ასტორი ჯონ იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ იაკობ ასტორი

ჯონ იაკობ ასტორი - (ინგ John Jacob Astor; 1763—1848) — გერმანული წარმოშობის ამერიკელი მეწარმე.

ჯონ იაკობ ასტორი დაიბადა 1763 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასაბის ოჯახში. იგი მესამე ვაჟი იყო. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. შვიდწლიანმა ომმა პრუსიელი ღარიბების ბედი კიდევ უფრო დაამძიმა. ასტორებსაც თვიდან თვემდე რის ვაი-ვაგლახით გაჰქონდათ თავი. ამიტომ 20 წლის ასაკში მშობლიური ოჯახი ჯერ უფროსმა ძმამ, ჯორჯმა მიატოვა, შემდეგ კი შუათანა ჰენრიმ. გერმანია მაშინ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და უკეთესი ბედის საძიებლად ჯორჯი ლონდონს გაემგზავრა, ჰენრიმ კი ნიუ-იორკს მიაშურა.

გერმანული შრომისმოყვარეობის გარდა, ასტორები ბრწყინვალე მუსიკალური სმენითაც გამოირჩეოდნენ. ჯორჯი მშვენიერ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებდა და სარფიანადაც ყიდდა. მალე მის ბიზნესს ჯონ იაკობიც შეუერთდა. ძმების მსგავსად, სახლი მანაც მიატოვა, რადგან დედის გარდაცვალებისა და მამის ხელახალი ქორწინების შემდეგ სახლში მისი ადგილი აღარ რჩებოდა.

ლონდონში ყოფნისას ჯონ იაკობი მალე მიხვდა, რომ ინგლისში წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელი იქნებოდა, ვიდრე ახალ კონტინენტზე. ასტორი ვარაუდობდა, რომ ამერიკელი კოლონისტებისა და ბრიტანეთის ბრძოლა, საბოლოოდ, ახალი სახელმწიფოს შექმნით დასრულდებოდა. მასაც გული სწორედ ამ უცნობი სამყაროსკენ მიუწევდა.

ჯონ იაკობი ამერიკაში გასამგზავრებლად საგულდაგულოდ ემზადებოდა. სწავლობდა ინგლისურ ენას. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი ბრიტანეთის კოლონიების შესახებ, ხოლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ, ჯიბეში 25 დოლარით, ლივერპულიდან ნიუ-იორკში მიმავალ გემზე დაჯდა. მის ბილეთზე მითითებული იყო, რომ უმცროსი ასტორი „ყოველგვარი კლასისა და შესაბამისად ყოველგვარი პრეტენზიის უფლების გარეშე“ მგზავრობდა. 25 დოლარის გარდა ლონდონიდან ასტორმა პატარა შეკვრა და 7 ცალი ფლეიტა წაიღო.

ლივერპულიდან გემი 1783 წლის ნოემბერში დაიძრა, ხოლო ჯონ ასტორმა ნიუ-იორკის მიწაზე ფეხი მხოლოდ 1784 წლის მარტში დადგა. მგზავრობისას უმცროსი ასტორი დაუახლოვდა ადამიანს, რომელსაც ქონება ბეწვეულით ვაჭრობაში დაეგროვებინა. მხიარული და იღბლიანი თანამგზავრის მსგავსად, ასტორმაც ბეწვეულის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა.

ამერიკამ თავისი უზარმაზარი სივრცეებით გააოცა უმცროსი ასტორი, მაგრამ მას ბუნებით ტკბობისა და უაზრო ხეტიალისთვის არ ეცალა. ჩასვლისთანავე ბეწვეულით მოვაჭრე კანტორებში სამუშაოს საშოვნელად გაეშურა და ადგილიც მალე იპოვა.

ასტორმა საკუთარი ბიზნესის დაწყებაც მალევე გადაწყვიტა. საწყისი კაპიტალი ყმაწვილისთვის ტრადიციული ხერხით იშოვა - ცოლი შეირთო. ჯონ იაკობის მეუღლე, გერმანული წარმოშობის მზეთუნახავი, სარა ტოდი (Sarah Todi), ბეწვეულით მოვაჭრე დანიური ოჯახიდან იყო. მისმა მამიკომ თავის ქალიშვილს მზითვად მაშინდელი საზომით უზარმაზარი ქონება, 30 ათასი დოლარი გაატანა. ამ გზით ახალგაზრდა ასტორმა საკმაოდ კარგი ფული და საჭირო კავშირები შეიძინა.

ჯონ იაკობმა ცხოვრების მიზნად დაისახა, სიმამრის მიერ მიცემული შანსი ხელიდან არ გაეშვა და ცოლის ოჯახისთვის დაემტკიცებინა, რომ ტოდებმა ფული მომგებიანად დააბანდეს. 1786 წელს ჯონ იაკობმა ნიუ-იორკის ცენტრში ბეწვეულისა და მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია გახსნა. ვიღაცისთვის საკუთარი მაღაზია, იქნებ კარიერის მწვერვალიც იყო, მაგრამ ასტორი მათ რიგებს არ მიეკუთვნებოდა. მეუღლეები ფულს ეკონომიურად ხარჯავდნენ და ფუნქციებიც ზუსტად ჰქონდათ განაწილებული. სარა ყიდდა, ჯონ იაკობი მომარაგებაზე ზრუნავდა. ორივე კი _ შემდგომ წინსვლაზე ფიქრობდა.

ჯონ იაკობი მეუღლისა და თავისი კავშირების გამოყენებით, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის ბეწვეულით მოვაჭრეთა წრეში შინაური კაცი გახდა. გამოცდილი ბიზნესმენები ახალგაზრდას სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამდნენ, ამიტომ გულახდილად უყვებოდნენ აუთვისებელ მხარეებში არსებული მარშრუტებისა და იაფი ბეწვეულის შოვნის ხერხების შესახებ.

კონკურენტები მწარედ შეცდნენ. 90-იანი წლების დასაწყისში ჯონ იაკობ ასტორმა წარმატებებს მიაღწია. მან ნიუ-იორკის ბეწვეულის ბაზრიდან თითქმის ყველა კონკურენტი გააძევა და ინგლისის „ჩრდილო-დასავლეთის“ კომპანიასთან მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც მას საქონლის იმპორტირებისა და უზარმაზარი თანხების დაზოგვის საშუალებას აძლევდა.

XIX საუკუნის დასაწყისისთვის ასტორი აშშ-სა და კანადაში ბეწვეულის ყველაზე მსხვილ მოვაჭრედ გადაიქცა.სავარაუდოდ მისი ქონება 300 ათას დოლარს შეადგენდა. იმ დროისთვის ეს თითქმის ასტრონომიული თანხა იყო.

გამდიდრების შემდეგ ჯონ იაკობმა რეპუტაციაზე დაიწყო ზრუნვა. ნიუ-იორკის ცენტრში ფეშენებელური სახლი შეიძინა, სადაც რჩეული საზოგადოებისთვის საზეიმო მიღებებს აწყობდა. სტუმრები აღტაცებულნი იყვნენ ასტორის დახვეწილი გემოვნებით. ჯონ იაკობი ახალ ხალხს ეცნობოდა, კავშირების გაფართოების კვალობაზე კი მისი ინტერესთა სფეროც ფართოვდებოდა. მალე ასტორი ახალშეძენილმა მეგობარმა ლონდონში მიიწვია. ინგლისის დედაქალაქში ჯონ იაკობმა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის ყველა პორტში თავისუფლად ვაჭრობის ლიცენზია შეიძინა. პარტნიორებს ასტორი ნიუ-იორკშიც ადვილად პოულობს და ახალ საქმეს, ჩინეთთან საზღვაო ვაჭრობას იწყებს.

დიდ რისკთან ერთად, ახალი ბიზნესი დიდ მოგებასთან იყო დაკავშირებული. პირველივე რეისმა ასტორს 50 ათასი დოლარის სუფთა მოგება მოუტანა. ჩინეთიდან მიღებული ფულით ჯონ იაკობმა ნიუ-იორკში უძრავი ქონება შეიძინა. მალე უძრავ ქონებაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ამან კი ასტორს მოგების გარდა მანჰეტენის ნახევრის მეპატრონის დიდება მოუტანა. ასეთი პატივი მანამდე არავის ღირსებია. ასტორის ბეწვეულის ბიზნესს არც ისე რთული სქემა ედო საფუძვლად. ათასობით აგენტი ჩრდილო ამერიკის აუთვისებელ რეგიონებში იყო მოდებული, რათა სამრეწველო საქონლის საფასურად, ინდიელებისგან თახვის ბეწვი შეეძინა. საქმეს უზარმაზარი მოგება მოჰქონდა, თუმცა კონკურენციაც დაუნდობელი იყო. ბიზნესმენები ერთმანეთს ებრძოდნენ, როგორც ჩინოვნიკთა კაბინეტებში, სადაც მთავარი იარაღი დოლარი იყო, ასევე აშშ-სა და კანადის უღრან ტყეებში, სადაც საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე მიდიოდა.


1808 წელს ჯონ იაკობ ასტორმა ამერიკის ბეწვეულის კომ-პანია ჩამოაყალიბა. იგი ბეწვეულს შორეული დასავლეთიდან იძენდა. თახვების განადგურების კვალობაზე, კომპანიის აგენტები სულ უფრო ღრმად იჭრებოდნენ დასავლეთის სივრცეებში. ეს კი საქონლის თვითღირებულებას ზრდიდა და უაღრესად ამძაფრებდა კონკურენციას. ასტორი იძულებული იყო, მოკავშირეები ეძებნა.

ჯონ იაკობმა ყველაზე გავლენიან, „ჩრდილო-დასავლეთის“ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და დირექტორთა საბჭოს ახალი, წყნარი ოკეანის ბეწვეულის კომპანიის დაფუძნება შესთავაზა. მან კონკურენტების ინტრიგების მიუხედავად, 1810 წელს ყველა საჭირო დოკუმენტს მოაწერა ხელი. ამ კონტრაქტის შედეგი იყო არა მარტო დამატებითი თანხები ჯონ ასტორის ანგარიშზე, არამედ აშშ-სადმი ორეგონის შტატის მიერთებაც.

ასტორისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. იგი უკვე მსოფლიო სავაჭრო ბატონობაზე ოცნებობდა. ყოველ წელს ნიუ-იორკიდან ორეგონში ორი სავაჭრო გემი უნდა გასულიყო, რომლებიც ინდოელთათვის საჭირო საქონლით იქნებოდა დატვირთული. ორეგონში საქონელი ბეწვეულზე გადაიცვლებოდა, ბეწვს გემებით ჩინეთში წაიღებდნენ. ვაჭრობიდან მიღებული თანხით, აგენტები ევროპაში გასაგზავნ ჩინურ საქონელს შეიძენდნენ. ევროპაში ჩინური საქონელი სხვა პროდუქციაზე გადაიცვლებოდა (რასაკვირველია სარფიანად) და გემების ქარავანი ნიუ-იორკში ჩაუშვებდა ღუზას. წლიური ციკლი ამერიკაში ევროპული საქონლის გაყიდვით მთავრდებოდა.

ამ ჩანაფიქრს ახდენა არ ეწერა. ერთ-ერთი გემი პორტშივე დაიწვა. შემდეგ კი ასტორის გეგმის განხორციელებას წინ ინგლის-ამერიკის ომი აღუდგა (1821 წ.), თუმცა ჯონ იაკობმა ხელის მოთბობა ომშიც მოახერხა. საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, აშშ-ის მთავრობა შეჭირვებულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც, სახელმწიფოს სავალო ვალდებულებათა ფასი რამდენჯერმე შემცირდა. ჯონ იაკობმა მათი შესყიდვა დაიწყო. ხოლო შემდგომ თავისი კავშირების გამოყენებით, უკლებლივ ყველა ვალდებულების განაღდებას მიაღწია, პროცენტებისა და საურავის ჩათვლით.

XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ბეწვეულის ბიზნესმა კვდომა დაიწყო. თვითღირებულება ძალზე გაიზარდა საიმისოდ, რომ ბიზნესი მომგებიანი ყოფილიყო. ამასთან, ევროპაში მოდაც შეიცვალა, რამაც ბაზარზე ბეწვეულის გაიაფება გამოიწვია.

ალღოს ჯონ იაკობ ასტორისთვის არც ამჯერად უღალატნია. 1834 წელს მან გაყიდა თავისი საწარმო. მყიდველები რამდენიმე წელიწადში გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

ბოლო 14 წლის განმავლობაში ასტორი უძრავი ქონების ბიზნესში მოღვაწეობდა. მან ფული იქაც გვარიანად იშოვა. ცხოვრების ბოლო წლებში ის ქველმოქმედებასაც მიმართავდა და დამწყებ ბიზნესმენებს იაფ კრედიტებს სთავაზობდა.

ჯონ იაკობ ასტორი 1848 წელს გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი უძრავი ქონების ღირებულება 20 მილიონ დოლარს ჭარბობდა. ეს იმ დროისთვის ნამდვილი სენსაცია იყო. მაშინ სიტყვა „მილიონერი“ მხოლოდ მკვიდრდებოდა ამერიკულ საზოგადოებაში და ამერიკელები ვერ გუობდნენ იმას, რომ ვიღაცას შეიძლება ამდენი სიმდიდრე ჰქონდეს. მის სიმდიდრეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა, რაც არ არის გასაკვირი.

ასტორის მიერ დაფუძნებულმა იმპერიამ საუკუნეებს გაუძლო. მან მსოფლიოში ყველაზე ფეშენებელური სასტუმროების ქსელი შექმნა, რომლის სახელწოდება „ვალდორფ-ასტორია“ (Waldorf-Astoria) ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯონ იაკობმა თავისი პატარა სამშობლოს სახელი თავის გვარს დაუკავშირა და ამგვარად უკვდავყო.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები