ქურდალაგონი
ქურდალაგონ-ი (ოს. Куырдалæгон) — ციური მჭედელი, მჭედლებისა და სამჭედლო საქმის მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში.
მართალია, ქურდალაგონის სახელობის პერსონალური სამლოცველო ოსებს არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ მჭედლები მას ყოველწლიურად სწირავდნენ ცხვარს და თავიანთ საქმიანობაში ხელშეწყობას შესთხოვდნენ. ითვლებოდა, რომ ქურდალაგონის რისხვა თავს დაატყდებოდა იმათ, ვინც საზოგადოებრივი ლოცვებისა თუ მიცვალებულის მოსახსენებელი აღაპების დროს მის სადიდებელსა და მჭედლების სადღეგრძელოს არ იტყოდა და ამ უკანასკნელს სპეციალურ ულუფას არ გამოუყოფდა.
ქურდალაგონი ნართული ეპოსის პოპულარული პერსონაჟია. იგი ციური ფოლადისაგან („ფათიგი“) ნართებს იარაღ-საჭურველსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს უმზადებს, უმრთელებს ბრძოლაში დაზიანებულ თავის ქალებს. მან აწრთო სახელოვანი ნართები – სოსლანი და ბათრაძი და ნართებს პირველი გუთანიც გაუკეთა. ერთი სიტყვით, ქურდალაგონი სხვა დაუჯითებთან (ზეციურებთან) ერთად ნართების მეგობარი, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელია; არის ცნობილი ნართული ნადიმების ხშირი მონაწილე. ციური მჭედელი მიცვალებულთა შემწედაც გვევლინება. „სულის ცხენის“ დაკურთხების დროს ბახფალდისაგი მიცვალებულს ურჩევდა, საიქიოში მიმავალ გზაზე პირველად ქურდალაგონთან შეევლო: მჭედელი მას ცხენისთვის ფოლადის ნალებს, ძვირფას ლაგამს და სხვა აღკაზმულობას დაუმზადებდა.
ქურდალაგონი, ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის აინარ იჟთან და ადიღეური გადმოცემების თლეფშთან ერთად, მსოფლიო ფოლკლორის ისეთი დიდი მჭედლების გვერდით დგას, როგორებიც არიან „კალევალას“ ილმარინენი, ბერძნული და რომაული მითოლოგიის ჰეფესტო და ვულკანი.
ვ. აბაევის მიხედვით, Куырдалæгон სახელის ძველი ფორმაა Куырд-алæ-уæрг-он, სადაც куырд „მჭედელს“ ნიშნავს, алæ (← ариа) „ალანელს“, მესამე – уæрг „მგელს“ (он სუფიქსია). ამდენად, ტერმინი იშიფრება შემდეგნაირად: „ალანელი მჭედელი ვარგონი" (მეცნიერის ლინგვისტური დაკვირვებით, уæрг-он იგივეა, რაც ლათინური Vulc-anus).
ლიტერატურა
- Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
- Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
- Чибиров Л. А. Пантеон // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.