ერეკლე II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ერეკლე მეორე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერეკლე II

ერეკლე II - პატარა კახი (1720–98), 1744 წლიდან კახეთის, 1762 წლიდან ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II -სა და თამარ დედოფლის (ვახტანგ IV-ის ასული) შვილი, ბაგრატიონთა კახეთის შტოდან. სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი.

პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელთა რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ შაჰთან და მონაწილეობა მიიღო ინდოეთზე ლაშქრობაში.

1744 წლიდან კახეთის მეფეა ქრისტიანული სარწმუნოებით. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს ბრძოლა დაუწყო, კახთ ბატონმა მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი აიღო და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია, ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამა-შვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველო ერთიანი იყო. იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა ერევნის ხანმა. ქართველებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც.

1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. 1751 წელს ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარის დასამორჩილებლად დაიძრა. 15 თებერვალს მდინარე აგირჩაის ნაპირზე ქართველები დამარცხდნენ, გამარჯვება შაქის ხანს აჯი-ჩელებს დარჩა. იმავე წელს ივლისში, ყირბულახთან, ერეკლემ 3000-კაციანი ლაშქრით დაამარცხა აზატ-ხანის 18000-ანი ჯარი. აზატ-ხანი, რომელიც ირანის შაჰობასაც კი უმიზნებდა, იძულებული გახდა ზავი დაედო ერეკლესთან.

1752 წელს, განჯასთან ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხდნენ. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. ამიერკავკასიაში მათი პირველობა საეჭვო გახდა, საჭირო იყო სასწრაფო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება.სამთვიანი მზადების შემდეგ. 1752 წლის 1 სექტემბერს, თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა აჯი-ჩალაბს. მისი ლაშქარი მთლიანად განადგურებული იქნა. ერეკლემ და თეიმურაზმა კვლავ აღადგინეს თავისი გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

მალე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. გააქტიურდნენ ლეკები. როლებიც უფრო და უფრო აძლიერებდნენ თავის მარბიელ ლაშქრობებს. 1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა ქართლში. მჭადიჯვართან ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა მოწინააღმდეგე. 1755 წელს ნურსლან-ბეგმა კახეთიდან სცადა შემოჭრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ერეკლე ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან.

1556-1757 წწ. ლეკებმა რამდენჯერმე ილაშქრეს ქართლ-კახეთში, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულები ბრუნდებოდნენ უკან.

1758 წელს თეიმურაზ II-მ, ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ.

1769 წელს ლეკთა 8000-იანი ჯარი, კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, გადმოვიდა საქართველოში სოფელ ატოცთან და დვანის ციხესთან ერეკლემ მარცხი აგემა მტერს. ამ ბრძოლაში ქართლისა და კახეთის მეფეებს სოლომონ I ეხმარებოდა.

1762 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა თეიმურაზ II. ქართლის სამეფო მემკვიდრეობით ერეკლე II-ს ეკუთვნოდა და მანაც ორივე სამეფო გააერთიანა. ამ დროიდან მოყოლებული ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეა. ქართლის თავადების ნაწილი ერეკლეს წინააღმდეგი იყო და მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. ქართლის მეფედ ვახტანგ VI-ს უკანონო შვილი პაატა უნდოდათ. 1765 წელს ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და მოწინააღმდეგეები სასტიკად დასაჯა. იმავე წელს ერეკლე II-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ტყვეობიდან თავისით თავდახსნილი გლეხი თავისუფალი ხდებოდა და ბატონს მასზე ხელი აღარ მიუწვდებოდა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ (ისევე როგორც სოლომონმა) გადაწყვიტა ჩაბმულიყო რუსეთის მხარეზე, თუკი ეს უკანასკნელი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. 1770 წლის აპრილში ერეკლე (7000 კაცით) და ტოტლებენი (1200 კაცით) ახალციხისკენ დაიძრნენ, მაგრამ 19 აპრილს, აწყურის ციხესთან, ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და უკან დაბრუნდა ქართლში. ერეკლეს მარტოს მოუწია მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. 20 აპრილს ქართველებმა, ასპინძასთან, სასტიკად დაამარცხეს თურქეთის ჯარი. ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლე იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა წარმატებით დაწყებული ლაშქრობა.

1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე აიღო.

1772 წელს ერეკლე II-მ ელჩობა გაგზავნა რუსეთში ანტონ I კათოლიკოსისა და თავისი ვაჟის - ლევანის მეთაურობით (ელჩები 1772 წელს დაბრუნდნენ საქართველოში).

1773 წელს ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულება.

1774 წელს ერეკლემ გამოსცა ბრძანება „მორიგე ჯარის“ დაწესების შესახებ. ამან საშუალება მისცა მეფეს, ყოველთვის მზად ჰყოლოდა 5000 მოლაშქრე.

1778 წელს ქართლ-კახეთის მეფემ განჯის მმართველი - ფათ ალი-ხანი დაამარცხა სასტიკად.

1779-1780 წლებში ერეკლეს რამდენჯერმე მოუწია ლაშქრობა ერევნის სახანოს დასამორჩილებლად.

1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-მ ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ.

1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში, ხელი მოეწერა ტრაქტატს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. 2 ნოემბერს თბილისში რუსეთის ორი ბატალიონი შემოვიდა.

1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს შეუტია და ლეკები დაამარცხა.

1785 წლის სექტემბერში ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20000-ანი ჯარით ქართლ-კახეთი დალაშქრა. ერეკლემ ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობის გაწევა მტრისათვის და იძულებული გახდა, ომარ-ხანისათვის ფული გადაეხადა, რათა ამ გზით დაეხსნა თავი მისი შემოსევებისაგან.

1786 წელს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშა სულეიმანთან. იმავე წელს, 18 დეკემბერს, საგარეჯოში გაიმართა დიდებულთა თათბირი, რომელზედაც განხილული იყო საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი. 1789 წლის იანვარში ერეკლე შეხვდა ფათ ალი-ხანს. მათ გაინაწილეს გავლენის სფეროები და გადაწყვიტეს შეთანხმებულად ემოქმედათ ერთობლივი მტრის - აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ.

1789 წელსვე ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები: დოსიეთოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი, ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე და სხვები. ისინი სთხოვდნენ მეფეს იმერეთის შეერთებას ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა კამათი მომხრეებსა (გიორგი ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, ჭაბუა ორბელიანი, ანტონ კათოლიკოსი) და მოწინააღმდეგეებს (იოანე მუხრანბატონი) შორის. საბოლოოდ მეფემ განაცხადა, რომ ის ვერ შემოიერთებდა იმერეთის სამეფოს და ვერ წაართმევდა ტახტს თავისი შვილიშვილის დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II იყო ერეკლეს ასულის, ელენეს, შვილი). ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი მაინც ის იყო, რომ იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და მისი შემოერთებით ერეკლე მკვეთრად გაიუარესებდა ურთიერთობას პორტასთან (ეს იმ დროს რუსეთს, რომლის მფარველობაშიც იყო ქართლ-კახეთი, ინტერესებში არ შედიოდა).

1790 წელს დაიდო „ტრაქტატი ივერიელთ მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა, გურიისა“.

1791 წელს ერეკლე II-მ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი - მამიდან უფროს ძეზე გადასვლის ნაცვლად, მან ბრძანა ტახტი ძმიდან ძმაზე გადასვლა.

1792 წელს ერეკლე მეფემ, თავისი ბრძანებით, შვილებს დაუნაწილა სამეფო ქონება და გამოუყო საუფლისწულოები.

1795 წლის ივნისში ქართველთა ჯარმა (ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით) დაამარცხა ერევნისა და შუშის სახანოების დასამორჩილებლად გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისაკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხდნენ, მაგრამ მეორე დღეს, 11 სექტემბერს, გადამწყვეტ ბრძოლაში 5000-მა ქართველმა ვერ შეძლო 35000-ანი მტრის არმიის დამარცხება. 76 წლის მეფე ბრძოლის ველიდან შვილიშვილმა, იოანე გიორგის ძემ, ძალით გაიყვანა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც.

1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში გარდაიცვალა. მხცოვანი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.

ერეკლე II-ის პერიოდი ქართული ფეოდალური სამხედრო ხელოვნების განვითარების უმაღლესი საფეხურია. როგორც ტაქტიკოსს, მეფეს ახასიათებდა ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით სწრაფი მარშების მოწყობა და მტრისთვის მოულოდნელი დარტყმების მიყენება. მისი მხედართმთავრული ოსტატობა გამოიკვეთა აგრეთვე ჯარების სახეობათა როლის სწორ შეფასებასა და ბრძოლის დროს მათი ურთიერთქმედების ორგანიზებაში. მეომრების საბრძოლო სულის ამაღლების მიზნით მეფე, როგორც წესი, პირადად მიუძღოდა ჯარს ბრძოლაში და მონაწილეობდა შეტაკებებში.

საქართველოს აღორძინების ერეკლესეული გეგმა არ განხორციელდა ქვეყნის ეკონომიკური სისუსტის, უცხოელთა შემოსევებისა და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.


იხილე აგრეთვე

ერეკლე მეორე

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები