება პასუხს; პასუხი მოდის და კლავს მას“.

მარინა ხარატიშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები