ნართა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამი ნართი. ა. ჯანაევი

ნართა (ოს. Нартæ – „ნართები“) – ოსებისა და კავკასიის ხალხების ეპიკურ თქმულებათა გმირები, ოსთა მიერ თავიანთ წინაპრებად მიჩნეული პირველი ადამიანები, რომელთა სახეებში აშკარად იკვეთება სოლარულ, კალენდარულ და სხვა მითებთან დაკავშირებული პერსონაჟების ღვთაებრივი ბუნება. ნართული ეპოსის უძველესი პლასტები სკვითურ-სარმატულ მითოლოგიურ ბირთვს ეყრდნობა და მრავალი გადმოცემა და ისტორიული რეალიები, რომლებსაც ოსურ თქმულებებში ვხვდებით, გასაგები მიზეზების გამო, ეპოსის სხვა ეროვნულ რედაქციებში არ ასახულა.

ოსი ნართები მითოსურ დროში ცხოვრობენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეპოსში დროის ევოლუციის იდეა ქვაზიისტორიულ მითოლოგიაში გადადის (საუასა გვევლინება, როგორც ნართების პირველწინაპარი), ე. ი. მოცემულია დროითი პერსპექტივის ისტორიულად გარდაქმნის ცდა (ასეთივე სურათია წარმოდგენილი „უფროს ედაში“).

ნართები მკვიდრობენ მთის ფერდობზე შეფენილ სოფელში, რომლის სამ – ზემო, შუა და ქვემო, უბანში შესაბამისად სახლობს ნართული საზოგადოების სამი ძირითადი გვარი – ახსართაგათა, ალაგათა და ბორათა; დანარჩენები (მაგალითად, „გარეთა სოფლის“ მკვიდრი აცათას გვარი, რომელსაც პოპულარული ნართი მუსიკოსიაცამაზი ეკუთვნის) განცალკევებით ცხოვრობენ. ნართული სოფლის სტრუქტურული ნაწილია მჭედელთა კვარტალი (куырдты сых), რომელიც ომის დროს ხელშეუხებელი რჩება. მართალია, ნართები ღვთის მორწმუნენი არ არიან და ამის გამო იღუპებიან კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, თაყვანს სცემენ წმინდა მთას – უასქუფს, სადაც სათანა პერიოდულად სამ თაფლიან ღვეზელს (мыдамæст) სწირავს და ლოცულობს.

ნართების სოფელი ის საკრალური სივრცეა, რომლის ხელყოფას ნართი გმირები არავის პატიობენ და რომლის ღერძს (ახის მუნდი), მამოძრავებელ ძალას მათი მთავარი დიასახლისი – სათანა წარმოადგენს. ნართების ძირითადი საქმიანობა ნადირობა და მესაქონლეობაა, მაგრამ მათი შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა ე. წ. ბალცი – ახლო თუ შორეული ყაჩაღური ლაშქრობები, რომელთა მიზანი საქონლისა და ცხენების გამორეკვაა. ისინი ცხოვრობენ ლაღად: ხშირად აწყობენ საერთონართულ სუფრებს, სიამოვნებით მიირთმევენ ლუდსა და რონგს (თაფლის ღვინოს), უყვართ ცეკვა და ბურთის თამაში, ხუმრობენ, კამათობენ, ხლართავენ ინტრიგებს (განსაკუთრებით ნართების ჭირად გაჩენილი სირდონი); ჰყავთ მეგობრები და მტრები (ვაიგები – დევები, ალდარები, მალიქები და სხვ.).

ნართების ნადიმი. მ. თუღანოვი

ზემოაღნიშნული ნართული გვარები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. ახსართაგათებს ახასიათებთ მამაცობა და მეომრული ბუნება (ამ გვარს განეკუთვნებიან ყველაზე სახელოვანი ნართები – სათანა, ურიზმაგი, ხამიცი, სოსლანი, ბათრაძი); ბორათები გამოირჩევიან სიმდიდრით (ჰყავთ მრავალრიცხოვანი საქონელი და ცხენი) და ამპარტავნობით, ალაგათები – გონებით (ფლობენ ცნობილ ნართულ თასსვაცამონგას, რომელიც აშკარად საკულტო დანიშნულებისაა. ამის გათვალისწინებით ჟ. დჲუმეზილი ალაგათებს კულტმსახურებად მოიაზრებს). ეპოსში გვარებსშორისი ურთიერთობები ძალზე წინააღმდეგობრივი ხასიათისაა.

მართალია, ახსართაგათების და ბორათების გაუნელებელი მტრობა ურიზმაგის ვაჟის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ ეს უფრო საბაბს წააგავს, ვიდრე ნამდვილ მიზეზს (როგორც ჩანს, ამ კონფლიქტს ღრმა სოციალური საფუძველი აქვს); გადმოცემები სდუმან იმის თაობაზე, თუ რა მოტივით დაიწყეს ახსართაგათებმა ალაგათების ხოცვა. გასაგებია მხოლოდ ერთი რამ: ალაგათების გვარის უკანასკნელი წარმომადგენლის, თოთრაძის, მკვლელობა, რომელიც აშკარად სათანას დაგეგმილია, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ხდება. არაერთგვაროვანია ნართების დამოკიდებულება ოსთათვის ცნობილ ღვთაებებთან და ზეციურ არსებებთან. ნართები ამ ღვთაებათა მეგობრები და ნათესავებიც კი არიან (მაგ., ძერასა – ურიზმაგის, ხამიცისა და სათანას დედა, დონბეთირის ქალიშვილია, სათანასა და, ზოგი ვარიანტით, სოსლანის მამა ვასთირჯია; ურიზმაგის ვაჟების აღმზრდელებად საფა და ფალვარა გვევლინებიან; ქურდალაგონმა ციურ სამჭედლოში აწრთო სოსლანი და ბათრაძი; სოსლანი დაქორწინებულია მზის ასულზე – აცირუხსზე და ა. შ.), ხშირად იღებენ მათგან დახმარებას, არცთუ იშვიათად სტუმრობენ და იწვევენ თავიანთ ცნობილ ნადიმებზე, თუმცა ეს ხელს არ უშლის ნართ ბათრაძს ბრძოლა გამოუცხადოს ზეცის მკვიდრთ და ხოცოს ისინი. ღმერთთან თავის გამტოლებელი, მარადიული დიდების მაძიებელი ნართები საბოლოოდ უზენაესის ნებით იღუპებიან.


ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Сост. и автор словаря Хамицаева Т. А. Книга 1-7. Владикавказ, 2002-2012;
  • Миллер Вс. Дигорские сказания. Москва. 1902;
  • მისივე, Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. Владикавказ, 2001;
  • Абаев В. И. Нартовский эпос // ИСОНИИ. 1945. Т. X. Вып. I; изд. 2-е. Цхинвали.1982;
  • მისივე, Новое о происхождении термина «Нарт» // ЛО. 1970. № 38 (თანაავტორი ტ. გურიევი);
  • მისივე, Историко-этимологический словарь осетинского язика. Т. I-IV. М.-Л., 1958-1989;
  • მისივე, Избранные труды. В 4-х т. Т. I. Владикавказ, 1990;
  • Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1971;
  • მისივე, Антропонимия осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1982.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები