იაპონური თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

იაპონური თეატრი − იაპონიის თეატრალური ხელოვნება სათავეს იღებს მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ საზეიმო რიტუალებიდან. იაპონიის გეოგრაფიულმა მდებარეობამ (ქვეყანა განლაგებულია კუნძულებზე) განაპირობა მისი იზოლაცია. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7-8 საუკუნეებში იგი ნელ-ნელა უკავშირდება აღმოსავლეთაზიურ ცივილიზაციას. ამ დროისათვის მის ნიადაგზე დამკვიდრებას იწყებს ის თეატრალური ფორმები, რაც დამახასიათებელი იყო კორეის, ჩინეთის და ინდოჩინეთისათვის. ზოგიერთ მათგანს იაპონურ თეატრში ეწოდა გიგაკუ, ზოგს კი – ბუგაკუ. ცნობები ამ წარმოდგენების შესახებ შემონახულია წერილობით ძეგლებში, მისი ზოგიერთი სახეობა კი შენარჩუნებულია დღემდე.

გიგაკუ თავიდანვე შეტანილ იქნა ბუდისტურ ღვთისმსახურებაში, წარმოდგენები იმართებოდა ბუდისტური ტაძრების ან მონასტრების ღია მოედნებზე. მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენა ბუგაკუ შეიცავდა ჩინური, კორეული, ინდოჩინური, ვიეტნამური და იავანური თეატრალური ხელოვნების ელემენტებს. მას მხარი დაუჭირა იაპონურმა არისტოკრატიამ და ბუდისტურმა სამღვდელოებამ და იქცა სასახლისკარის ცერემონიების, სატაძრო დღეასწაულების და ღვთისმსახურების შემადგენელ ნაწილად. სანგაკუს ხელოვნება კი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა სარუგაკუდ (მე-11 ს.), გათვლილი იყო ხალხის ფართო ფენებზე. მას წარმოადგენდნენ რელიგიური დღესასწაულების დროს. სამი საუკუნის შემდეგ, მან მოიპოვა დიდი ტაძრების და მონასტრების მხარდაჭერა. სარუგაკუში ჩართული იყო სასახლისკარის, რიტუალური და სასოფლო სიმღერები და ცეკვები. შემდგომში სარუგაკუსგან წარმოიშვა თეატრი ნოო, კომედიური ნაწილისგან კი კიოგენი. ნოოს წარმოდგენები ემყარება ცეკვას და მუსიკას.

მე-16 საუკუნის იაპონიაში გაჩაღებულმა შინაომებმა შეაფერხა ნოოს თეატრის განვითარება. მე-17 ს. იგი ცერემონიალური ხდება და მას წარმოადგენენ მხოლოდ საზეიმო დღეებში. იმპროვიზაციული ინტერმედია კიოგენი მე-17 საუკუნიდან ექვებდებარება ჩაწერას. კანძეს გარდა, აღმოცენდა ნოოს თეატრის ოთხი სკოლა: კომპარუ, სიო, კონგო და კიტა. კიოგენი დაიყო ორ სკოლად: კურა და იძუმი (შენარჩუნებულია დღემდე).

შინაომის შეწყვეტამ (მე-17 ს. დასაწყისი) ხელი შეუწყო ქალაქების ზრდას, ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. გამოცოცხლდა კულტურული ცხოვრებაც. წარმოიშვა ახალი თეატრალური ფორმები – ჯოორური და კაბუკის თეატრი, რომლებიც შემდგომში იქცა იაპონური თეატრის კლასიკურ ჟანრებად.

მეიძის რევოლუციამ (რომელმაც დაამხო სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა), შეცვალა საზოგადოებრივ ძალთა თანაფარდობა და გამოიწვია თეატრის ცვლილებაც. სახე იცვალა ნოოს თეატრმაც. ახლა იგი ბურჟუაზიული პუბლიკის და ახალჩასახული ინტელიგენციის გემოვნების სამსახურში ჩადგა. კაბუკის თეატრების სცენაზე უკვე იდგმება თანადროულობის ამსახველი ყოფითი და რეალისტური ისტორიული პიესები. I მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა ამ ჟანრის ცენტრალიზაცია. მისი წარმოდგენები უკვე იმართება დიდ ქალაქებში, სპეციალურად მისთვის აგებულ დიდ თეატრებში.

თანამედროვე კაბუკის თეატრში ძირითადია კლასიკური რეპერტუარი კანონიკური ინტერპრეტაციით. იდგმება, აგრეთვე, უფრო რეალისტური სინკაბუკის (ახალი კაბუკი) პიესები, რომლებიც შეიქმნა მე-19-20 სს. მიჯნაზე. ამავე ხანებში წარმოიშვა თეატრის ახალი სახეობები: სიმპა (მელოდრამა), სინგეკი (ევროპული თეატრი), სინკოკუგეკი (სამხედრო-ფეოდალური თემატიკა).

იაპონური თეატრის მეორე კლასიკური ფორმამ ნოო – მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად, სახე საგრძნობლად იცვალა. შეიქმნა ამ თეატრის მოყვარულთა გაერთიანება. შენარჩუნებულ იქნა დასის შუასაუკუნეობრივი სტრუქტურა, მაგრამ ამასთანავე წარმოიშვა სწრაფვა მაყურებელთა წრის გაფართოებისაკენ. ამავე პერიოდში გაიზარდა ინტერესი კიოგენის ჟანრისადმიც.

იაპონური დრამატურგია ჩაისახა თეატრ ნოოში. ტრადიციული იაპონური დრამატურგია იყოფა ნოოს თეატრის (იოოკიოკუ და კიოგენ), – ჯოორურის (თოჯინების თეატრი), კაბუკის და შინგეკის თეატრების დრამატურგიად.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები