იუპიტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუპიტერი და ანტიოპე. ა. კორეჯო (1521-25 წ.წ.), პარიზი, ლუვრი

იუპიტერი(რომ.) ძველი რომის უზენაესი ღვთაება. ზეცის, სინათლის, ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი. იუნოს მეუღლე. იგივე ზევსი.

იუპიტერის კულტი მრავალი უძველესი ღვთაების ფუნქციას აერთიანებდა: იუპიტერი მფარველობდა მიწათმოქმედებას, იცავდა საზღვრებს, ფიცსა და კანონით დადგენილ წესებს. მას მიიჩნევდნენ წვიმის ღმერთადაც. ქუხილი მისი ნების გამოვლინებად ითვლებოდა. ადგილს, სადაც ელვა დაეცემოდა, სიწმინდედ აღიარებდნენ. იუპიტერი – სტატორი (დამცველი) უკუაქცევდა მტერს, იუპიტერ – ვიქტორს (გამარჯვებულს) გამარჯვება მოჰქონდა. ძლევამოსილი მხედართმთავრის ტრიუმფი იუპიტერის პატივსადები რელიგიური აქტი იყო. მხედართმთავარი იუპიტერის ტაძარში ტოვებდა თავის დაფნის გვირგვინს და მსხვერპლს სწირავდა უზენაეს ღვთაებას.

დროთა განმავლობაში იუპიტერი რომის სახელმწიფოს მფარველი ხდება. იმპერიის ეპოქაში იგი საიმპერატორო ძალაუფლების მოწყალეა. დამორჩილებული ხალხები თავის უზენაეს ღმერთებს იუპიტერთან აიგივებდნენ (იუპიტერი-ამონი, იუპიტერი-სარაპისი). ზევსის ნაცვლად ბერძნულ მითოსში იუპიტერის სახელი დაიწერა.

რომაული სახელმწიფოს მთავარ ტაძრად კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი იყო აღიარებული. აქ მასთან ერთად თაყვანს სცემდნენ იუნოსა და მინერვას და ეს ღვთაებები კაპიტოლიუმის უზენაეს სამებას წარმოადგენდნენ. თავად იუპიტერს კი მოიხსენიებდნენ ასე: „Juppiter Optimus Maximus“ (იუპიტერი უაღრესი უდიადესი).

იუპიტერს, ისევე როგორც ზევსს, გამოსახავდნენ მთელი ღირსებებით, ხშირად ტახტზე აღზევებულსა და არწივის თანხლებით. მისი ატრიბუტები იყო ელვა და კვერთხი. ფერმწერები ხშირად მიმართავდნენ იუპიტერის სატრფიალო მითოსს (რემბრანტი, რუბენსი, ტიციანი, პუსენი და სხვა).

გადატანითი მნიშვნელობით იუპიტერს უწოდებდნენ ქედმაღალსა და ამპარტავან კაცს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები