სირდონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სირდონი. მ. თუღანოვი

სირდონ-ი (ოს. Сырдон) — ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟი, გათაგისა და ძერასას უკანონო ვაჟი (სხვა ვარიანტით, წყალთა განმგებლის ნათარ-უათარისა და სათანას ვაჟი, სოსლანის ძმა). იგი ეპოსის თითქმის ყველა ეპიზოდის უცვლელი მონაწილეა. ნართებში თავისი მდგომარეობით უმდაბლეს საფეხურზე დგას და ხშირად „ბორათების ქავდასარდს“ უწოდებენ. სირდონი სუფრაზე ნართების მსახურია; არის მათი შიკრიკი და გამცილებელი. ყველასთვის უცნობია საიდან მოდის ან საით მიდის; ცხოვრობს მიწისქვეშა საიდუმლო ლაბირინთში; არის მაქცია (შეუძლია გარდაიქმნას ოქროდ, ძველ ქუდად, მოხუცად, ახალგაზრდა ქალად და დედაბრად) და ცნობისმოყვარე; იცის ყველაფერი, რაც ხდება ან რაც უნდა მოხდეს. ნართები ხშირად უსმენენ მის რჩევებს, მაგრამ ბოლომდე არასოდეს ენდობიან, რადგან „ნართების ჭირად არის გაჩენილი“ [ეპოსში იგი „ნართების ბოროტ გენიად“ (нарты фыдбылыз) იწოდება]. თავისი ხასიათით ცბიერი და „გესლიანი ენის“ (маргæвзаг) პატრონი სირდონი ყველგან უთანახმოებასა და მტრობას ნერგავს; არის ნართებში გათამაშებული თითქმის ყველა ინტრიგის წამომწყები ან მონაწილე. ნართების საზოგადოების უბედურებაში, დაწყებული ურუზმაგის შვილის მკვლელობიდან, რაც ახსართაგათებისა და ბორათების დაუსრულებელი ომის მიზეზი გახდა, და დამთავრებული სოსლანის, ბათრაძისა და საბოლოოდ ნართების დაღუპვით, ლომის წილი სწორედ სირდონზე მოდის.

მართალია, სირდონი კულტურული გმირის ნეგატიურ სახეს წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად კულტურული გმირის თვისებებსაც ავლენს; ტრაგედიამ, რომელიც სირდონს შვილების მკვლელობით დაატყდა თავს, იგი კულტურულ გმირად აქცია: შექმნა თორმეტსიმიანი ფანდირი (არფა), რომელიც მან ნართებს უსახსოვრა; ნართებისთვის მოიპოვა ცეცხლიც. ჟ. დიუმეზილი სირდონის პერსონაჟს – ლოკთან, ხოლო ა. კრისტოლი ოდისევსთან აკავშირებს.

სახელი Сырдон მიღებულია ოსურში „ცხოველის“, „ნადირის“ აღმნიშვნელ сырд სიტყვაზე პატრონიმიული -он ფორმანტის დართვით. სირდონის პერსონაჟი ცნობილია ასევე ნართული ეპოსის ყაბარდოული (Šərtan), ბალყარული (Šərdan, Širdan) და ინგუშური (Širtta, Šertuqo) ვერსიებიდან.


ლიტერატურა

  • Сказания о нартах. Пер. Ю. Лебединского. Владикавказ, 2000;
  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. III. Л., 1979;
  • Калоев Б. А. Сырдон // Мифы народов мира. Т. 2. М., 1982;
  • Кристоль А. Сырдон и Одиссей // Эпос и мифология осетин и мировая культура. Владикавказ, 2003;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012;
  • Таказов Ф. М. Архетипы культурного героя в осетинской мифологии // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები