ჰეფესტოსი
ჰეფესტოსი – (ჰეფესტო). (ბერძნ.) ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი. ზევსისა და ჰერას ძე. აფროდიტეს მეუღლე. რომში ჰეფესტოს თანაგვარი იყო ვულკანუსი.
ჰერა გაუნაწყენდა ზევსს იმის გამო, რომ უზენაესმა ღვთაებამ თავისით შვა ათენა. სამაგიეროს გადახდა ისურვა ღმერთების დედოფალმა და მეუღლის გარეშე გააჩინა შვილი, რომელსაც ჰეფესტო შეარქვა. ბავშვი ისეთი უსუსური და ხეიბარი ჩანდა, რომ ჰერამ დაბადებისთანავე მოისროლა ოლიმპოსიდან. დიდხანს მიფრინავდა ჰაერში ახალშობილი ჰეფესტო. ბოლოს ზღვის ზურმუხტისფერ ზვირთებში ჩავარდა. აქ ის აღზარდეს ოკეანოსის ქალიშვილმა ევრინომემ და ზღვის მოხუცი მისნის, ნერევსის ასულმა თეტისმა. ჰეფესტო არ იყო ღმერთებივით მშვენიერი, კიდეც კოჭლობდა, მაგრამ ჰქონდა განიერი მკერდი, მძლავრი მკლავები და კისერი. ზღვათა სიღრმეში დაეუფლა იგი მჭედლობის ხელოვნებას, აქ ააშენა მან თავისი პირველი სამჭედლო და მადლიერების ნიშნად აღმზრდელებს გამოუჭედა უძვირფასესი სამკაულები.
ჰეფესტო დიდხანს ინახავდა გულში რისხვას ჰერაზე. ბოლოს გადაწყვიტა შური ეძია დედაზე იმის გამო, რომ ასე უმოწყალოდ გადმოტყორცნა ოლიმპოსიდან. მან გამოჭედა არნახული სილამაზის ოქროს სავარძელი და გაუგზავნა ჰერას საჩუქრად. მშვენიერი საბოძვრით აღფრთოვანებული ჰერა ჩაჯდა თუ არა სავარძელში, მყის მიეჯაჭვა ისე ძლიერად, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლო. დასახმარებლად ისწრაფეს ღმერთებმა, მაგრამ ამაოდ. ყველა ხვდებოდა, რომ მხოლოდ ჰეფესტოს შეეძლო უხილავი ჯაჭვების ახსნა. არც დააყოვნეს. ჰერმესი აფრინეს მჭედელ ღმერთთან, მაგრამ კოჭლი შვილის გულისწყრომა დედისადმი უზომო იყო. მაშინ ჰერმესს მშველელად ღვინის ღმერთი დიონისე მოევლინა. მან დაათრო ჰეფესტო, ვირზე შესვა და ოლიმპოსის გზას გაუყენა. შეზარხოშებული სატირებისა და მენადების თანხლებით მათ მხიარულად შეაბიჯეს ჰერას დარბაზებში. ჰეფესტომ იოლად გაათავისუფლა ცათა დედოფალი. იგი უკვე აღარ ბრაზობდა და აღარც ჰერა მრისხანებდა. მან დატოვა თავისი შვილი ოლიმპოსის ღმერთების დასში. იქაც აიშენა ხელოვანმა ღვთაებამ დიდებული სამჭედლო, სადაც ატარებდა კიდეც თავისი დროის უდიდეს ნაწილს. გასაოცარი ოსტატობით ჭედდა იგი საკვირველქმნილებებს. ხოლო როცა სამუშაოს გაასრულებდა, ფეხკელოვნებით ისწრაფოდა ზევსის სასახლისაკენ, სადაც ღმერთები ნადიმობდნენ. იქ მისი ხილვა ყველას უხაროდა. სიცილით უმზერდნენ ცისიერები, როგორ ასხამდა თასებში კოჭლი ჰეფესტო კეთილსურნელოვან ნექტარს. ისე დაუახლოვდა იგი მაღალ ღმერთებს, რომ ერთხელ ზევსთან შეპასუხებაც კი გაბედა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მეხთამტყორცნელმა ჰერა ცასა და მიწას შუა დაკიდა იმის გამო, რომ ცისიერები აამხედრა მის წინააღმდეგ. ჰეფესტო დედას გამოექომაგა. განრისხდა ზევსი და კადნიერებისათვის იგი მკაცრად დასაჯა – მეორედ გადმოტყორცნა ოლიმპოსიდან. მთელი დღე ვარდებოდა ჰეფესტო. ბოლოს იგი კუნძულ ლემნოსზე დაენარცხა და ორივე ფეხი მოიტეხა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ლემნოსელებმა რომ იპოვნეს. ზევსის რისხვა დაცხრა თუ არა, კვლავ აღზევდა ჰეფესტო ოლიმპოსზე, მაგრამ მას უკვე ოქროს ყავარჯნების გარეშე აღარ შეეძლო სიარული.
ზევსმა ულამაზესი აფროდიტე მიათხოვა ჰეფესტოს ცოლად.
გამორჩეულად უყვარდათ ღმერთებსა და ადამიანებს დიდი ხელოვანი, რომელიც თავისი საქმის ერთგული იყო. იგი ხომ მთელ დღეებს სამჭედლოში ატარებდა და თავისი შრომისმოყვარეობით უდიდეს სიხარულს ანიჭებდა სხვებს. ჰეფესტომ ააგო მრავალი დიდებული სასახლე, გამოჭედა ზევსის კვერთხი და ეგისი, დიონისეს თირსოსი, აქილევსის ფარი და აბჯარი. მან ააშენა ჰერას ბრწყინვალე სანთიობო, ხოლო პანდორას დაუმზადა არაჩვეულებრივი სილამაზის დიადემა. განსაკუთრებით სცემდა პატივს ცეცხლის ღვთაებას მზე – ჰელიოსი, რომლის საყოველთაოდ ცნობილი ეტლი მისი მაღალი ოსტატობის დიდებული ნიმუში იყო.
ჰეფესტოს, ათენასა და პრომეთესთან ერთად, ხელოსანთა მფარველ ღვთაებადაც მიიჩნევდნენ. უძველეს ხანებში იგი ითვლებოდა ცეცხლის მბრძანებლად, ოჯახური კერიისა და მთელი ქალაქის შემწე ღვთაებად. განსაკუთრებულ პატივს ჰეფესტოს ათენში მიაგებდნენ. კუნძულ ლემნოსზე კი არსებობდა ქალაქი, რომელსაც ჰეფესტია ეწოდებოდა.
ხელოვნებაში ჰეფესტოს წარმოსახავდნენ ძლიერ, კუნთმაგარ მჭედლად, რომელსაც ურო ეჭირა ხელში. ზოგჯერ მას თავზე კონუსისებრი ქუდი ეხურა და ხელოსნის ქიტონი ჰქონდა მოსხმული.