ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე – (ინგლ. Khertvisi Fortress), შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლი, ციხესიმაგრე. მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხერთვისში, არტაანის მტკვრისა და ჯავახეთის მტკვრის შესაყართან მაღალ კლდოვან მთაზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: გალავანი, ციტადელი, მცირე ეკლესია, კოშკები.
ხერთვისი, თმოგვის, აწყურის ციხეებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრებაში. ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხეთაგანი.
ხერთვისის ციხე, სავარაუდოდ, ადრევე იყო დაარსებული (ზუსტი ცნობები არ არსებობს), ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, ხერთვისი ანტიკური პერიოდის ქართლის პირველ ქალაქთა შორის სახელდებოდა. ზეპირი გადმოცემის მიხედვით, რომელსაც ლეონტი მროველი ეყრდნობოდა, ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო წლებში, ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად, მას ხერთვისიც უნახავს და მაღალი შეფასებაც მიუცია ციხისთვის (ისტორიულად ეს ფაქტი დადასტურებული არაა). ადრეული საუკუნეების ხერთვისის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. მართალია, ძვ. წ. IV საუკუნის დროინდელი ციხე-ქალაქის კვალი მიწის ზემოთ არ იკითხება, მაგრამ, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ანტიკური პერიოდის ნაშთები შესაძლოა მიწის ქვეშ იქნას მიკვლეული. ხერთვისის ანსამბლი მრავალფეროვანია. მშენებლობა აქ საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა.
დღესდღეობით შემორჩენილი ნაგებობები X-XIV საუკუნეებით თარიღდება. უფრო გვიან, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ხერთვისი ოსმალებს ეკავათ, ის ისევ ქალაქად იხსენიება.
ციხესიმაგრე ორი მთავარი ნაწილისგან შედგება: პირველია ციტადელი, მეორე – ციხის გალავანი. პირველი მათგანი მაღლაა, მეორე მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. ციტადელში საკმაოდ მოზრდილი მიწის ფართობია მოქცეული, მაგრამ გალავნით გაცილებით ვრცელი ტერიტორიაა შემოსაზღვრული. ციტადელს მთის ვიწრო კლდოვანი ქიმი უკავია. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას იცავს მაღალი, თითქმის შვეული კლდე, ხოლო იქ, სადაც ფეხის მოკიდება შეიძლება, კედელია აღმართული.
ციხეს კლდის კეხის გაყოლებით წაგრძელებული და კომპაქტური გეგმა აქვს. ციტადელი რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. მაღალი კედლები ქონგურებით მთავრდება. კედლებს მიჰყვება ბურჯები და კოშკები. დასავლეთით დგას შედარებით გვიანდელი ხანის პრიზმული კოშკი – დონჟონი, კვადრატული გეგმის მქონე, ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით, მაღალი და მძლავრად აზიდული. მისი კედლები კარგად დამუშავებული და წესიერად დაწყობილი ქვითაა ნაშენი, ფორმები მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. სიმაგრის აღმოსავლეთის ბოლოში დგას უფრო ადრეული პერიოდის ხუთგვერდა კოშკი. არ ჩანს, თუ როგორ იყო გადაჭრილი ციხის წყლით მომარაგების საკითხი ადრეულ საუკუნეებში. მოგვიანებით ციტადელის ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთზე მდინარეზე ჩასასვლელად გვირაბი მიუშენებიათ. მარჯვე სტრატეგიულ ადგილზე აგებულ ციხეს მშფოთვარე ცხოვრება ექნებოდა და ხშირად საჭიროებდა რესტავრაციას.
XIX ს-ის დასაწყისში ციხის შესასვლელის კარზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო XIV ს-ის წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ ციხის გალავანი და კოშკი 1354-1356 წლებში აუშენებია მეფის მოლარეთუხუცესს (უპირველესი მოლარე, ხაზინის უფროსი), ზაქარია ქამქამის ძეს (წარწერა ამჟამად დაკარგულია). თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ციხე გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდისაა. აღსანიშნავია, რომ ქამქამისძეთა გარდა, ხერთვისის მფლობელნი XIV საუკუნეში მონაცვლეობით ყოფილან ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი. იმავე XIV საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს, ციხე რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში.
მომდევნო საუკუნეებში ხერთვისის ციხის ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია სამცხე-საათაბაგოს ისტორიასთან; ის ჯაყელი ათაბაგების საიმედო სიმაგრეს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ მანუჩარ II ათაბაგმა 1588 წელს ხერთვისის ციხე ირანის მმართველს შაჰ-აბასს დაუთმო. უფრო გვიან, სამცხეს შეფარებულმა ქართველთა მხედართმთავარმა გიორგი სააკაძემ (დ. 1580 - გ. 1629 წ.), ჯერ ყორჩიბაშის მიერ გამოგზავნილი დიდი ჯარი სასტიკად დაამარცხა ასპინძასთან, შემდეგ კი ხერთვისი და სხვა ციხეებიც აიღო. სამწუხაროდ, ქართველთა ხმლით დაბრუნებული ეს ციხეები საქართველოს კი არ შემოუმტკიცდა, არამედ ხონთქარს გადაეცა. XVI საუკუნის მიწურულიდან მთელ მესხეთს თურქები დაეპატრონენ. ის მხოლოდ 1828 წელს, თურქეთ-რუსეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სააკაძემ და კახეთისა და ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ ორჯერ (1624 და 1771 წწ.) გაანთავისუფლეს ციხე ოსმალებისაგან, მაგრამ ორივეჯერ მისი დატოვება მოუხდათ. XIX საუკუნის დასაწყისიდან ხერთვისის ციხემ, სხვა ციხეების მსგავსად, დაკარგა თავისი ფუნქცია, თუმცა უდავოა, რომ ის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა. ციხის მთელი ანსამბლი ისეა შერწყმული კლდესთან, რომ მას მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.
ხერთვისის ციხე ვარძიის კომპლექსთან ერთად 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაში.