ვანდერბილტი კორნელიუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კორნელიუს ვანდერბილტი

ვანდერბილტი კორნელიუს - (Cornelius Vanderbilt, 27 მაისი, 1794 – 4 იანვარი, 1877), XIX საუკუნის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენი ამერიკაში. ვანდერბილტს, როგორც ცხოვრებაში, ასევე სიკვდილის შემდეგ კომოდორს უწოდებენ.

ბიოგრაფია

კორნელიუს ვანდერბილტი დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს. ცხოვრების ბოლო ოც წელიწადში თავისი ქონება ასჯერ გაზარდა. სიკვდილამდე იგი ყველაზე მდიდარი კაცი იყო აშშ-ში. თავის მემკვიდრეებს 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუტოვა. გარდა ამისა, ცხოვრებაში გამოირჩეოდა ისეთი თვისებებით, რომელიც შემდეგში სხვა მდიდრებისთვის მისაბაძი იყო.

1853 წელს, როცა ვანდერბილტი უკვე ძალიან მდიდარი გახდა, მისივე შეკვეთით აგებულ იქნა ორჩხომელი - პირველი იახტა - ამერიკელი მილიონერებისთვის. მისი „ჩრდილოეთის ვარსკვლავი” მცირე ზომის ორთქლის ხომალდს წარმოადგენდა, რომელიც ისეთი ფუფუნებით იყო მოწყობილი, რომ ვერც ერთი სხვა მას ვერ შეედრებოდა. მან თავისი ორჩხომელით ევროპის გარშემო იმოგზაურა. ვანდერბილტმა თან წაიყვანა ცოლი, თორმეტიდან ათი შვილი, რძლები, სიძეები, რამდენიმე შვილიშვილი, საკუთარი ექიმი და მოძღვარი, რომ არ ჩავთვალოთ ეკიპაჟის მზარეულები, მეღუმელეები და სხვა.

ამერიკული პრესა შესაბამისი რეკლამით გამოეხმაურა მილიონერის მოგზაურობას. დაწვრილებით აღწერდნენ ორჩხომელის მოწყობილობას, მარმარილოსა და აბრეშუმს, დეკორაციებსა და სურათებს. როცა იახტა ინგლისის ერთ-ერთ პორტში შევიდა, ლონდონის გაზეთებმა მას საკმაო ყურადღება დაუთმეს, მაგრამ ბრიტანეთის არისტოკრატიამ, ვანდერბილტის გასაოცრად, მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მეტი სტუმართმოყვარე აღმოჩნდა რუსეთი. დიდი თავადი კონსტანტინე პირადად მიესალმა მილიონერს და თავისი ეკიპაჟიც მის განკარგულებაში გადასცა, რომლითაც ვანდერბილტი პეტერბურგში გაემართა. საფრანგეთში ვანდერბილტი და მისი ოჯახი ვერსალში მიიწვიეს, სამხედრო აღლუმზე, ხოლო იტალიაში ისინი იქ მყოფ ამერიკელ სკულპტორებს პოზიორობდნენ.

ნიუ-იორკში დაბრუნებისას მილიონერმა გაიგო, რომ ორი მისი კომპანიონი, რომლებმაც ვანდერბილტის იქ არყოფნით ისარგებლეს, მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კორნელიუსმა მათ ასეთი სახის წერილი გაუგზავნა:

„ჯენტლმენებო! თქვენ ჩემი მოტყუება გინდოდათ. სასამართლოს მე თქვენ არ გადაგცემთ, რამდენადაც მართლმსაჯულება ძალიან დაგვიანებულია. მე თქვენ გაგაკოტრებთ.
კ. ვანდერბილტი”

და ვანდერბილტმა შეასრულა სიტყვა.

მალე მან დაამტკიცა, რომ შეუძლია გააკოტროს არა მარტო უპატრონო კომპანიონები. მისი შემოსავლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა საზღვაო მიმოსვლების შექმნა და მხარდაჭერა აშშ-ის აღმოსავლეთსა და დასავლეთ სანაპიროებს შორის. იმ დროს „ოქროს ციებ-ცხელების” პერიოდი იყო კალიფორნიაში და ვანდერბილტის გემებს მისთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა. პანამის არხი ჯერ არ იყო გაყვანილი და სახმელეთო გზა ნიკარაგუას ტერიტორიაზე გადიოდა.

ვანდერბილტის კონკურენტებმა გადაწყვიტეს, ხელთ ეგდოთ ძალაუფლება სამხრეთ ამერიკის ამ პატარა რესპუბლიკაში და პრეზიდენტის სავარძელზე დაესვათ ვინმე უილიამ უოლკერი (ამერიკელი, ტენესის შტატიდან), რომელმაც დაუყოვნებლივ გააუქმა ვანდერბილტის კონცესიები. ეს უკანასკნელი არ ფიქრობდა პოზიციების დათმობას. მან დაიყოლია ცენტრალური ამერიკის ოთხივე მეზობელი ქვეყნის მთავრობები, შეექმნათ „თავდაცვის კავშირი” და ნიკარაგუაში ჯარები გაეგზავნათ უოლკერის ჩამოსაგდებად, რაც წარმატებით დასრულდა. როცა უოლკერი და მისი მომხრეები წინააღმდეგობის გაწევას შეეცადნენ, ვანდერბილტმა დაარწმუნა სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში, რომ აუცილებელია ნიკარაგუაში რამდენიმე საზღვაო ჯარის ნაწილის გაგზავნა „ამერიკის ინტერესების დასაცავად”. შედეგად მან დიდად მომგებიანი კონცესიები მიიღო.

სამოქალაქო ომის წლები ვანდერბილტმა თავისი ქონების შემდგომი გაზრდისთვის გამოიყენა. ომის დამთავრების შემდეგ, როცა ამერიკელი კაპიტალისტების წინაშე გაჩნდა კაპიტალის დაგროვების ახალი შესაძლებლობები, მან ესეც სრულად გამოიყენა.

ვანდერბილტის კარიერის დასაწყისი იყო მცირე ხომალდების ექსპლუატაცია, რომლებსაც ხალხი გადაჰყავდათ მანჰეტენის კუნძულიდან ნიუ-იორკში. კონკურენცია დიდი აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ვანდერბილტმა მოძებნა თავისი მოწინააღმდეგეების დამარცხების საშუალება. მოისყიდა ქალაქ ნიუ-იორკის ხელისუფლება, რომელიც იძლეოდა პორტით სარგებლობის ნებართვას.

მისი საწარმოების განვითარებასთან ერთად, კომოდორის მადაც იზრდებოდა. მან დაიწყო უფრო დიდი ხომალდების მშენებლობა და ეძებდა არალეგალური შემოსავლების ახალ წყაროებს. ერთ-ერთი ასეთი წყარო იყო ფოსტის გადაზიდვა, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო დოტაციის მიღებასთან. სწორედ მაშინ წავიდა ვანდერბილტი პირველ შანტაჟზე, აიძულა კონკურენტი ფირმები გადაეხადათ მისთვის გამოსასყიდი, რათა არ გამოემჟღავნებინა მათი ეკონომიკური დანაშაული.

სამოქალაქო ომის დროს მთავრობის დავალებით შეისყიდა გემები ჯარისკაცების გადასაყვანად. ძალიან ხშირად ეს გემები მეტად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მაგრამ ვანდერბილტი მთავრობას წარუდგენდა დიდ ანგარიშებს, რისთვისაც მოისყიდდა მაღალი დონის ჩინოვნიკებს. ჯარისკაცების სიცოცხლე ხშირად საფრთხეში იყო, ხოლო ვანდერბილტის ანგარიშზე ომის დამთავრებისთვის უკვე 20 მლნ დოლარამდე ირიცხებოდა. და მაშინ კომოდორი, როგორც ზოგიერთი სხვა ამერიკელი კაპიტალისტი, რკინიგზის მშენებლობასა და შესყიდვას შეუდგა, რითაც უმოკლეს ვადაში გამოიმუშავა ახალი ათეულობით მილიონები. მაიერსი და სხვები დაწვრილებით აღწერენ იმ მეთოდებს, რასაც ვანდერბილტი კონკურენტების გაკოტრებისა და საკუთარი მოგების მიზნით იყენებდა. ამაში ძირითადი “პრინციპი” იყო ჩინოვნიკების, მოსამართლეებისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა მოსყიდვა.

1877 წელი აშშ-ის ისტორიაში შევიდა როგორც რკინიგზის თანამშრომელთა კლასობრივი ბრძოლის პერიოდის დასაწყისი, როცა რიგითი თანამშრომლები პირველი გამოვიდნენ რკინიგზის მფლობელი მილიონერების წინააღმდეგ. საქმე ძლიერ გაფიცვამდე და ქუჩის შეტაკებამდე მივიდა. ერთ-ერთი ასეთი შეტაკების შემდეგ ჩიკაგოში 19 მოკლული აღმოჩნდა. ყველაზე დიდი მღელვარება სწორედ იმ ხაზზე იყო, რომელსაც ვანდერბილტი ფლობდა. მილიონერმა შეძლო გაფიცვების ჩახშობა ხელისუფლებისა და პოლიციის დახმარებით.

კორნელიუს ვანდერბილტი გარდაიცვალა 1877 წელს. მისი ანდერძის თანახმად, თითქმის მთელი ქონება და ფასეულობა (დაახლოებით 105 მლნ დოლარი) უფროსი შვილის უილიამ ჰენრი ვანდერბილტის (William Harry Wonderbuilt) ხელში გადავიდა. თუმცა ხმაურიანი პროცესის გარეშე საქმე მაინც არ გამოვიდა: ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ანდერძი გააპროტესტეს. სასამართლო განხილვის მსვლელობისას გამოვლინდა რამდენიმე პიკანტური ფაქტი. (კერძოდ, მოხუცი მილიონერის რომანი ორ დასთან, ცნობილ ლამაზმანებთან).

ჰენრი ვანდერბილტმა მამის შემდეგ სულ 8 წელი იცოცხლა. მაგრამ ამ მოკლე დროში მაინც მოასწრო კაპიტალის გაორმაგება და მემკვიდრეებს დაახლოებით 200 მლნ დოლარი დაუტოვა. მან ნიუ-იორკის ცენტრში ააშენა 3 მლნ დოლარის ღირებულების ვანდერბილტების ახალი მდიდრული რეზიდენცია. ეს ნიმუში, მაგალითი გახდა ბევრი სხვა მილიონერისთვის, რომლებიც ბაძავდნენ მას.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები