ლაბირინთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეზევსი და მინოტავროსი.
მოზაიკა, ძველი რომი

ლაბირინთი(ბერძნ.) ძველად ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ ყველა იმ ურთულეს ნაგებობას, რომელსაც მრავალი კარი ჰქონდა და ამის გამო ძნელდებოდა შენობიდან გარეთ გამოსვლა.

ძველი ავტორები ოთხ ლაბირინთს გვისახელებენ:

  • კრეტისას, რომელიც დედალოსს აუგია მინოტავროსისათვის.
  • ეგვიპტისას, რომელიც ჰეროდოტოსის გადმოცემით, ფაიუმის ოაზისში მდებარეობდა და დაახლოებით სამი ათას ოთახს ითვლიდა.
  • სამოსისას, რომელიც ტირან პოლიკრატესის ბრძანებით აუშენებიათ და იტალიისას, რომელიც ეტრუსკთა მეფე პორსენას სამაროვანი უნდა ყოფილიყო.

არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ მითებს ლაბირინთებზე ისტორიული საფუძველი უნდა გააჩნდეთ. ასე მაგალითად, დედალოსის მიერ მინოტავროსისათვის აგებულ მითოსში აისახა წარმოდგენები კნოსოსის იმ დიდებულ სასახლეზე, რომელიც მის მხილველთ აოცებდა თავისი გრანდიოზულობითა და მრავალფეროვნებით.

მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ცნება „ლაბირინთი“ (ბერძნულად – „ლაბირინთოს“) უნდა წარმოდგებოდეს სიტყვიდან „ლაბრის“, რაც ორპირ ცულს აღნიშნავს და რომლის გამოსახულებაც ესოდენ ხშირად გვხვდება კრეტის სასახლის კედლებზე. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ეს ცნება დაკავშირებული უნდა იყოს ეგვიპტის მეფის ამენემხეტ III საუფლო სახელთან. ვარაუდობენ, რომ სწორედ მისი ბრძანებით აიგო ეგვიპტის ლაბირინთი.

ეს ცნება დამკვიდრდა თანამედროვე მეტყველებაში და აღნიშნავს არა მხოლოდ დახლართულ ნაგებობას, არამედ დახლართულ მდგომარეობასაც, ურთიერთობებსაც, მსჯელობასაც და ა.შ. საიდანაც ერთობ რთულია გამოსავლის პოვნა.


იხილე აგრეთვე

ეგვიპტის ლაბირინთი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები