როკფელერი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ როკფელერი

ჯონ როკფელერი - (ინგლ. John Davison Rockefeller, 8 ივლისი 1839 — 23 მაისი 1937), ამერიკელი მეწარმე, ბიზნესმენი, მილიარდერი და ქველმოქმედი.


სარჩევი

ბიოგრაფია

ჯონ როკფელერი 1839 წელს დაიბადა პატარა ქალაქ რიჩფორდში (Richford), ნიუ-იორკის შტატში. ის იყო ერთ-ერთი დედ-მამის ხუთი შვილიდან. ჯონის მამა – უილიამ როკფელერი (William Rockfeller) თავს ექიმად ასაღებდა და „სასწაულმოქმედ“ წამლებს ამზადებდა. ერთხელაც მან მიატოვა თავისი ცოლ-შვილი და სადღაც გადაიკარგა.

ადრეული წლები

1854 წელს ჯონის დედა ელიზა როკფელერი საცხოვრებლად კლივლენდში, ოჰაიოს შტატში გადავიდა. ჯონი მაშინ 15 წლისა იყო. მას დედა, წარმოშობით შოტლანდიელი და ბაპტისტი, დიდი სიმკაცრით ზრდიდა. ახალგაზრდა ჯონი არ თამაშობდა ბავშვებთან, არ ხარჯავდა ფულს და არ ჰყავდა მეგობრები. ბავშვობიდანვე ძუნწ ჯონს ჩვევად ჰქონდა თავისი ფულით ნაყიდი კანფეტები და-ძმებისთვის უფრო მაღალ ფასში მიეყიდა. ერთხელ, სკოლაში თავის მერხის მეზობელს უთხრა: „მე მინდა, როცა გავიზრდები, ასი ათასი დოლარი მქონდეს. და მე ეს მექნება.“

სკოლის დამთავრების შემდეგ, თექვსმეტი წლის ასაკში, მან სასურსათო მაღაზიაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა და თავისი მუყაითი შრომით მაღაზიის მფლობელის პატივისცემა დაიმსახურა. ის იმ ტიპის ბუღალტერთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და არაფერი ავიწყდებათ. თავისი პირველი გამოცდილება დიდად გამოადგა მას საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის.

მას, როგორც ხელმომჭირნე ადამიანს, სძულდა ფულის ფლანგვა, უყვარდა წესრიგი ყველგან და ყველაფერში. იგი უპირატესობას ლიდერის პოზიციაში ყოფნას ანიჭებდა. არ უყვარდა საზოგადოებაში გამოჩენა. მისი ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავის ოფისში, სახლსა და ბაპტისტურ ეკლესიაში. მას თითქმის არავინ იცნობდა თავის კომპანია –„სტანდარდ ოილ კომპანი“-ში (Standard Oil Company). ხალხში მრავალი ჭორი დადიოდა როკფელერზე, თუმცა ყველანი უცნაური პატივისცემის გრძნობით იყვნენ განმსჭვალულნი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არავინ იცნობდა, მაგრამ რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა. როკფელერი არასოდეს იღიმებოდა, მხოლოდ განსაკუთრებით მომგებიანი გარიგების დადებისას თუ გაიღიმებდა ხოლმე.

როცა როკფელერს თვრამეტი წელი შეუსრულდა, თავისი დანაზოგი ფულითა და მამისგან აღებული სესხით დააფუძნა საკუთარი საკომისიო ფირმა – „კლარკ ენდ როკფელერი“ (Clark and Rockfeller). რაც დრო გადიოდა, ფირმა უფრო და უფრო მსხვილ სასაქონლო ბრუნვებს აკეთებდა და წარმატებით ვითარდებოდა.

როკფელერი 18 წლის ასაკში

კარიერა

1860 წლის გაზაფხულზე ვაჭართა და მრეწველთა ერთმა ჯგუფმა წინადადებით მიმართა ახალგაზრდა ჯონს, წასულიყვნენ მეზობელ პენსილვანიის შტატში და ადგილზე შეემოწმებინათ, თუ როგორია ნამდვილი პერსპექტივა ახლად გახსნილ ნავთობის საბადოში კაპიტალის დაბანდებისთვის.

როკფელერი მაშინვე მიხვდა, რომ ეს მომგებიანი საქმე იყო და თავის სანდო ხალხს ურჩია, ფული ნავთობის ანძებში ჩაედოთ. ის თვლიდა, რომ ეს ძალიან სარისკო საქმეა. ამავე დროს ფიქრობდა, რომ ნავთობსახდელი ქარხნის მშენებლობა სასარგებლო და მომგებიანია. თუმცა ეს საქმეც დაკავშირებული იყო გარკვეულ რისკთან.მალე ის ერთ-ერთი პირველი ქარხნის თანამფლობელი გახდა კლივლენდში. ასე დაიწყო მისი ყბადაღებული „ნავთობთან რომანი“, რომელიც ჯონის ყოვლისმომცველი გატაცება გახდა და მისი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა.

პირველ ეტაპზე როკფელერმა გადაწყვიტა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საუკეთესო ნაწილის ხელში ჩაგდება. მის მფლობელობაში ეტაპობრივად გადადიოდა ნავთობის მრეწველობის მთელი სფერო, დაწყებული ნავთობის მოპოვებიდან მის რეალიზაციამდე. როკფელერი აწარმოებდა ნავთობის ცისტერნებსაც კი.მისი ამბიციური გეგმა წარმატებით განხორციელდა და მოკლე დროში „სტანდარდ ოილის“ ხელში გადავიდა არა მხოლოდ ნავთობის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, არამედ ნავთობსადენები, მანქანები, ცისტერნები, მაღაზიები. „სტანდარდ ოილ“-მა ბაზარზე მონოფსონის პოზიცია დაიკავა.

ნავთობის მრეწველობაში როკფელერის პირველი კომპანიონი იყო სამუელ ენდრიუსი, რომელმაც კარგად იცოდა ტექნიკა და ნავთობის გადამუშავების საკითხები. ქარხანა „როკფელერ ენდ ენდრიუსი“ (Rockfeller and Endrews) კარგ მოგებას იძლეოდა, რამაც უბიძგა ჯონს, გაეგრძელებინა კაპიტალის დაბანდება ამ სფეროში. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ფული ამ საქმისთვის, მაგრამ იცოდა თუ როგორ მოეძებნა საჭირო კომპანიონები და თანამშრომლები.

1864 წელს ჯონი დაქორწინდა და მალე ახალი კომპანიონი შეიძინა ჰენრი მ. ფლეგლერის სახით. ეს უკანასკნელი გახლდათ ს. ვ. ჰარკნესის სიძე, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „ვისკის მეფე“ ოჰაიოს შტატიდან. როგორც ჩანს, ფლეგერს სიმამრის კაპიტალზე მიუწვდებოდა ხელი, ვინაიდან მან მოახერხა მისგან 70 ათასი დოლარის აღება ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის. მალე ნათელი გახდა, რომ ვისკთან შედარებით ნავთობი მნიშვნელოვნად მეტ მოგებას იძლევა. ამავე დროს ჯონმა დაითანხმა თავისი უმცროსი ძმა უილიამი კლივლენდში არსებული კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეეძინათ. თვითონ უილიამ როკფელერი კი ნიუ-იორკში ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის ბიუროს ხელმძღვანელი გახდა.

სახლი სადაც დაიბადა როკფელერი

1870 წელს როკფელერმა, ფლეგლერმა და ენდრიუსმა ჩამოაყალიბეს ახალი კომპანია „სტანდარდ ოილ ქომფანი ოვ ოჰაიო“ (Standard Oil Company of Ohio), საიდანაც წარმოიშვა დღეისთვის არსებული მრავალი კონცერნი. კონცერნების მესვეურები „სტანდარდ ოილს“ უმატებენ იმ შტატის სახელს, სადაც მათი რეზიდენციები მდებარეობენ. პირველმა კომპანიამ საქმიანობა ერთი მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალით დაიწყო. ამ კომპანიის ხელში იყო იმ დროისთვის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელშიც ათასი მუშა იყო დასაქმებული.

ურთიერთობა კონკურენტებთან

ფირმა „სტანდარდ ოილი“ უზარმაზარ მოგებას იძლეოდა. პირველ წლებში მოგებამ შეადგინა ინვესტირებული კაპიტალის 100%. მაგრამ ჯონისთვის ეს არ იყო საკმარისი. ამ დროისთვის როკფელერს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გზიდან ჩამოეშორებინა ყველა კონკურენტი და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაში მონოპოლისტის პოზიცია დაეკავებინა. ამაში მას ხელი შეუწყო რკინიგზის მფლობელებთან დადებულმა საიდუმლო გარიგებებმა.

პენსილვანიის ქალაქ ტიტუსვილის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობი უნდა გადაეზიდათ ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, ე. ი. ასი კილომეტრის მანძილზე. ამის შემდეგ ნავთობპროდუქტები ქარხნიდან უნდა მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მალე კი საზღვარგარეთაც. ნავთობის მრეწველობაში არსებით პრობლემას წარმოადგენდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფების დადგენა. როცა როკფელერი და მისი კონკურენტები ნავთობსადენების მშენებლობას შეუდგნენ, რკინიგზის მფლობელებთან შეთანხმებების დადების აუცილებლობა გაჩნდა, რადგან ნავთობსადენები, როგორც წესი, რკინიგზის ხაზების პარალელურად უნდა განლაგებულიყო.

სწორედ ამ სფეროში, რკინიგზის მაგნატებთან საიდუმლოდ დადებული მაქინაციური გარიგებებით როკფელერი თავის ტალანტს სრული სახით ავლენდა და ყველა კონკურენტს აკოტრებდა. „სტანდარდ ოილ“-ის ჩამოყალიბების პარალელურად ჯონმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რაღაც საწარმო, უცნაური, თითქმის არაფრის მთქმელი სახელწოდებით – „საუზ იმფრუვმენთ ქომპანი“ (South Improvement Company), რაც სიტყვასიტყვით თარგმანში ნიშნავს „სამხრეთის გაუმჯობესების კომპანიას“. ამ ფირმის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენდა „სტანდარდ ოილ“-ის კონკურენტების მოტყუება.

მიხვდნენ რა „სტანდარდ ოილ“-ის მუხანათობას, ტიტუსტვილის ნავთობის მეწარმეები შეეცადნენ კონტრიერიში მიეტანათ ამ კომპანიაზე. გადაწყვიტეს არ მიეყიდათ როკფელერისთვის და არ გადაეზიდათ ნავთობი იმ რკინიგზით, რომლის მესვეურებიც როკფელერთან იყვნენ შეკრულები. ერთი სიტყვით, ტიტუსტვილში შეიკრიბა მენავთობეთა მიტინგი, სადაც სახალხოდ სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს ჯონის გამოსახულების მქონე ფიტული. პენსილვანიის შტატის საკანონმდებლო კრებამ გააუქმა „საუზ იმფრუვმენთ ქომფანი“-ს სტატუსი.

ეს უსიამოვნებანი ნაკლებად აღელვებდა როკფელერს. ის ეძებდა და პოულობდა კიდეც კონკურენტების მოტყუებისა და გასულელების ახალ საშუალებებს და ნავთობის მრეწველობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. მის წინააღმდეგ აღძრული გამოძიების მსვლელობისას, როკფელერსა და პროკურორს შორის ამ საქმისთვის დამახასიათებელი დიალოგი გაიმართა. პროკურორის მიერ როკფელერისადმი დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ეს უკანასკნელი კომპანია „საუზ იმფრუვმენთ ქომპანი“-ს ერთ-ერთი მფლობელთაგანი, მან მტკიცედ უპასუხა: – „არა!“. დამსწრენი ფრიად შეაძრწუნა ამ ცხადმა სიცრუემ. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფორმალურად როკფელერი მართალი იყო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ პროკურორი შეცდა ფირმის სახელის წარმოთქმისას. კერძოდ, სიტყვა „სამხრეთი“ (South – „საუზ“) ნაცვლად მან „სამხრეთის“ (Southern – „საუზერნ“) წარმოთქვა, რამაც გაუადვილა ჯონს უარყოფითი პასუხის მიცემა.

სასამართლო პროცესი

კიდევ ერთი მაგალითი როკფელერის მოქმედების მეთოდისა: კლივლენდში როკფელერისგან დამოუკიდებლად არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მეპატრონეთა ჯგუფმა გაერთიანება გადაწყვიტა, რათა ურთიერთშეთანხმებით წინ აღდგომოდნენ როკფელერის დიქტატს. ამ მიზნით შეიქმნა ახალი ფირმა სახელწოდებით – „აკმე ოილ ქომფანი“ (Akme Oil Company). ფირმის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა ჯონ არჩბოლდმა, რომელსაც ყველა როკფელერის მტრად მიიჩნევდა. ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქციას გამოიწვევდა ჯგუფის წევრებში იმ ფაქტის გაგება, რომ მათ მიერ დანიშნული არჩბოლდი როკფელერის მოკავშირე იყო და მის მიზანს ჯგუფის წევრთა გეგმის ჩაშლა და ამის შემდეგ კომპანია „სტანდარდ ოილ“-ში თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დაკავება წარმოადგენდა.

მალე არჩბოლდი როკფელერის უახლოესი მეგობრების წრეში აღმოჩნდა. ის იყო არა მხოლოდ უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, არამედ ადამიანი, რომელიც მზად იყო ყველანაირი საქმე გაეკეთებინა. ზოგიერთ წიგნში არჩბოლდს ხშირად უწოდებდნენ „კორუფციის ჩემპიონს“.

როკფელერის კიდევ ერთი სანდო პიროვნება გახლდათ ჰენრი როჯერსი, რომელსაც როკფელერმა კონცერნის სამრეწველო განყოფილების ხელმძღვანელობა ანდო.

მისი პირველივე დავალება საკმაოდ რთული იყო: კონკურენტი ფირმის „ემფაია თრანსპორთეიშნ ქომფანი“-ის (Empire Transportation Company) ლიკვიდაცია. ამ ფირმას გააჩნდა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობსადენები. ფირმის სათავეში იდგა ტომ სკოტი, რომელიც, როგორც რკინიგზის ხაზის „პენსილვანია რეილროუდის“ (Pennsilvania Railroad) მფლობელი, როკფელერისგან დამოუკიდებელი იყო. როჯერსმა, შეუთანხმა რა მოქმედების გეგმა სხვა რკინიგზის მაგნატებს, ომი გამოუცხადა სკოტს. სკოტის გასაკოტრებლად როკფელერის მომხრეებმა დროებით გააიაფეს ნავთობი. იმავე 1877 წელს დაიწყო რკინიგზელთა გრანდიოზული გაფიცვები. სკოტი იძულებული გახდა კაპიტულაცია მოეხდინა და თავისი ყველა საწარმოს გაყიდვაზე დათანხმებულიყო.

როკფელერმა ერთდროულად დაამარცხა კიდევ რამდენიმე კონკურენტი: 1878 წელს „სტანდარდ ოილ“-ის ირგვლივ გაერთიანებული და ამ კომპანიის გავლენის ქვეშ არსებული ფირმების ხელში იყო ამერიკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისა და ნავთობსადენების 95%. მათ თავიანთი პირობების წაყენება შეეძლოთ არა მარტო ნავთობის მწარმოებლებისთვის, არამედ ნავთის მყიდველებისთვისაც. იმ დროისთვის ამ პროდუქტს უპირველესად განათებისთვის იყენებდნენ და დიდ შემოსავალსაც იძლეოდა.


გამდიდრების შემდეგ როკფელერმა შეიცვალა გარეგნული სახე – მოუშვა ულვაშები და დაიწყო ცილინდრის ტარება, რაც მაშინ მოდაში იყო მდიდარი ფენისთვის. მალე თავისი ოჯახით პროვინციული კლივლენდიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ააშენა თავისი კომპანიის რეზიდენცია. კონცერნის მისამართი (ბროდვეი, 26) მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ამერიკის ბიზნესის სამყაროში. როკფელერმა შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ასტორებისა და ვანდერბილტების მსგავსი ძველი მილიონერები მას ვიგინდარად მიიჩნევდნენ და თავიანთ სალონებში არ იწვევდნენ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში როკფელერი ამერიკაში ყველაზე საძულველ ადამიანად ითვლებოდა. მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მის მიერ გაკოტრებული კონკურენტები, რკინიგზის მაგნატები, რომლებსაც თავს მოახვია თავისი პირობები. როკფელერს პრესაც ცუდად იხსენიებდა და აკრიტიკებდა მონოპოლიური პოზიციის ხელში ჩაგდების მის მიერ გამოყენებულ მეთოდს. ხშირად იბარებდნენ კონგრესის კომისიის სხდომებზე, სადაც იხილებოდა მისი საეჭვო საქმიანობა. პროკურორები ხშირად იძიებდნენ როკფელერის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს.

ჯონი წარმატებით ახერხებდა გამკლავებოდა ბედის უკუღმართობას. ნიჭიერი იურისტ-მრჩევლების საშუალებით ის ადვილად უვლიდა გვერდს სავალდებულო კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ როკფელერს კონცერნი სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდა, ის გაურბოდა პირად პასუხისმგებლობას „სტანდარდ ოილ“-ის საქმიანობაზე. ბევრჯერ დაუპატიმრებიათ კონცერნის დირექტორები, მაგრამ თვით როკფელერი ყოველთვის ახერხებდა პროკურორის ხელიდან დასხლტომას.

როკფელერი „ტოვებს ბიზნესს“

1896 წელს ჯონი მოულოდნელად „ტოვებს ბიზნესს“. ბრჭყალების გამოყენება აქ აუცილებელია, ვინაიდან კიდევ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის თავის ნავთობის იმპერიას. „ბიზნესიდან წასვლა“ მას გაუადვილებდა კონკურენტების თავდასხმებისგან თავის დაცვას. ჯონი ყიდულობს მამულს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ თერითაუნში და იქ გადადის საცხოვრებლად. ქალაქში ის იშვიათად და არც თუ ისე დიდი ხნით ჩამოდიოდა.

როკფელერი

ახალი პერსპექტივები

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლები და მეოცე საუკუნის დასაწყისი როკფელერის ცხოვრებაში ერთდროულად იყო უდიდესი აყვავებისა და მრავალი წარუმატებლობის ხანა. ამიტომ, დავიწყოთ მისი წარმატებებიდან. ნავთობის მრეწველობას სრულიად ახალი პერსპექტივები დაუსახა ბენზინზე მომუშავე ძრავისა და პირველი ავტომანქანების გამოგონებამ. როკფელერს კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, თუ რა მოგებას მოუტანდა მას ეს საქმე და თავისი საწარმოები შესაბამისად გადააკეთა.

ნავთის წყალობით როკფელერი მილიონერი გახდა, ხოლო ბენზინის საშუალებით – მილიარდერი. 1896 წელს, როდესაც ის ფორმალურად გადასცემდა საქმეს თავის უმცროს შვილს, ჯონ დ. როკფელერ-უმცროსს, მისი კაპიტალი 200 მილიონ დოლარად შეფასდა. თოთხმეტი წლის შემდეგ როკფელერის ქონება უკვე 800 მილიონს აღემატებოდა და მალე მიაღწია იმ დროისთვის მაგიურ თანხას - მილიარდ დოლარს.

სასამართლო პროცესი

1890 წელს კონგრესმა ვაშინგტონში მიიღო ე. წ. ანტი-ტრესტული „შერმანის კანონი“. ამ კანონის საფუძველზე ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა კონცერნ „სტანდარდ ოილ“-ის”დაშლა. როკფელერს დიდი ხნის განმავლობაში მიჰყავდა სასამართლო პროცესი, მაგრამ ბოლოს, იძულებული გახდა სასამართლოს განჩინებას დამორჩილებოდა. თუმცა, მაინც იპოვა თავისთვის სასარგებლო გამოსავალი ამ რთული მდგომარეობიდან: როკფელერის იურისკონსულტებმა ნიუ-ჯერსის შტატის კანონებში მოძებნეს თავის დაძვრენის გზა – ახალი ფირმის, ე. წ. ჰოლდინგის შექმნის შესაძლებლობა. ე. ი. კონცერნისა, რომელიც სხვა საწარმოთა აქციების მფლობელია.ამგვარად, ჩამოყალიბდა ახალი ფირმა „სტანდარდ ოილ ოვ ნიუ-ჯერსი“ (Standard Oil of New Jersey), რომელიც ფაქტობრივად ფუნქციონირებს არა მარტო ამერიკაში, არამედ სხვა კონტინენტებზეც.

1901 წელს მომხდარმა ფაქტმა დიდი დარტყმა მიაყენა როკფელერს. კერძოდ, პოლონური წარმომავლობის ანარქისტმა, ლეონ ჩოლგოშმა, სიცოცხლეს გამოასალმა პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი. ამ უკანასკნელს ჯონი სრულიად სამართლიანად თავის მფარველად თვლიდა.

1911 წელს დასრულდა ვაშინგტონის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე „სტანდარდ ოილ ოვ ნიუ-ჯერსი“-ს ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კონცერნის ლიკვიდაციის შესახებ, რამდენადაც კონცერნის არსებობით ირღვეოდა კანონი ტრესტებისა და მონოპოლიების შესახებ. ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში გაჩნდა ოცდათვრამეტი ახალი ფირმა – ნაწილობრივ „სტანდარდ ოილ“-ის სახელწოდების შენარჩუნებით, ნაწილობრივ სხვა სახელწოდებით. კანონის მოთხოვნა ფორმალურად შესრულდა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ყველა ოცდათვრამეტი ფირმის საკონტროლო პაკეტი როკფელერის ხალხსა და მის ძველ კომპანიონებს ეკუთვნოდა. ამ „ღონისძიებების“ გატარების შემდეგ აქციების ღირებულება 200 მილიონი დილარით გაიზარდა.

სხვა საწარმოები

დაახლოებით 1900 წლიდან ჯონმა თავისი უზარმაზარი კაპიტალის ინვესტირების ახალი შესაძლებლობების ძებნა დაიწყო. ამ დროისთვის ამერიკის ნავთობის მრეწველობა მთლიანად მის ხელში იყო და მილიონობით მოგებას აძლევდა მას. როკფელერმა სხვადასხვა საწარმოების – ნახშირის საბადოების, მეტალურგიული ქარხნების, რკინიგზების, ბანკების, სადაზღვევო საზოგადოებების შეძენა დაიწყო. ამ ფირმების სიის ჩამოწერაც კი რამდენიმე გვერდს დაიკავებდა.

ჯეიმს სტილმენის სახით, რომელსაც შემდგომში „როკფელერების ბანკირს“ უწოდებდნენ, ჯონმა ფრიად საზრიანი და ძვირფასი თანამშრომელი შეიძინა. უილიამ როკფელერის დავალებით სტილმენი სათავეში ჩაუდგა ნიუ-იორკში არსებულ „ნეშენალ სითი ბენქს“ (National City Bank). როკფელერების ფონდების წყალობით ეს ბანკი მალე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი გახდა. საწარმოო კაპიტალის საფინანსო კაპიტალთან გაერთიანება ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა და ეს როკფელერების დინასტიისთვის მილიონების ახალ წყაროდ იქცა.

მაგრამ ფირმა „ქოლორადო ფუელ ენდ აირონ ქომპანის“ (Colorado Fuel and Iron Company) შეძენამ მას ბევრი უსიამოვნება მიაყენა. ეს ფირმა ფლობდა ნახშირისა და რკინის 24 საბადოს. 1913-1914 წლებში მომხდარმა მოვლენებმა მუშათა გაფიცვები გამოიწვია.გაფიცვები „დააშოშმინეს“ დაუნდობელი ზომებით.

სიცოცხლის ბოლო წლები

ზოგიერთი ავტორის თქმით, სიბერის ჟამს, მილიონერმა გადაწყვიტა შელახული რეპუტაციის გამოსწორება. ამ მიზნით მან დაიქირავა სპეციალური თანამშრომლები, რომლებსაც ევალებოდათ ჯონ როკფელერის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული არალეგალური საქმიანობების მიჩქმალვა და ამავდროულად საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სინამდვილეში როკფელერი იყო კეთილი, სათნო, ღვთისნიერი და გულისხმიერი ადამიანი. ამ თანამშრომელთა ძალისხმევას, რომელიც მილიონობით დოლარი დაჯდა და უმთავრესად საქველმოქმედო საქმეებზე დაიხარჯა, უკვალოდ არ ჩაუვლია. როკფელერმა საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრა, რათა ენახა, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ამერიკელთა დიდი ნაწილის აზრი მისი პიროვნების შესახებ.

როკფელერების სახლი

ღრმად მოხუცი ჯონ როკფელერი იშვიათად გადიოდა ნიუ-იუორკის შტატში არსებული მამულიდან. 1937 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ის სპეციალური მატარებლით გადაიყვანეს თბილ ფლორიდაში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ის კლივლენდში დაასაფლავეს, რადგან იქ გატარებული წლები ჯონის აქტიურ ცხოვრებაში ყველაზე გამოკვეთილი პერიოდი იყო. დაკრძალვის პროცესმა მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ეს აღსანიშნავი ფაქტია, ვინაიდან, რამდენიმე ათწლეულის წინ, გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვა ჯონმა კლივლენდში ვერ მოახერხა: ის იძებნებოდა ადგილობრივი პროკურორის მიერ რამდენიმე მილიონი დოლარის გადასახადის დავალიანების გამო.

გარდაცვალება

ჯონ როკფელერი გარდაიცვალა რუზველტის ახალი კურსის ჩამოყალიბების დროს. აგრეთვე, უკვე დიდი ხნის (ან არც თუ ისე დიდი ხნის) გარდაცვლილნი იყვნენ მისი მოწინააღმდეგენი და კონკურენტები, მის მიერ გაკოტრებული მეწარმეები, მოსყიდული კანონმდებლები და მოსამართლენი. სიკვდილის მომენტში როკფელერი ამერიკელებისთვის თითქმის მოჩვენების მსგავს ფიგურას წარმოადგენდა, უფრო მეტად სიმბოლოსა და ლეგენდას, ვიდრე რეალურ ადამიანს. ის „თავისუფალი მეწარმეობის“ სიმბოლო გახლდათ, რომლის ფართო რეკლამირებას ეწეოდა ბურჟუაზიული პროპაგანდა.

ურიცხვ ნეკროლოგებში მისი პიროვნული ღირსებების ქება-დიდება იყო მოცემული: ის სამაგალითო მეუღლე, მამა და ბაბუა იყო, ცხოვრობდა უბრალოდ, არ გააჩნდა ფუფუნების საგნები, რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

ჯონ ტ. ფლინი, ავტორი როკფელერის ბიოგრაფიისა, სახელწოდებით „ღვთის ოქრო“, ამტკიცებს, რომ ჯონი უფრო სამართლიანი გზით გამდიდრდა, ვიდრე სხვა ამერიკელი მილიონერები. ასეა თუ ისე, ფლინის აზრი სხვა მილიონერების სასარგებლოდ არ ჟღერს, ვინაიდან ისინი როკფელერს მართალი პიროვნების ეტალონად თვლიდნენ.

როკფელერის მოქმედების მეთოდების რამდენიმე შტრიხი

კომერციული პრაქტიკა

კონკურენტთა სიხარბის სტიმულირების თავიდან ასაცილებლად „სტანდარდ ოილ“-ის მუშებს არ ჰქონდათ უფლება ეთქვათ, თუ რა ოდენობის ხელფასს იღებდნენ. აგრეთვე, მათ თავი უნდა შეეკავებინათ ფუფუნების საგნების ყიდვისგან. როკფელერი მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირებას ახდენდა წარმოების საშუალებებში. 1886 წელს წლიურმა სუფთა მოგებამ 15 მილიონი დოლარი შეადგინა. ბაპტისტური რწმენის ერთგული როკფელერი არ ილტვოდა პიროვნული სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ, ამიტომ ქონების მუდმივ რეინვესტირებას ეწეოდა.

სამრეწველო დაზვერვა

იმისთვის, რომ რკინიგზას ეთანამშრომლა „სტანდარდ ოილ“-თან, ეს უკანასკნელი მოითხოვდა დეტალურ ინფორმაციას კონკურენტთა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ. კერძოდ: მწარმოებლის სახელი, ნავთობის რაოდენობა, ხარისხი და კლიენტის მიერ გადახდილი ფასი. როკფელერს ჰყავდა აგრეთვე მსტოვრები, რომლებიც ამოწმებდნენ, სინამდვილეში ახორციელებდა თუ არა რკინიგზა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, კლიენტების მიმართ ფასების დისკრიმინაციას. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში „სტანდარდ ოილი“ რკინიგზის „დამნაშავე მესვეურებს“ გაფრთხილების წერილებს უგზავნიდა: – ... „გთხოვთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს...“.

ფასების პოლიტიკა

„სტანდარდ ოილი“ დახვეწილი ოპერაციებისა და ეფექტური მეთოდების საშუალებით, რაც მდგომარეობდა მომწოდებელთაგან ნავთობის დაბალ ფასებში შესყიდვასა და რკინიგზის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებაში, მთელს მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დაბალ ფასებში მწარმოებელ კომპანიად ითვლებოდა.ეს საშუალებას აძლევდა მას, ფასების ომი გამოეცხადებინა ბაზარზე (ამა თუ იმ ქალაქსა თუ რეგიონში), რათა გზიდან ჩამოეშორებინა ყველა კონკურენტი.

„სტანდარდ ოილი“ რეგულარულად დაბლა სწევდა ფასს რომელიმე კონკრეტულ რაიონში და ამით მოკლე დროში აძევებდა იმ რაიონის ბაზარზე არსებულ მცირე კონკურენტებსაც კი.

ამ სტრატეგიას ხშირად მიმართავდა როკფელერი, მაგრამ გლობალურად მისი მიზანი იყო შეძლებისდაგვარად შეენარჩუნებინა მაღალი, და არა ძალზედ მაღალი ფასები, რათა უზრუნველეყო სტაბილური, მაღალი მოგება. ვინაიდან, დაბლი ფასი ახალ კონკურენტებს მოიზიდავდა და ადრეულ ნავთობზე არსებული მერყევი ფასები საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა. ეს უკანასკნელი დაინტერესდებოდა, თუ რა გზებით ახერხებდა „სტანდარდ ოილი“ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას და რა იყო ამ კომპანიის მიერ წარმოებული ნავთობის სიიაფის მიზეზი, ეს, რა თქმა უნდა, როკფელერის ინტერესებში არ შედიოდა.



წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები