ელინიზმის ეპოქის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელინიზმის ეპოქის თეატრიელინისტურ ეპოქაში გაიზარდა საერთო დღესასწაულების და მათთან დაკავშირებული წარმოდგენების რაოდენობა. წარმოდგენების გამართვის სიხშირის გაზრდამ ხელი შეუწყო სადადგმო კულტურის ამაღლებას. ჩვ.წ. IV საუკუნეში საბერძნეთში პირველად გაჩნდნენ დიონისეს მსახიობთა კავშირად წოდებული გაერთიანებები. მიუხედავად იმისა, რომ დროთა მანძილზე ბევრი დღესასწაული და თეატრალური შეჯიბრი აღარ იყო დაკავშირებული დიონისეს კულტთან, როგორც თეატრალური გაერთიანების სახელწოდება იუწყება, თეატრალური ხელოვნება ყველაზე მჭიდროდ კვლავ დიონისეს ღვთაებასთან ასოცირდებოდა. თეატრალური გაერთიანების წევრობა მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეებად დაბადებულ მამაკაც მსახიობებს შეეძლოთ. გაერთიანებაში არ ღებულობდნენ მიმებს, მაგრამ მასში, მსახიობების გარდა, შედიოდნენ ქოროს შემსრულებლები, პოეტები, მუსიკოსები, სცენოგრაფები. მსახიობობა პრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა, ისინი თავისუფლდებოდნენ სამხედრო ვალდებულებებისაგან, მათი პროფესიული საქმიანობისა და გასტროლებისთვის ხელის შეწყობა ომის შემთხვევაშიც კი იყო გარანტირებული. მსახიობების გავლენა დრამატურგებთან მიმართებაშიც მზარდი აღმოჩნდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დრამატურგები რომელიმე მსახიობის ინდივიდუალობას ამა თუ იმ სახით არგებდნენ როლს, – მსახიობთან თანამშრომლობის შედეგად ტექსტს ცვლიდნენ. ცნობილია, რომ იმხანად არსებობდა დაახლოებით 300 კაცის ოდენობით გასტროლიორ მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე. დღესასწაულის გამართვის წინ ამა თუ იმ ქალაქის მმართველობა უკავშირდებოდა მსახიობთა კავშირის უახლოეს წარმომადგენლობას. ორ მხარეს შორის დადებული კონტრაქტი ზუსტად ითვალისწინებდა მოწვეულ მსახიობთა უფლება-მოვალეობებს. დღესასწაულის ჩატარება სათანადო დონეზე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თეატრალურ კონტრაქტს ელინისტურ სამყაროში საერთაშორისო შეთანხმების ძალა ჰქონდა. კონტრაქტის ყველა პირობის შესრულება სავალებულო იყო ნებისმიერ, თუნდაც საომარ პირობებში.

კოსტიუმები

ცნობილია, რომ ელინისტურ ხანაში ტრაგიკული როლის შემსრულებელი მსახიობები ატარებდნენ მაღალ თავსაბურავებს, გაბერილ კოსტიუმებს და ამაღლებულ ფეხსაცმელებს (კოთურნებს). მსახიობის ჩაცმულობის მიზანი იყო მსახიობისთვის პომპეზურობისა და მონუმენტურობის შეძენა. ტრაგიკული ნიღაბიც ადამიანის სახის ნაკვთების უტრირებული წარმოჩენით ხასიათდება. მთლიანობაში, ტრაგიკოსი მსახიობის გარეგნული იერი მაქსიმალურად დაშორებულია ადამიანის ყოველდღიურ, ჩვეულ იერ-სახეს.

ტრაგიკული როლის შემსრულებელთა კოსტიუმებისგან განსხვავდებოდა კომედიის სათამაშოდ განკუთვნილი კოსტიუმები. კომიკური როლის შემსრულებლის კოსტიუმი, გარკვეული სტილიზაციის მიუხედავად (რომელიც, ძირითადად, თმის ფერში ვლინდებოდა), მაინც ყოველდღიურობაში დამკვიდრებული ტანსაცმლის ნაირსახეობას წარმოადგენდა. თავისი მრავალფეროვნებით, კომიკური ნიღბები ტრაგიკულს აღემატებოდნენ. კომედიურ ნიღაბთა ნაწილი – მაგალითად, შეყვარებულთა წყვილის ნიღბები რეალისტურობით გამოირჩეოდნენ, უფრო გროტესკულ პერსონაჟთა ნიღბები კი სატირულ ხასიათს ატარებდნენ. ყველაზე მკაფიოდ პირობითობა მაინც თმის ფერში ვლინდებოდა. ცნობილია, რომ მსახურების როლის შემსრულებელი უმეტესწილად წითელი ფერის პარიკებს ატარებდნენ, ხოლო ჰეტერები – ყვითელი ფერის.

არქიტექტურა

ელინისტურ ეპოქაში თეატრებს ქვისგან აშენებდნენ. თანამედროვეობამდე მრავალი ელინისტური თეატრის ნანგრევებმა მოაღწია, ცნობილია, რომ იმხანად მარტო საბერძნეთში არსებულ, სავარაუდოდ 170 თეატრალურ ნაგებობათა უმრავლესობა ელინისტური ტიპის იყო.

ორქესტრა ამ თეატრებში წრიული ან ნახევრად წრიული სახის იყო. ახალ კომედიაში ქოროს არარსებობასთან დაკავშირებით, ვარაუდობენ, რომ ორქესტრამ დაკარგა სათამაშო სივრცის ფუნქცია. თუმცა, ბოლომდე უცნობი დარჩა ორქესტრას დანიშნულება. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსახიობები მაინც იყენებდნენ ორქესტრას, როგორც სათამაშო სივრცის ნაწილს, სხვების ვარაუდით კი, ორქესტრაზე მხოლოდ არა დრამატული სახის სანახაობების – მაგალითად, დითირამბები სრულდებოდა. არც ის ვარაუდი გამოირიცხება, რომ ორქესტრა წარსულის გადმონაშთად, უფუნქციო სივრცედ იქცა. ელინისტური თეატრის სიახლეს ორსართულიანი სცენა წარმოადგენდა. სცენის პირველ სართულს ქვისგან აშენებული სვეტებიანი პროსკენიონი ებჯინებოდა, რომლის (სიღრმეში 2,5 – 3,5 მეტრის) სახურავზე სცენური მოქმედება თამაშდებოდა. პროსკენიონის თავზე აღმართული იყო სკენეს (იგივე სცენის) მეორე სართული ეპისკენიონი – რამდენიმე კარიბჭიანი კედელი, რომლის წინ გაშლილ სივრცეში ასევე თამაშდებოდა მოქმედება. ორქესტრადან სცენაზე მოხვედრა შესაძლებელი იყო ან გვერდითა კიბეებით ან ასევე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს აღმართული, დაქანებული კონსტრუქციის მეშვეობით. მაყურებელთა დარბაზი უცვლელი დარჩა. სავარაუდოდ, მცირე დარბაზიანი თეატრი 3000 კაცს იტევდა, ხოლო მოზრდილი თეატრები – 24.000 მაყურებელს. თეატრალურ ნაგებობებთან დაკავშირებული მრავალი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. უცნობია სცენის მეორე სართულის ზუსტი დანიშნულება, – წარმოადგენდა ის თამაში სივრცის ჩვეულ ნაწილს თუ სპეციფიკური ეპიზოდების გასათამაშებლად იყენებდნენ, – მაგალითად, ოლიმპოს მთიდან მოვლენილი ღმერთების ტრიბუნად იქცეოდა. ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში შეიცვალა სცენის მეორე სართულის ფასადი, თავდაპირველად 3-კარიბჭიანი კედელი 7-კარიბჭიანად იქცა. კარბიჭის აღმა 7 მეტრიან სიღრმივ სივრცეში კი მოხატული ნიშები იყო განლაგებული.

ელინისტური სამყაროს შემადგენელი სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ათენის თეატრები დიდხანს ინარჩუნებდნენ ძველ იერ-სახეს, მაგრამ ჩვ. წ. I საუკუნისათვის დიონისეს თეატრმაც ელინისტური ელფერი შეიძინა, სცენის გაზრდა ორქესტრას შემცირების ხარჯზე მოხდა. მოგვიანებით ორქესტრა სხვადასხვა სანახაობათა, უპირველესად კი, გლადიატორთა ომების გასამართ სივრცედ იქცა.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები