ბცენთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბHცენთა || მHცანთა (ოს. Быцентæ || Мыцæнтæ) – მითიური ჯუჯა ხალხი ნართული ეპოსის ოსური ვერსიის მიხედვით. ძალზე ფიცხი და მოუთმენელი ხასიათის ბHცენთები ორი მტკაველის სიმაღლისანი, მაგრამ ჯანღონით სავსენი არიან, ნადირობასა და ვაჟკაცობაში წუნი არ დაედებათ; ჰყავთ ერთი და, რომელსაც ნართ ხამიცს მიათხოვებენ, მაგრამ სირდონისაგან შეურაცხყოფილი, მომავალი გმირის – ბათრაძის დედა, კვლავ მშობლიურ კერას უბრუნდება („ბHცენონი“). ბHცენთები ქვესკნელის ბინადრები არიან, ცხოვრობენ ჭიანჭველების ბუდის დაბლა და წყალთა უფლის – დონბეთირის ნათესავებად ითვლებიან. ჯუჯებს ამბივალენტური ბუნება აქვთ: ერთი მხრივ, მეგობრობენ და მოყვრობენ კიდეც ნართებთან, მაგრამ, მეორე მხრივ, მტრობენ მათ. ერთ-ერთი თქმულებით, კვირაში ერთხელ, პარასკევ საღამოს იხსნება მათი მიწისქვეშა ქვაბულის კარი, მაღლა ამოდიან და ატყვევებენ ადამიანებს. ასე რომ არ მოიქცნენ, ერთი მათგანი მოკვდება. ქონდრისკაცებს გატაცებული ჰყავთ ნართი ახსართაგი და ვარხაგის უსახელო დის ქმარი, ეპოსში „მზის თანამესუფრედ“ წოდებული. მათ ახსარი გამოიხსნის და ჯუჯების ციური მადანისაგან ქურდალაგონის მიერ გამოჭედილი მახვილით ხოცავს ბHცენთებსა და მათ ბელადს – ყარამაგს.

თქმულებებს ქონდრისკაცებზე კავკასიის ხალხებიდან აფხაზურ-ადიღეური ფოლკლორი იცნობს. ადიღეური გადმოცემების მიხედვით, ოდესღაც დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობდა ჯუჯა ხალხი – ისფები (სფები), რომლებიც კურდღლებზე ამხედრებულნი დადიოდნენ. ისფები თავიანთ კურდღლებთან ერთად სახლობდნენ დოლმენებში – სფუნებში („სფების სახლებში“), რომლებიც მათთვის გოლიათმა ინიჟებმა (დევებმა) ააგეს. ყაბარდოული ვერსიით, ისფები თავიანთ თეთრწვერა ბელადთან ერთად მიუვალ ციხესიმაგრეში ცხოვრობენ და მათგან ნართები ნამგლის კეთებასა და სხვა სიახლეებს სწავლობენ. თუ ოსურ და ადიღეურ ფოლკლორში ჯუჯათა შესახებ გადმოცემებს მხოლოდ ნართულ ეპოსში ვხვდებით, აფხაზური თქმულება ქონდრისკაც აწანებზე წარმოადგენს დამოუკიდებელ და დასრულებულ მითოლოგიურ ძეგლს. აფხაზური ვერსიით, აწანები აფხაზეთის მთიანეთის პირველმოსახლენი არიან, ცხოვრობენ მათ მიერ აგებულ ქვის სახლებში, ე. წ. „აწანგვარებში“, რომლის ნაშთები აფხაზეთის თითქმის ყველა ალპურ საძოვარზეა შემორჩენილი. დრო, რომელშიც აწანები ცხოვრობენ, არის მითოსური დრო, „ოქროს ხანა“, როცა ყველაფერი იდილიასაა დამორჩილებული; ცხოვრობენ მშივიდად, არ სცივათ, არ სწყურიათ, არ ჰყავთ მტრები, არც არავის ერჩიან და არც არავინ ერჩით, შრომობენ თავიანთთვის; არიან კარგი მესაქონლეები (ძირითადად წვრილფეხა მესაქონლეობას მისდევენ; ერთი გადმოცემით, სწორედ აწანებმა გამოიყვანეს თხის საუკეთესო ჯიში) და მონადირეები. ისინი არ იცნობენ მიწათმოქმედებას (იშვიათი ვარიანტით, მოჰყავთ პურეული), არ იციან რა არის ხე-ხილი, ცეცხლი (ხორცს უმად ჭამენ), არიან ამპარტავნები, არ აღიარებენ ღმერთს, რისი მიზეზითაც იხოცებიან კიდეც. ნართული ეპოსის მიხედვით, აფხაზი და ადიღეელი ჯუჯები ნართების თანამედროვენი არიან, მეგობრობენ და მოყვრობენ მათთან (ადიღეელი ნართი ხიმიში და აფხაზი ნართი კუნი ქონდრისკაცთა ასულებზე ქორწინდებიან).

ბევრი რამ აკავშირებთ კავკასიელ ქონდრისკაცებს ევროპელ თანამოძმეებთან, განსაკუთრებით გერმანული ფოლკლორის ელფებთან და გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ცვერგებთან. იქაც და აქაც ჯუჯებს აშკარად გამოკვეთილი ხთონური ნიშნები აქვთ. ისინი დაკავშირებულნი არიან მიწისქვეშეთთან (შდრ. ბHცენთები), მთებთან (შდრ. აწანები და ისფები), ლითონთან (შდრ. ბHცენთები), ხელოსნობასთან (შდრ. ბHცენონი – თერძი, აწანი ზილხა – უბადლო მქსოველი; სელექციონერი აწანები), მჭედლობასთან (შდრ. ისფები). ევროპულ ტრადიციაში ქონდრისკაცებს აშკარად გამოხატული ეროტიულობა ახასიათებთ. ისინი იტაცებენ ქალებს და ბავშვებს. „უფროს ედაში“ ალვისი ქორწინდება თორის ქალიშვილზე, ხოლო ფრეია ღამეს ცალ-ცალკე ატარებს იმ ოთხ ქონდრისკაცთან, რომლებმაც მისთვის ყელსაბამი გააკეთეს. ეროტიული ბუნება შეიმჩნევა კავკასიელ ჯუჯებშიც, განსაკუთრებით ბHცენთებში: ხამიცი ბHცენონს ირთავს, როგორც ხთონურ არსებას – ბაყაყს, რომელიც მხოლოდ ღამე, ლოგინში დაწოლის დროისთვის, გადაიქცევა ლამაზ ქალად (ჩანასახის ქმრისთვის გადანერგვის ანუ „მამაკაცის“ დაორსულების უნარიც მის ეროტიულ გრძნეულობაზე მეტყველებს).

თუ ოსურ და აფხაზურ მითოლოგიურ ტრადიციაში ჯუჯები და დევები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ (უმეტესად ასე არიან ევროპელი ქონდრისკაცები), ადიღეელ ისფებს ისინი(ინიჟები) თავიანთ სამსახურში ჰყავთ ჩაყენებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისფები ინიჟებზე ჭკვიანები არიან, და ოპოზიციაში „ბუნება – კულტურა“, უფრო ახლოს კულტურასთან დგანან (ასეთივე ვითარებაა წანების და ბHცენთების, ასევე ევროპელი გნომების შემთხვევაში).

მართალია, ქონდრისკაცებს ქართული ფოლკლორიც იცნობს (შდრ. მეგრული დიხაში კოჩი – „მიწის კაცი“, რომელიც მიწისქვეშ ცხოვრობს და განსაკუთრებული ძალ-ღონით გამოირჩევა), მაგრამ ჯუჯათა შესახებ გადმოცემები აქ ძალზე ზერელე და ფრაგმენტულია (შესაძლოა, იგი ოსებისაგან ან აფხაზურ-ადიღეური სამყაროდან იყოს ნასესხები). კავკასიის ხალხებიდან ჯუჯათა შესახებ გადმოცემებს იცნობენ მხოლოდ ოსები, ჩერქეზები და აფხაზები ანუ ისინი, რომლებიც ნართული ეპოსის ძირითადი მატარებლები არიან, რაც საეჭვოს ხდის ამ მითის ადგილობრივ წარმომავლობას (სხვა მხრივ ძნელია აიხსნას, რატომ არ იცნობენ მას ძირძველი კავკასიელები – ვეინახური და დაღესტნური მოდგმის ხალხები). რამდენადაც ნართული ეპოსის ძირითადი მითოლოგიური ბირთვი აშკარა სიახლოვეს (რიგ შემთხვევაში იდენტურობას) ავლენს გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასთან, რაც სკვითურ-გერმანული ისტორიულად არსებული ინტენსიური კონტაქტებით უნდა აიხსნას, შეიძლება ითქვას, რომ ჯუჯათა შესახებ მითი კავკასიაში ნართული ეპოსის „თავდაპირველი ბირთვის“ შემოტანას უნდა მოჰყოლოდა. ქონდრისკაცთა შესახებ გადმოცემები არის ნართული ეპოსის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ეს „უფრო ედაშია“ მოცემული (რაც შეეხება, ნართული ეპოსის გარდა, აწანების შესახებ დამოუკიდებლად არსებულ აფხაზურ ფოლკლორულ ძეგლს, იგი მოგვიანებით უნდა იყოს შექმნილი, ანუ იმ დროს, როცა აფხაზებმა აწანები გაიაზრეს, როგორც რეალურად არსებული ხალხი – აფხაზეთის ტერიტორიის პირველმოსახლენი, რისთვისაც ბიძგი უნდა მიეცა შემდეგ გარემოებას: რამდენადაც ე. წ. აწანგვარები – ალპური საძოვრების სეზონური სადგომები, წარმოადგენდნენ მცირე არქიტექტურული ფორმის ნაგებობებს, რომლებშიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იცხოვრებდა ჩვეულებრივი ადამიანური ოჯახი, ამ ნაგებობათა გავრცელების ტერიტორიაზე ყუბანისპირეთიდან მოსულმა აფხაზთა წინაპრებმა ისინი მათთვის ნაცნობი ჯუჯების საცხოვრებლად მიიჩნიეს და აქედან გამომდინარე მოცემული ტერიტორიის პირველმოსახლეებად სწორედ აწანები დასახეს).

სახელი ბHცენთა – Быцентæ მრავლობით რიცხვში დგას (тæ ფორმანტი ოსურ ენაში მრავლობითობის მაწარმოებელია); ასე რომ ტერმინის ძირეული ამოსავალია „ბHცენ“ (быцен), რომელიც აშკარა მატერიალურ და სემანტიკურ სიახლოვეს ავლენს აფხაზურ აწან სიტყვასთან („ა“ აფხაზურ ენაში სახელთა ზოგადი ფორმის მაწარმოებელი პრეფიქსია), განსაკუთრებით აფხაზური ენის აბჟუურ დიალექტში ჯუჯების აღსანიშნავად დადასტურებულ „პაწან“ ფორმასთან. აღნიშნული ტერმინების წარმომავლობა უცნობია (დამაჯერებელი არ არის შ. ინალიფას მიერ აფხაზური ენის საფუძველზე შემოთავაზებული ეტიმოლოგია „ბHცენ“ და „წან“ („პაწან“) სიტყვებისა.


ლიტერატურა

  • Нарты. Осетинский героический эпос. Т. I. М., 1990;
  • Сказания о нартах. Пер. Ю. Лебединского. Владикавказ, 2000.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები