თმოგვის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თმოგვის ციხე

თმოგვის ციხე − (ინგლ. Tmogvi Castle) – ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა.

X საუკუნეში ციხის აღება არაბებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის დასაწყისიდან იგი სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XI საუკუნის ბოლოდან XVI საუკუნის დასასრულამდე თმოგვის ციხეს მონაცვლეობით ფლობდნენ: ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრეები, მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. 1578 წელს ციხეს ოსმალები დაეუფლნენ. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829 წწ.) შემდეგ, 1829 წლის ანდრიაპოლის სამშვიდობო საზავო ხელშეკრულების თანახმად (ადრიაპოლის ტრაქტატი), ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად თმოგვის ციხეც დაუბრუნა.

ჩვენს წინაპრებს თმოგვის ციხის ასაგებად მაღალი კლდოვანი მთა შეურჩევიათ, რომელიც ზღუდეებითაა შემოფარგლული და პრაქტიკულად მას აუღებელ ციხესიმაგრედ აქცევდა. კარგადაა შემონახული სამ საფეხურიანი კედელ-ბურჯებით დაცული დასავლეთი ნაწილი. ციხის ცენტრში ციტადელია, საიდანც გაყვანილი გვირაბის მეშვეობით შესაძლებელი იყო მდ. მტკვარზე ჩასვლა. ციტადელი მჭიდროდ იყო დატვირთული სხვადასხვა ნაგებობებით. ზღუდეების მშენებლობისათვის გამოყენებულია ადგილობრივი ნატეხი ქვა და ტუფი. ციხის ტერიტორიის გარეთ, კლდის მასივში ნაკვეთია წმ. ეფრემის ეკლესია კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით. აქვეა გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებიც XIII საუკუნის კედლის მოხატულობის ფრაგმენტებით.

ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ციხის კედლების საშენ მასალად გამოყენებულია ტუფი და ნატეხი ქვა. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილია წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 წწ.).

ამჟამად უამრავი მომხვდური მტრის მომგერიებელი ციხესიმაგრე, ხერთვისის ციხესთან ერთად, ჯავახეთისა და მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესა-ნიშნავი ძეგლია და თავისი მონუმენტური კედელ-ბურჯებით ყველას შეახსენებს მის ხუროთ-მოძღვრებაში ჩაკირული ქართული სულის სიდიადეს.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები