დეკორატიული ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკორატიული ბეტონის ფილები ლანდშაფტურ დიზაინში

დეკორატიული ბეტონი − შენობის ან ნაგებობის მოსაპირკეთებელი სპეციალური ბეტონი. მიიღება ჩვეულებრივი ბეტონის ნარევში პიგმენტის (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) დამატებით ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსებიტუფი, წითელი კვარციტი, ფერადი მარმარილო, გრანიტი, კირქვა და სხვ.

დეკორატიული ბეტონის სიმტკიცეა 15-20 მპა. პიგმენტი საშუალებას იძლევა მივიღოთ ბეტონის ფერის ფართო გამა: წითელი (რკინის ჟანგი), მწვანე (ქრომის ჟანგი), იისფერი (მანგანუმის ჟანგი), შავი (მაგნიუმის ზეჟანგი, მური), თეთრი (ცარცი, კირქვა), ყვითელი (ოხრა) და სხვ. სიმკვრივის გასაზრდელად და ზედაპირის ფერის გამომსახველობისათვის დეკორატიული ბეტონი, ჩვეულებრივთან შედარებით, ზრდიან ცემენტის ხარჯს. მაგ., 10 მმ-მდე სიმსხოს შემვსებისათვის ცემენტის ხარჯი შეადგენს 450-500 კგ/მ3.

ზედაპირის ფაქტურის შენარჩუნებისათვის იყენებენ ჰიდროფობიზატორს და წმინდად დაფქულ დანამატებს. ზოგჯერ ბეტონის ზედაპირს ჟღენთენ პოლიმერით. დეკორატიული ბეტონი წვრილ შემვსებად გამოიყენება სუფთა კვარცის ქვიშა, მსხვილ შემვსებად − ღია ფერის კირქვა და დოლომიტი, ასევე იყენებენ მარმარილოს, ღორღის, გრანიტის, ტუფისა და სხვა ქანის ნამსხვრევ ქვიშას. ბეტონის ფერზე გავლენას ახდენს შემვსების მხოლოდ წვრილი ნაწილაკი, რომლის ზომა არ აღემატება 0,3 მმ-ს. შემვსები უნდა იყოს ატმოსფერომედეგი, ჰქონდეს კარგი შეჭიდულობა ცემენტის ქვასთან. მოზაიკური ბეტონის შემვსები გარდა ამისა, უნდა იყოს ცვეთამედეგი. დეკორატიულ ბეტონს, გარდა ფერის და ფაქტურის შენარჩუნებისა, მოეთხოვება სიმკვრივე, სიმტკიცე, ყინვამედეგობა. დეკორატიული ბეტონი გამოიყენება შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული ელემენტების არქიტექტურული მოპირკეთებისათვის, როგორებიცაა კედელი, იატაკი, კიბე, ბაღისა და პარკის გზა და ბილიკი, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, ბარელიეფი, ძეგლი და სპეციალური დანიშნულების ნაკეთობა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები