მელონი ენდრიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდრიუ მელონი

ენდრიუ მელონი - (Andrew Mellon, 24 მარტი 1855 — 27 აგვისტო 1937), ენდრიუ მელონი იყო პირველი ამერიკელი მილიონერი, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ამერიკაში კორუფციასთან დაკავშირებულ ყველაზე მსხვილ აფიორის პერიოდში, იგი იყო კაბინეტის წევრი.

ენდრიუ მელონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული, წარმატებული და ენერგიული ამერიკელი ფინანსისტი და მრეწველი. სიბერის ჟამს ის არ ნანობდა საზოგადოებრივი სამსახურის პერიოდზე: იგი იყო სამი პრეზიდენტის კაბინეტის წევრი, ფინანსთა მინისტრი, ამავე დროს, მან თავისი კაპიტალის გარკვეული ნაწილი შესწირა საზოგადოებრივ მიზნებს, ვაშინგტონში ააშენა ხელოვნების გალერეის შენობა, რომელსაც საჩუქრად გადასცა თავისი სურათების კოლექცია.

სარჩევი

ბიოგრაფია

ენდრიუს მამა - თომას მელონი, ბანკირი და იურისტი, მდიდარი ადამიანი იყო. თომასის აზროვნებასა და შეხედულებას მკაფიოდ ასახავს წერილი, რომელიც მან გაუგზავნა თავის უფროს შვილს სამოქალაქო ომის წლებში (უმცროსი, ენდრიუ, რომელიც 1855 წელს დაიბადა, მაშინ ბავშვი იყო). გაიგო რა, რომ მის შვილს უნდოდა ჩრდილოეთის ჯარის რიგებში შესვლა, თომასმა გადაჭრით აუკრძალა და ასე ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია:

მე ვიმედოვნებდი, რომ ჩემი ბიჭი გახდებოდა მოხერხებული, ინტელიგენტი ბიზნესმენი და არა სულელი. მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები მიდიან ჯარში, ხოლო ვისაც შესაძლებლობა გააჩნია, უხდის მათ, ვინც წავა მის მაგივრად. დროთა განმავლობაში შენ მიხვდები, რომ ადამიანი შეიძლება იყოს პატრიოტი საკუთარი სიცოცხლის გარისკვის გარეშე და თავისი ჯანმრთელობის შეუწირავად, და დარწმუნდები ამაში. არის ბევრი რამ, ადამიანზე ნაკლებ ფასიანი“.

შემდგომ წლებში ასეთი „ფილოსოფია” გახდა ენდრიუ მელონის წამყვანი აზრი. არანაირი „წვრილმანი” ვერ მოწყვიტავდა მას საქმისგან, ხოლო თავის მთავარ საქმედ ის, როგორც მამამისი, კაპიტალის გაზრდას თვლიდა.

საბანკო კარიერა

1870 წელს პიტსბურგში შეიქმნა ბანკი სახელწოდებით „თ. მელონ ენდ ქენზ“ (T. Melon and Cans), რომელმაც კლიენტების ნდობა დაიმსახურა, თუმცა მაღალ პროცენტებს იღებდა. ეკონომიკური კრიზისის დროს, 1873 წელს, როდესაც მრავალი საწარმო გაკოტრდა, მელონების ბანკი გადახდისუნარიანი აღმოჩნდა და კონკურენტებს გაუსწრო. 1880 წელს ენდრიუ მელონმა ბანკი მიიღო მოხუცი მამისგან. მალე მან შეძლო ეჩვენებინა არა მარტო თავისი უნარი, არამედ დაუნდობლობა საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ბანკმა დაიწყო სპეციალიზება სამრეწველო საწარმოთა დაფინანსებაზე.

ენდრიუ მელონის უფრო შორსმჭვრეტელური ღონისძიება იყო ორი საწარმოსთვის შედარებით არც თუ დიდი კრედიტის გაცემა, რომლებსაც უნდოდათ აეშენებინათ ალუმინის ქარხანა. ეს მსუბუქი ლითონი უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი გამოდნობის ორგანიზება კომერციულ საწყისებზე. აუცილებელი ტექნოლოგიური პროცესების გამომგონებელი ჩარლზ ჰელი (Charles Hell) უშედეგოდ ეწეოდა აგიტაციას რამდენიმე მრეწველთან, სანამ არ მოხვდა პიტსბურგში და არ მივიდა მელონთან.

ბანკირი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. მან 250 ათასი დოლარის ოდენობით კრედიტი გამოყო ალუმინის წარმოებისთვის, რამაც ჰელს მისცა შესაძლებლობა აეგო პირველი ალუმინის ქარხანა. მალე გაირკვა, რომ ალუმინზე მოთხოვნილება ძალიან დიდია და იზრდება ყოველწლიურად, განსაკუთრებით საავტომობილო მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით.

მელონის კონკურენტებმა ინანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ალუმინის წარმოებაზე უარის თქმით, მათ ხელიდან გაუშვეს ყბადაღებული „ოქროს ძარღვი“. მართალია, ერთ-ერთმა მათგანმა სცადა შეექმნა თავისი ქარხანა, მაგრამ მელონმა სასამართლოში საქმე აღძრა მის წინააღმდეგ, ბრალი დასდო მას გამომგონებელი ჰელის საპატენტო უფლების დარღვევაში. პროცესი ძალიან გაჭიანურდა, მაგრამ საბოლოოდ, მოსამართლემ, უილიამ ჰოვარდ ტაფტმა, საქმე მაინც მელონის სასარგებლოდ გადაწყვიტა. შემდგომში ტაფტი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. როგორც ჰარვი ოკონორი (Hurwy O’Connor) ამტკიცებს თავის წიგნში „მელონების მილიონები, ტაფტის განაჩენმა მელონს 100 მილიონი დოლარი მოუტანა.

სამეწარმეო საქმიანობა

მალე შეიქმნა კონცერნი „ალუმინიუმ კომპანი ოვ ამერიკა“ (Aluminium Company of America), რომელიც შემოკლებული სახელწოდებით ცნობილია როგორც „ალკოა“, რომელშიც აქციათა უმრავლესობა მელონს ეკუთვნოდა. კონცერნი თითქმის ერთმმართველი მონოპოლისტი გახდა ალუმინის წარმოების სფეროში: მან შეიძინა ბოქსიტის საბადო, ააშენა ახალი საწარმოები, ორგანიზებას უკეთებდა ალუმინის გასაღებასა და მის ექსპორტს საზღვარგარეთ.

კაპიტალის გაზრდის მიზნით, ენდრიუ მელონი სულ უფრო და უფრო აფართოებდა თავის „იმპერიას“, ფოლადსასხმელი ქარხნებისა და საწარმოების აქციათა საკონტროლო პაკეტის ყიდვით. მისი მომდევნო წარმატება (ალუმინის საქმის შემდეგ) იყო ნავთობის საბადოს აღმოჩენა ტეხასის შტატში. მოხვეტა რა მოგების უდიდესი ნაწილი, ამ შემთხვევაში მელონმა გამოიყენა სხვა ადამიანების საზრიანობა, გამომგონებლობა და ენერგია.

ტეხასის შტატში ნავთობის მოძიების იდეა წამოაყენა ვინმე ენდო ლუკასმა (Endo lukas), ემიგრანტმა იუგოსლავიიდან. თავიდან მას აფინანსებდა პოლკოვნიკი ჯეიმს გაფი (James Gaff), მაგრამ როცა 1901 წელს ლუკასის ხანგრძლივმა ძიებამ საბოლოოდ მიიყვანა ნავთობის მდიდარი ძარღვის აღმოჩენამდე, მას და პოლკოვნიკს არ ეყოთ ფული. მელონმა უყოყმანოდ მისცა მათ კრედიტი 3 მილიონი დოლარის ოდენობით.

მალე შეიქმნა ახალი კონცერნი - „გალფ ოილ კორპორეიშნ” (Gulf Oil Corporation), ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკაში, რომელიც მხოლოდ როკფელერის ფირმა სტანდარდ ოილს ჩამორჩებოდა. აქციების უმრავლესობა ისევ მელონისა და მისი ოჯახის ხელში აღმოჩნდა. პოლკოვნიკი გაფი იხსენებდა შემდეგ, თუ როგორ „გააგდო” იგი მელონმა. ის შეეცადა ეჩივლა მათთვის, მაგრამ წააგო და მოკვდა სიღარიბეში.

მესამე, - ალუმინისა და ნავთის შემდეგ, - მარგალიტი მელონთა გვირგვინში ქიმიური მრეწველობა გახდა. 1914 წელს ენდრიუ მელონმა 300 ათას დოლარად იყიდა პატენტი გერმანელი გამომგონებლის, დოქტორ გენრიხ კოპერსისგან (Henrich Coppers), რომელმაც აღმოაჩინა კოქსიკური წარმოების ნარჩენი პროდუქტების გამოყენების წესი და მეთოდი. კოპერსის პატენტი გახდა საწყისი ბაზა მელონის რიგი ქიმიური საწარმოების მშენებლობისთვის.

ხელოვნების ეროვნული გალერეა ვაშინგტონში

პირველი მსოფლიო ომის დროს მელონი უკვე რამდენიმე ათეული სრულიად სხვადასხვა კონცერნის სათავეში იდგა, რომელთა საერთო კაპიტალი 2 მილიარდ დოლარს ფასობდა. მიუხედავად ამისა, სინამდვილეში, ის ნაკლებად იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ვანდერბილტისა და ასტორის, როკფელერისა და მორგანისგან განსხვავებით, რომელთა ყოველი ნაბიჯი ფრიად რეკლამირებული იყო და რომლებსაც უყვარდათ ქება თავიანთი სიმდიდრით, ის სრულიადაც არ ეძებდა საყოველთაო აღიარებას. ის უფრო გვიანდელი მილიონერების თაობას ეკუთვნოდა, რომლებიც უპირატესობას საქმის რეკლამის გარეშე კეთებას ანიჭებდნენ.

პოლიტიკური კარიერა

მხოლოდ 1921 წელს, როცა ენდრიუ მელონს შეუსრულდა 66 წელი, მისი სურათი პირველად გამოჩნდა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმს”-ის (New York Times) გვერდზე. ამის საბაბი იყო კაპიტალისტთა გარკვეული წრის სურვილი, რომ ახალ პრეზიდენტს, უორნერ ჰარდინგს (Warner Harding), მიეცა მელონისთვის მინისტრის პორტფელი.

სტიუარტ პოლბრუკი (Steward Paulbruck) თავის წიგნში „ქურდობის საუკუნე” წერს:

არც ერთი სხვა ამერიკული სიმდიდრე არ შექმნილა ასეთ საიდუმლოებაში, რომელიც ახასიათებდა მელონების - მამა და შვილის ცხოვრებასა და საქმიანობას. რკინიგზელები ლაპარაკობდნენ, რომ ისინი მუშაობდნენ გულდასთან, ჰილთან, ჰარიმანთან ან ვანდერბილტთან. „სტანდარდ ოილის“ რიგითმა მუშამ იცოდა, ვინ იყო ჯონ როკფელერი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცოდა თითქმის სამასი მსხვილი სამრეწველო კონცერნების დირექტორებიდან, რომ მათი მთავარი პატრონი ენდრიუ მელონი იყო.

ჰარდინგმა დანიშნა მელონი ფინანსთა მინისტრად. წესის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო იყო კაბინეტის ყველა წევრისთვის, მელონს მოუწია უარი ეთქვა მრავალრიცხოვანი კონცერნების ხელმძღვანელ პოსტებზე, რომლებიც ფაქტობრივად მისი დინასტიის საკუთრებად დარჩა.

ენდრიუ მელონს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა სისხლის სამართლის აფიორაში, მაგრამ თავისი მინისტრის პოსტი პირადი გამდიდრებისთვის გამოიყენა. მან შორს მიმავალი ცვლილებები შეიტანა კანონში გადასახადების შესახებ, რის შედეგადაც ამაზე საკმაო ფული გააკეთეს მსხვილმა კონცერნებმა. თვლიან, რომ მელონის ასეთი კანონის წყალობით კონცერნები გადასახადებზე მილიარდნახევარი დოლარის ეკონომიას აკეთებდნენ წელიწადში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ენდრიუ მელონმა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა სანავთობო კომპანიების გადასახადთა დაბეგვრის საკითხებისადმი: მათ მიმართ მან საგადასახადო შეღავათების ფართო სისტემა გამოიყენა.

ქველმოქმედება

სიბერეში მელონმა ქველმოქმედებას მოჰკიდა ხელი. თავისი სიმდიდრის უმნიშვნელო ნაწილი გამოყო საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. უფრო მეტად ცნობილია ვაშინგტონში ხელოვნების ეროვნული გალერეის მშენებლობის ფაქტი.

ენდრიუ მელონი გარდაიცვალა 1937 წელს 82 წლის ასაკში.



წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები