თორმეტი ღმერთი
თორმეტი ღმერთი – რიცხვი „12“ უმნიშვნელოვანესი იყო ძველი სამყაროს „რიცხვთა სიმბოლიკაში“. ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ისტორიოგრაფოსები აღნიშნავდნენ, რომ თავდაპირველად ეგვიპტელებმა დაყვეს წელიწადი 12 ნაწილად და მათვე დააწესეს 12 ღმერთის სახელი. ძველების წარმოდგენით, 12 იყო სრულქმნილი ციკლი, კოსმიური წესრიგი. ეს რიცხვი გაიაზრებოდა როგორც სულიერ, ისე სამყაროსეულ ჰარმონიად.
ამ ძველაღმოსავლურ წარმოდგენებს ეხმიანებოდა თორმეტი ოლიმპიელი ღმერთის იდეაც. ანტიკურ ეპოქაში, განსაკუთრებით ძველ რომში, თორმეტი ოლიმპიელის სახელი დაუკავშირდა 12 თვესა და ზოდიაქოს წრის 12 თანავარსკვლავედს.
ოლიმპიელ ღმერთებს ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ ახალი თაობის იმ ღმერთებს, რომლებმაც ზევსთან ერთად გაიმარჯვეს და ოლიმპოსზე დაიდეს ბინა.
რომაელებმა ბერძენთაგან ისესხეს თორმეტი ღმერთის იდეა, რის შედეგადაც მათ საბოლოოდ გაითავისეს მთელი ბერძნული მითოლოგია. ასე რომ, თითოეულ ოლიმპიელს შესაბამისი რომაული ორეული ჰყავს:
- ზევსს – იუპიტერი
- ჰერას – იუნო
- პოსეიდონს – ნეპტუნუსი
- დემეტრეს – კერესი (ცერერა)
- აპოლონს – აპოლო
- არტემისს – დიანა
- არესს – მარსი
- აფროდიტეს – ვენუსი (ვენერა)
- ჰერმესს – მერკურიუსი
- ათენას – მინერვა
- ჰეფესტოს – ვულკანუსი
- ჰესტიას – ვესტა
„თორმეტი ღმერთი“ ქმნის ე.წ. უკვდავთა უმაღლეს საბჭოს ზევსისა (ბერძნულ მითოლოგიაში) თუ იუპიტერის (რომაულ მითოლოგიაში) მეთაურობით. „თორმეტი ღმერთის“ კულტი რომში დაარსდა ძვ.წ.III საუკუნეში. გვიანი ხანის რომის იმპერიაში ამ კულტში შეიყვანეს მიტრა, ღვთაება, რომელიც კანონიერებისა და ერთგულების იდეას განასახიერებდა. თორმეტი ღმერთის ქანდაკებით დაამშვენეს რომის ფორუმი. უფრო ადრე კი, ძვ.წ. 438 წელს, სახელოვანმა ფიდიასმა გამოსახა თორმეტი ღმერთი პართენონის აღმოსავლეთ ფრიზზე.