იუნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუნო(რომ.) ქორწინებისა და დედობის უმაღლესი რომაული ღვთაება, იუპიტერის მეუღლე, გაიგივებული ბერძნული პანთეონის ჰერასთან.

იუნოს რომაულ მითოლოგიაში თითქმის იგივე ფუნქცია ენიჭება, როგორც იუპიტერს. იგი მფარველობს ნაყოფიერებას, აგზავნის წვიმასა და დოვლათს, განაპირობებს წარმატებასა და გამარჯვებას. ამ ღვთაებათა სიახლოვეს ცხადყოფს რიტუალიც: იუპიტერის ღვთისმსახურებას განაგებდა ფლამენი, უმაღლესი ქურუმი, იუნოს კულტს-ფლამენია, მისი მეუღლე. იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს, იუნოს – თეთრ ძროხებს. იუნოს ეპიკლესები: ფულგურა (ელვისმტყორცნელი), რეგინა (დედოფალი), ლუკინა (მანათობელი), მონეტა (მრჩეველი) – მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი იუპიტერის ქალურ იპოსტასს წარმოადგენდა. იუპიტერთან და მინერვასთან ერთად იუნო კაპიტოლიუმის სამების წევრიც იყო. ამ სამების სახელზე იდგა საერთო ტაძარი კაპიტოლიუმის ბორცვზე. როდესაც იუნო უპირატესად ქალთა ღვთაება ხდება, მას აიგივებენ ბერძნულ ჰერასთან. იუნოს ფუნქციებში შემოდის ქორწინებათა, მელოგინეთა და მშობიარეთა მფარველობა. მას მსხვერპლს სწირავდნენ ქორწილის წინ და მშობიარობის შემდეგ. იუნოს სადიდებელი ზეიმები – მატრონალიები – აღინიშნებოდა გაზაფხულზე (1 მარტს). მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ მატრონები ანუ გათხოვილი ქალები. რომში იუნო – მონეტას (მრჩეველი იუნოს) სახელზე აღმართულ ტაძარში მოთავსებული იყო გამოსახულებები იმ ბატებისა, რომლებმაც თავისი ყიყინით იხსნეს კაპიტოლიუმი გალების შემოსევისაგან.

იუნო სხვა მრავალი იტალიური ქალაქის ღვთაებაც იყო. მაგალითად, ლანუვიუმში მას თაყვანს სცემდნენ როგორც იუნო – სოსპიტას „მხსნელს“.

ანტიკურობის მომდევნო ეპოქებში იუნოსა და ჰერას სახელებს განურჩევლად მოიხსენიებდნენ. ხელოვნებაშიც იუნოს ჰერას მსგავსად წარმოსახავდნენ დიდებულ ქალად, ხანდახან თავზე დიადემით. მხატვრულ ფერწერაში იუნო ყველაზე ხშირად გვხვდება ჰერაკლეს, პარისის, იოსა და ენეასის მითოსურ სიუჟეტებში (რუბენსი, ტიეპოლო, რეინოლდსი და სხვა).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები