თეატრი ნოო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეამი

„ნოო“ – იაპონური სათეატრო ხელოვნების ყველაზე ცნობილი და დღემდე პოპულარული ჟანრია ნოო, ნო, ნოგაკუ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ოსტატობას, ნიჭს. ის იაპონური ტრადიციული თეატრის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც თავდაპირველად სასულიერო/ბუდისტურ, ხალხურ, შემდგომ კი – პროფესიულ სანახაობად ჩამოყალიბდა და XIV-XV საუკუნეებში ფეოდალური და სამხედრო არისტოკრატიის თეატრის სახე მიიღო.

ნოო, რომელიც, მისი არსის ფართო გაგებით, კომიკური ჟანრის თეატრ კიოგენსაც მოიცავს, ცალკეულ თეატრალურ ჟანრად XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, რაც მას მსოფლიოში შემორჩენილ უძველეს პროფესიონალურ თეატრად წარმოგვიდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ნოო და კიოგენი ერთდროულად განვითარდნენ და განუყოფელნი არიან, მათ შორის მაინც ბევრია სხვაობა. ნოო ფუნდამენტურად სიმბოლური თეატრია, რომლის პირველადი დანიშნულება რიტუალთანაა დაკავშირებული და ესთეტიკურ ატმოსფეროში გადაჰყავს მაყურებელი. კიოგენის პირველად დანიშნულებას კი მაყურებლის გართობა/გაცინება, ანუ კომედია წარმოადგენს.

სარჩევი

ისტორია

დღეს არსებული ნოო, XIV-XV საუკუნეებში ჩამოყალიბებული სახითაა წარმოდგენილი, რაც ამ ეპოქის იაპონელი დრამატურგისა და დასის თავკაცის – კან’ამი კიოცუგუს – Kan’ami Kiyotsugu (1333-1384) სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც „სარუგაკუ-ნო ნოოს“ ერთგვარი რეფორმატორია. იგი აღმოსავლეთის თეატრის ისტორიაში იყო პირველი, რომელმაც ტრადიციად შემოიღო თეატრალური დასის მემკვიდრეობით გადაცემა. მისი მემკვიდრე – ძეამი მოტოკიო – Zeami Motokiyo (1363-1443) კი, მართლაც ტრადიციის ჩინებული გამგრძელებელი აღმოჩნდა. თეატრის ისტორიიდან ცნობილია, რომ სწორედ იგია ავტორი ნოო-ს კანონიკური ფორმებისა, თეატრისა და დრამის თეორიული ნაშრომის შექმნისა და ჩამოყალიბებისა.

ნოო-ს სპექტაკლი

ნოო-ს ხელახლა დაბადებად მიჩნეულია 1374 წელი, როდესაც, იაპონიის სამხედრო გუბერნატორ (შოგუნი − shōgun) ასიკა იოსიმიცუსასთვის კან’ამის დასმა განახორციელა წარმოდგენა სახელწოდებით „წმინდა სარუგაკუ“ (მისტერიის ჟანრი). იგი იმდენად აღფრთოვანებულა, რომ დასის პატრონობა გადაწყვიტა და, თანამედროვე ტერმინოლოგიით, მისი მეცენატი და მენეჯერი გამხდარა.

სწორედ, კან’ამიმ შეიტანა წარმოდგენაში პოპულარული ესთეტიური კუსე-მაის (Kusemai) (იაპონური პოლიფონიური მუსიკა, რომელიც სრულდებოდა სიმღერითა და ცეკვით და განვითარებული და პოპულარული იყო შუასაუკუნეებში) მუსიკისა და ცეკვის ელემენტები სარუგაკუში, რითაც სპექტაკლი უფრო ლამაზი მოსასმენი და სანახაობრივი გახადა და ამით იაპონიის გუბერნატორ მურომაჩის შიოგუნ აშიკაგა იოშიმიცუს (1358-1408 წწ.) ყურადღება და მეურვეობა დაიმსახურა. კან’ამი, დრამატურგიც გახლდათ და მისი დრამებია (სახელწოდებებს გთავაზობთ იაპონურ დასახელებას ლათინური ასოებით, რადგანაც მათი ზუსტი თარგმანი არ არსებობს): „Sotoba Komachi“, „Ji’nen koji“, „Shiino shōshō“, „Matsukaze“, და „Eguchi“. ძირითადად, ეს დრამები მისტერიალური თემატიკითაა გამსჭვალული.

კან’ამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი, ძეამი, გახდა კანძეს დასის ხელმძღვანელი. იოშიმიცუს მეურვეობის გაგრძელებამ მას საშუალება მისცა შემდგომში კიდევ უფრო დაეხვეწა ნოო-ს ესთეტური საფუძვლები მონომანესა (იმიტაციის ხელოვნება) და იუგენი-ჰანას ზეგავლენის ქვეშ მყოფი ესთეტიკური იდეალით, რომელიც, ძირითადად, ეხებოდა მისტერიისა და სიღრმის შესახებ ქარაგმებს.

ძეამი მის თეორიულ ნაშრომში – „რა არის ნო?“ − წერდა, რომ: „მოქმედება, რომლის ძირითადი შემადგენლობაა პოზა და მონაცვლეობითი ჟესტიკულაცია − ესაა ცეკვა, ცეკვა სიმბოლოებით დატვირთული. მთავარია, ჩვენ გავერკვეთ ეპოქაში, ჩავწვდეთ მის იდუმალ სულს − გავახილოთ თვალები და მივაღწიოთ იუგენს (სილამაზე – თ.ც.), რომლის დამნახველი და აღმქმელი ჰანას (სულის სიმშვიდე _ თ.ც.) მოიპოვებს“.

მურომაჩი შიოგუნატის დაცემის შემდეგ, ნოო-ს დიდ მეურვეობას უწევდა სამხედრო ლიდერი – ტოიოტომი ჰიდეიოში. XVI საუკუნეში კი ნოო ტოკუგავას შიოგუნატის „ოფიციალური საკუთრება“ გახდა. ამ წლებში ნოო-ს წარმოდგენები, ძირითადად, ტრაგედიის ჟანრს დაეყრდნო, აქცენტი კეთდებოდა დრამის თემის სიმძიმეზე.

ნოო-ს პროგრამა და შესრულება

ნოო-ს დადებითი პერსონაჟი

ტრადიციული ნოო-ს პროგრამა შედგებოდა ხუთი სპექტაკლისგან, მასში ჩართული იყო სამი ან ოთხი კიოგენ სცენა (ინტერმედიები). თანამედროვე პროგრამა კი აწყობილია ორი-სამი დამოუკიდებელი სპექტაკლისგან, ერთი ან ორი კიოგენ სცენით. სპექტაკლიც და ცალკეული სცენაც ორივე დაფუძნებულია დრამატული შესრულების მოდელ ჯო-ჰა-კიუ-ზეზე (ჯო – შესავალი, ჰა – ძირითადი ნაწილი, კიუ – სწრაფი ფინალი). ჩვეულებრივ, სცენა შედგება ერთი ჯო ნაწილისგან, სამი ჰა ნაწილისგან და ერთი კიუ ნაწილისგან.

ნოო-ს რეპერტუარი, ძირითადად, ოკინაზეა (ფანტასტიკის მაგვარი ჟანრი) დაფუძნებული, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სრულდებოდა და დღესაც სრულდება და ის უფრო რელიგიურ-რიტუალური ცეკვებია, ვიდრე თეატრალური დადგმა. ასეთი დაახლოებით 240 დადგმაა შემორჩენილი, რამაც სხვადასხვა ჯგუფში კლასიფიცირება განიცადა. პირველ ჯგუფში შევიდა ე. წ. საღმრთო დადგმები (ვაკი ნო), რომელშიც შიტე ანუ მთავარი გმირი შემდგომ ღმერთად იქცევა. ეს დადგმები, რომლებიც ნოო-ს სტანდარტებთან შედარებითაც კი ძალიან ნელი მოძრაობებით გამოირჩევა, დღესდღეობით ძალზე იშვიათად იმართება. მეორე ჯგუფში შედის საომარი დადგმები (შიურა-მონო), რომელთა უმეტესობაში ტაირა-მინამოტოს ომში გარდაცვლილი მეომარი დამარცხებული მხრიდან ბუდისტ ბერთან ერთად ლოცულობს საკუთარი სულის გადასარჩენად. დადგმები ქალზე და მის ცალმხრივ სიყვარულზე (კაძურა-მონო) მესამე ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ძირითადად ეხება ჰეიანის პერიოდის (794-1185 წწ.) ახალგაზრდა, ლამაზ ქალს, რომელიც სიყვარულითაა შეპყრობილი. მეოთხე ჯგუფი ყველაზე დიდსა და ნოო-ს ყველა თემატიკიდან სხვადასხვა პრობლემის ნაზავს (ძაცუ ნო) მოიცავს. მეხუთე და ბოლო ჯგუფი ეშმაკის, დემონის (კირი ნო) თემატიკაა, თუ როგორ იმარჯვებს უსუსურ და მშიშარა ადამიანზე ბოროტება. ამ სპექტაკლებში სხვა თეატრალურ წარმოდგენებთან შედარებით საგრძნობლად არის აჩქარებული მოძრაობები, ანუ ქმედება სწრაფი ტემპითა და ცეკვით მიმდინარეობს. ამ დრამის და, შესაბამისად, სპექტაკლის სქემა ასეთია: შიტე დადგმის პირველ ნახევარში ადამიანად გვევლინება, ხოლო მეორე ნაწილში აჩენს თავის ნამდვილ სახეს, რომ იგი იმქვეყნიდან მოვლენილი ბოროტი სულია, რომელიც ცდილობს ადამიანებზე გამარჯვებას.

ნოო-ს დადგმა: აოი ნო უე

წარმოდგენა სახელად აოი ნო უე („ქალბატონი აოი“), ყველაზე ხშირად იდგმება ნოო-ს რეპერტუარიდან. სცენარის ავტორი უცნობია. ის ძეამიმ აღადგინა და საფუძვლად უდევს მურასაკი შიკიბუს XI საუკუნით დათარიღებული ლიტერატურული ნაწარმოების „გენჯის ამბავი“ მოვლენები.

წარმოდგენის დასაწყისში, სამეფო კარის მოხელე (ვაკიცურე) ოფიციალურად აცხადებს, რომ ქალბატონი აოი, მისი კეთილშობილება გენჯის ფეხმძიმე მეუღლე ავად არის და გამოიძახებენ გრძნეულ ტერუჰის, რათა დაადგინოს, თუ რომელი სული დაეუფლა მას. სცენის წინ დაგრაგნილ ქალის მანტიას დებენ, რომელიც ქალბატონ აოის განასახიერებს. გრძნეული იძახებს სულს, რომელიც ქალბატონ აოის დაეუფლა.

სული (შიტე) უახლოვდება მას. შიტეს უკეთია დაიგანის ნიღაბი, რომელსაც შურისმაძიებელი ქალი სულების გამოსახატავად ატარებდნენ. ეს ქალბატონი როკუჯიოს, გენჯის მიერ უგულებელყოფილი საყვარლის სულია. მონოლოგის თხრობით და გუნდის თანხლებით ქალბატონი როკუჯიო ყვება, თუ რაოდენ ეფემერულია ამქვეყნიური ბედნიერება და რაოდენ დიდია მისი სიძულვილი ბრწყინვალე გენჯის ცოლის, ქალბატონი აოის მიმართ. ქალბატონმა როკუჯიომ დამცირებულად იგრძნო თავი, როცა არც ისე დიდი ხნის წინ, ფესტივალზე, მისი ეტლი ქალბატონი აოის ეტლმა გადააბრუნა.

ქალბატონი როკუჯიოს სული წინ გამოდის სცენაზე და უახლოვდება ქალბატონ აოის, მარაოს მოუქნევს, დაემუქრება და ისევ იქ დაბრუნდება, სადაც იდგა. შემდეგ შიტე იხსნის დაიგანის ნიღაბს და იკეთებს ქალი − დემონის ჰანნიას ნიღაბს. კეთილშობილი გენჯის კარი იხმობს მთაში განმარტოებულ ბუდისტ ასკეტს (ვაკი), რათა განდევნოს სული. სულის განდევნის რიტუალი როდესაც იწყება, შიტე სცენის ცენტრში ბრუნდება. მას დემონის ნიღაბი უკეთია და დემონის კვერთხი უჭირავს. ის ებრძვის ასკეტ ბერს და მათი ბრძოლა ბერის გამარჯვებით სრულდება, რაც ეწინააღმდეგება ნოველის დასასრულს, სადაც ქალბატონი აოი იღუპება მას შემდეგ, რაც შობს გენჯის ვაჟს.

ნოო-ს საშემსრულებლო ელემენტები:

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს „მიმიკური ენა“, სიტყვასთან ერთად ან მის გარეშე. განსაკუთრებულ სახეს ღებულობს ნოო-ს სათეატრო ხელოვნებაში ცნობილი სხვადასხვა პოზები და ჟესტები, რომლებითაც აზრი გამოითქმება უსიტყვოდ და ამავე დროს არსებობს პოზებისა და ჟესტების ეგრეთ წოდებული „ანბანი“, რომელთა ცოდნა წინაპირობაა ამგვარი მიმიკური გამოსახვის გაგებისათვის. სწორედ ამ ვიზუალურ ანბანს სთავაზობს ძეამი თეატრის პროფესიონალებს:

მიმიკა და პოზა:
  1. „განმუხტვის პოზა“ − რომლის დროს ადამიანი ზის, მარჯვენა ფეხი იატაკზე, მარცხენა ფეხი კი მოხრილია ისე, რომ ფეხის გული მიბჯენილია მარჯვენა ფეხის ბარძაყზე.
  2. „კეთილშობილი პოზა“ − ადამიანი ზის იატაკზე და ორივე ფეხი ერთმანეთზე აქვს გადაჯვარედინებული. ალბათ, ყველას წარმოგვიდგება ამგვარი მდგომარეობის აღწერისას ბუდას პოზა. შესაძლებელია, ამიტომაც ეწოდა „კეთილშობილური.“
  3. „ცეკვითი პოზა“ − რომლის დროსაც ადამიანი დგას, მარცხენა ფეხი ოდნავ მოხრილი, იატაკზეა, მარჯვენა ფეხი კი მოხრილი, თითქმის მიბჯენილია მარცხენა ფეხზე და ა.შ.
მიმიკური ჟესტები:
  1. „არგუმენტირება“ ანუ რაიმე საკითხში დარწმუნება − რომლის დროს მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთზე მიბჯენილი წვერებით, ხოლო დანარჩენი სამი თითი პარალელურადაა გამართული.
  2. „გაცემის ანუ ღალატის ჟესტი“ − მარჯვენა მკლავი ნახევრად მოხრილია და ხელი, ყველა თითით აწეულია პერპენდიკულარულად.
  3. „მსხვერპლშეწირვა, თავგანწირვა“ − ორივე მკლავი მოხრილია ისე, რომ ორივე ხელის გული და თითები მიბჯენილია ერთმანეთზე, როგორც ეს ლოცვის დროს ხდება ხოლმე. და მრავალი სხვა პოზა და ჟესტი, რომლის ცოდნაც ესაჭიროებოდათ არა მხოლოდ იაპონური თეატრის მსახიობებს, არამედ მაყურებლებსაც.

სასცენო კოსტიუმი და ნიღაბი

ნოოს ნიღაბი

სასცენო კოსტიუმი და ნიღაბი, რომელიც ზოგადად, აღმოსავლური სათეატრო ხელოვნების უმთავრესი ატრიბუტია. რიტუალის, როგორც ჯერ რელიგიურ-საკრალური მოვლენის, ხოლო შემდგომ კი სათეატრო ქმედების ერთიანი სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ნოო-ს წარმოდგენების უცვლელი ელემენტია, როგორც, სპექტაკლის ვიზუალური ენა. ნოო-ს თეატრში ბევრი იაპონური ტრადიციული ნიღბიდან გარკვეული ვარიაციები განზოგადდა და რამდენიმე მთავარი გმირისთვის საერთო ნიღბად იქცა, როგორებიცაა ახალგაზრდა ქალის, მოხუცი კაცისა და დემონის ნიღბები. თავად ნიღბებს შორისაც, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა სპექტაკლში, ერთი და იმავე სტატუსის მატარებელი პერსონაჟის გასაცოცხლებლად გამოიყენებოდა, მთავარია, წოდებისა და ტიტულის მატარებელი მოქმედი გმირი ანუ კურაი ერთი და იგივე ყოფილიყო, რაც განსაზღვრავდა და განსაზღვრავს დღესაც როლის შესრულებისა და მთელი დადგმის ხასიათს. ასევე, ერთი ნიღბით შეიძლება გამოიხატოს სიხარულიც და სევდაც იმ შუქ-ჩრდილების ცვლილებებით, რომელიც ნიღაბს ეცემა სცენაზე მსახიობის გამოსვლისას.

საერთოდ, ნიღაბი მხოლოდ მთავარ მოქმედ გმირებს (შიტე) უკეთიათ, თუმცა ზოგიერთ წარმოდგენაში მათი თანმხლები გმირებიც, ანუ პირველხარისხოვანი პერსონაჟებიც (ცურე) იყენებენ. მეორეხარისხოვან მოქმედ გმირებს (ვაკი), მეორეხარისხოვან თანმხლებ გმირებს (ვაკიცურე) და ბავშვ მოქმედ გმირებს (კოკატა) ნიღბები არ ეკეთათ და არ უკეთიათ.

ნიღბების გარდა, ნოო-ს თეატრი მკაფიო მოხატულობის ექსტრავაგანტური კოსტიუმებითაა ცნობილი, რაც მწირი დეკორაციის ფონზე ლამაზი სანახავია. ქსოვილის ხუთი ფენისგან და მდიდრული მოსაცმელისგან შემდგარი შიტეს კოსტიუმი სცენაზე შთამბეჭდავ სახეს „ძერწავს“, რომლის ეფექტი ზოგჯერ ელვარე და კაშკაშა თეთრი ან წითელი პარიკითაა გაძლიერებული.

შიტესა და ვაკის მიმიკური და ხმოვანი შესრულება ზოგჯერ ხაზგასმულია მრავალფეროვანი დამატებითი აქსესუარებით, რომელთა შორის უმთავრესია დასაკეცი მარაო (ჩიუკეი), რომელშიც ზოგჯერ შეიძლება სხვადასხვა საგანი იგულისხმებოდეს, მაგ.: ხანჯალი, დიდი კოვზი ანდა სულაც მოძრაობა, როგორიცაა თავის დაკვრა ან ბუნებრივი მოვლენა – მზის ან მთვარის ამოსვლა და ა.შ.

სცენა

თეატრი ნოოს სცენა

ნოო-ს წარმოდგენები, თემატიკიდან გამომდინარე, თავდაპირველად, რელიგიურ ხასიათს ატარებდა, რა თქმა უნდა, იმართებოდა ბუდისტურ ტაძრებში ანუ პაგოდებში. ბუდისტურ ნაგებობათა ძირითად ტიპებში – კლდეში გამოკვეთილ ნაგებობებში, რომლებიც არქიტექტურის, ქანდაკებისა და ფერწერის თავისებურ სინთეზს წარმოადგენდა, ასევე, იყო პაგოდას განსხვავებული არქიტექტურული შენობა: ხის ტაძრების სხვადასხვა ტიპი, სადაც ჭარბობდა ბუდისტურ სიუჟეტებზე შექმნილი არა მარტო მონუმენტური, არამედ დაზგური ფერწერაც. სწორედ აქ, ამ გარემოში „ცოცხლდებოდა“ ნოო-ს წარმოდგენები, რომლებიც შუასაუკუნეების იაპონიაში თეატრალური სანახაობის ფორმებიდან ყველაზე პოპულარული სახილვევლი გახდა.

მოგვიანებით კი, როცა ამ დასს საიმპერატორო და მაღალჩინოსანთა წარმომადგენლები მფარველობდნენ, თეატრი ტაძრებიდან გამოვიდა და საკუთარი შენობა შეუქმნეს. ნოო-ს სცენა, რომელიც თავისთავად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, თავიდან ღია ცის ქვეშ მდებარეობდა. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, ეს იყო სამი მხრიდან ღია კვადრატული მოედანი, რომლის სახურავი ოთხ სვეტს ეყრდობა, სპექტაკლი მიმდინარეობს ფარდისა და დეკორაციის გარეშე, ერთადერთ უკანა უცვლელი დეკორაციის ფონზე, რომელზედაც გამოსახული იყო და არის მწვანე ფიჭვის ხე (იაპონიაში ფიჭვის ხე ესაა „ხე სიცოცხლისა“, რომელიც სიძლიერის, დღეგრძელობის, ახალგაზრდობის და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა) ოქროსფერ მინდორზე. წარმოდგენაში შემსრულებელთა სიტყვები და გუნდის სიმღერა განსაზღვრავს გარემოს და არა დეკორაცია. ამჟამად, სცენა დიდი შენობის შიგნით არის განთავსებული. სცენის ძირითადი ნაწილი, რომლის ფართობი 36 მ2-ს მოიცავს, გალაქული იაპონური კვიპაროსისგანაა (ჰინოკი) დამზადებული და გადახურულია ნავისებური ფორმის, შინტოს სტილის სახურავით (სიტყვა შინტო ითარგმნება როგორც „ღმერთების გზა“ (道) – უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტი შინტოს ტაძარია), ანუ თანამედროვე ნოო-ს თეატრის შენობაში შემორჩენილია უძველესი იაპონური რელიგიური არქიტექტურის ელემენტი, ხოლო კულისები სცენას ხიდისმაგვარი ღია დერეფნით (ჰაშიგაკარი) უერთდება. სცენის უკან და მარჯვნივ სხედან მუსიკოსები და გუნდი. სცენის უკან, სიღრმეში სამი ან ოთხი მუსიკოსი (ჰაიაშიკატა) ზის ხოლმე, რომლებიც უკრავენ ფლეიტაზე, ხელის პატარა დოლზე (კოცუძუმი) და ხელის დიდ დოლზე (ოცუძუმი).

თამარ ცაგარელი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები