სამხედრო ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ხელოვნება - ხმელეთზე, ზღვაზე და დედამიწის ირგვლივ სივრცეში საომარი მოქმედებების მომზადებისა და წარმოების თეორია და პრაქტიკა.

სამხედრო ხელოვნების თეორია არის სამხედრო მეცნიერების შემადგენელი ნაწილი. სამხედრო ხელოვნების პრაქტიკა გულისხმობს სამხედრო ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების დროს. სამხედრო ხელოვნებაში შედის სტრატეგია, ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. სამხედრო ხელოვნების განვითარებას, უწინარეს ყოვლისა, განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკა, სამხედრო დოქტრინა, მობილიზებული რესურსების რიცხოვნობა, მეცნიერების და ტექნიკის მდგომარეობა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების დონე, სტრატეგიული ნედლეულის არსებობა. სამხედრო ხელოვნება აგრეთვე დამოკიდებულია შეიარაღებული ძალების რაოდენობრივ და თვისებრივ შემადგენლობაზე, სამხედრო ტრადიციებზე, ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებსა და სხვა.

მონათმფლობელურ საზოგადოებაში სამხედრო ხელოვნება ემყარებოდა შეზღუდულ ეკონომიკურ და ადამიანურ რესურსებს, რომლებიც შედარებით მცირერიცხოვანი არმიის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდნენ. ამ არმიის შეიარაღებაში იყო ცივი და სატყორცნი იარაღი, დამცავი შეიარაღება, საბრძოლო ეტლები, ნიჩბიანი და იალქნიან-ნიჩბიანი გემები. ამ პერიოდში უკვე გამოიკვეთა ომის და ბრძოლის წარმოების ხერხების – სტრატეგიისა და ტაქტიკის გამიჯვნა. სტრატეგია მოიცავდა ომისთვის მზადებას, ლაშქრობების მიმართულებისა და დროის, ბრძოლის ადგილების, დარტყმის მთავარი პუნქტის შერჩევას. ტაქტიკის სრულყოფა მიმდინარეობდა ჯარების უმარტივესი მწყობრიდან და ფრონტალური შეტაკებებიდან უფრო რთული საბრძოლო წყობისა და ბრძოლის ველზე მანევრირებისაკენ. ფეოდალიზმის ეპოქაში ძირითადი შეიარაღებული ძალა ევროპაში – მძიმედ შეიარაღებული (რაინდების) კავალერია, ქვეითი ჯარი – გადაიქცა ჯარების დამხმარე გვარეობად. ევროპაში ცენტრალიზებული სახელმწიფოების წარმოშობის პერიოდში, XVI საუკუნის მეორე ნახევარში, შეიქმნა პირველი მუდმივი დაქირავებული არმიები. სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა არმიების აღჭურვამ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც XVI საუკუნეში სახაზო ტაქტიკის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ბრძოლის შედეგი შეიძლებოდა გადაეწყვიტა არა მარტო ცოცხალი ძალის შეტევას, არამედ ცეცხლის ძლიერებას. ჩაისახა საცეცხლე მომზადება. XVII საუკუნის ევროპასა და აღმოსავლეთში მეომარი მხარეების სტრატეგიული ძალისხმევის მიზანი იყო შეძლებისდაგვარად აეცილებინათ თავიდან ბატალიები და მოეგოთ ომი მოწინააღმდეგის კომუნიკაციებზე მარჯვე მანევრირების გზით. აგრეთვე მისი ციხესიმაგრეების ბლოკადით და ხელში ჩაგდებით. გაჩნდა მუდმივი სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომელიც ხომალდების ძირითადი კლასი გახდა არტილერიით შეიარაღებული იალქნიანი სახაზო გემები და ფრეგატები. ზღვაზე სტრატეგიული მოქმედებების მთავარ ხერხებად ითვლებოდა გენერალური ბრძოლა მოწინააღმდეგის ფლოტის გასანადგურებლად, ფლოტის ბლოკადა ბაზებსა და ნავსადგურებში, საზღვაო დესანტის გადასხმა. სახმელეთო ჯარებში ყალიბდებოდა სახაზო ტაქტიკა. ეს საშუალებას იძლეოდა, გამოეყენებინათ ხომალდებზე ბორტების გასწვრივ დაყენებული არტილერიის შესაძლებლობები. სამხედრო ხელოვნებაში ცვლილებები მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 1789–94 წლებში და XVIII–XIX საუკუნეების ეროვნულ-გამათავისუფლებელი ომების დროს. რევოლუციის შედეგად შექმნილი არმიის უპირატესობა ბრწყინვალედ გამოიყენა ნაპოლეონ ბონაპარტმა. მან უარი თქვა კორდონულ სტრატეგიაზე და ცდილობდა ბატალიებში მოწინააღმდეგის ტერიტორიების და ციხესიმაგრეების დაუფლების ნაცვლად მოწინააღმდეგის განადგურებას.

სამხედრო ხელოვნების შემდგომი ცვლილებები უკავშირდება XIX საუკუნეში რკინიგზების მშენებლობას, ტელეგრაფის, უკვამლო დენთის გამოგონებას, ჯარების მასობრივ აღჭურვას კუთხვილი ცეცხლსასროლი იარაღით. რკინიგზამ შესაძლებელი გახადა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაეჩქარებინათ არმიების თავმოყრა და გაშლა, შეემსუბუქებინათ მათი მომარაგება. ტელეგრაფი უზრუნველყოფდა ჯარების უფრო ოპერატიულ მართვას. კუთხვილი იარაღის გამოყენებას შედეგად მოჰყვა ცეცხლის ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლება, რის გამოც იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ ჯარების კოლონებად განლაგებაზე. დაიწყო გადასვლა საიალქნოდან ორთქლის ფლოტზე, რამაც გამოიწვია ძირეული ცვლილებები სამხედრო-საზღვაო ხელოვნებაში.

I და II მსოფლიო ომებს შორის ზოგიერთმა სამხედრო თეორეტიკოსმა, რომლებიც აზვიადებდნენ ახალი სახეობის იარაღის (ავიაციის, ტანკების) როლს და ეშინოდათ მასობრივი არმიების, მთელი ყურადღება დაუთმეს ომში მცირე არმიების მეშვეობით, ანუ ამა თუ იმ სახეობის ტექნიკის მასირებული გამოყენების ("საჰაერო ომის", "სატანკო ომის") თეორიის შემუშავებას.

სამხედრო ხელოვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო II მსოფლიო ომი. ამ ომის დროს შემუშავდა და განხორციელდა სტრატეგიული მოქმედების ახალი ფორმა – დაჯგუფებების ოპერაციები; სწორად გადაწყდა სტრატეგიული შეტევის წარმოებისთვის ხერხების შერჩევის პრობლემები; არჩეულ მიმართულებებზე მარჯვედ ქმნიდნენ ჯარების მძლავრ დამრტყმელ დაჯგუფებებს; გამოიყენეს მოწინააღმდეგის განადგურების სხვადასხვა ხერხი, მისი დიდი დაჯგუფებების ალყაში მოქცევა, გამკვეთი დარტყმების მიყენება დიდ სიღრმეზე, დამქსაქსველი დარტყმების სერიები მოწინააღმდეგის ცალკეულ დაჯგუფებათა იზოლაციისა და მათი ნაწილ-ნაწილ განადგურების მიზნით და სხვა. წარმატებით გადაიჭრა სტრატეგიული რეზერვების შექმნის და გამოყენების პრობლემა. სამხედრო ხელოვნების დიდი მიღწევა იყო შეტევის ისეთი რთული ფორმის განხორციელება, როგორიც არის კონტრშეტევა. შემდგომში განუწყვეტლივ იხვეწებოდა შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების და სპეციალური ჯარების ოპერატიული ხელოვნება და ტაქტიკა.

II მსოფლიო ომის წლებში სამხედრო ხელოვნებას შეემატა ჯარების სტრატეგიული კოალიციური ხელმძღვანელობის ორგანიზაციის, საბრძოლო მოქმედებების და განსაკუთრებით საზღვაო, საჰაერო და საჰაერო-სადესანტო ოპერაციების დაგეგმვისა და უზრუნველყოფის გამოცდილება. ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებამ განაპირობა ღრმა ცვლილებები შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებში. XX საუკუნის 40–50-იან წლებში ზოგი სახელმწიფოს (აშშ, სსრ კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეიარაღებულ ძალებში დაიწყო ბირთვული იარაღის და სარაკეტო ტექნიკის დანერგვა, სწრაფად ვითარდებოდა და იხვეწებოდა დაზიანების ყველა სხვა საშუალებები. სახმელეთო ჯარები აღიჭურვა ახალი ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებით. საჰაერო თავდაცვის ჯარებში საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ძირითადი საშუალება გახდა საზენიტო რეკეტები. სამხედრო-საჰაერო ძალებში დგუშიანი თვითმფრინავები შეიცვალა რეაქტიულით. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევიდა ატომური ძალური დანადგარების მქონე ხომალდები. შეიარაღებული ბრძოლის ახალი საშუალებების, განსაკუთრებით, ბირთვულ-სარაკეტო იარაღის დანერგვამ ძირეული ცვლილებები მოახდინა სამხედრო ხელოვნებაში და შეეხო მის პრაქტიკულად ყველა დარგს. სტრატეგიული მოქმედებების ძირითად სახეობად გამოიკვეთა ბირთვულ-სარაკეტო დარტყმები მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტებზე.

სამხედრო ხელოვნების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო XX საუკუნის 80–90-იანი წლების მიჯნაზე. მაშინ საერთაშორისო წრეებში გაძლიერდა შესაძლო მსოფლიო ბირთვული ომის კატასტროფის მოლოდინი. სტრატეგიული მოქმედებების ძირითადი სახეობები გახდა სტრატეგიული თავდაცვა და კონტრშეტევა. სამხედრო ხელოვნების განვითარება XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა სამხედრო თეორიასა და პრაქტიკაში მომხდარი ცვლილებების, სამხედრო რეფორმების, შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების სრულყოფის, ლოკალური ომებისა და სამხედრო კონფლიქტების გამოცდილების გათვალისწინებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები